მაღაზია-ბარი “საამური” თბილისში, მულტიფუნქციურ სივრცე “ფაბრიკაში” სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და იგი მომხმარებელს ღვინისა და სხვა ბუნებრივი სასმელების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თუმცა “საამურის” კონცეფცია ბარის ჩარჩოებს ცდება და ისეთ სივრცეს გულისხმობს, სადაც ნებისმიერ სტუმარს, გარდა ბუნებრივი სასმელების დაგემოვნებისა, სხვადასხვა კონცეპტუალური ნივთების, მეღვინეობის თემატიკაზე შექმნილი წიგნების დათვალიერება და შეძენა შეეძლება. თავად სასმელებზე მაღაზია-ბარის სახელწოდებაც მეტყველებს, რაც როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების ბუნებრივი ღვინის მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს უსვამს ხაზს.
“საამურში” წარმოდგენილ ბუნებრივ ღვინოებს შორის ერთ-ერთია სიცილიური წარმოების ღვინო - Vinno Di Anna, რომლის ვენახებიც ევროპაში მდებარე ყველაზე მაღალ და აქტიურ ვულკანთან, ეტნას მთასთანაა გაშენებული. სწორედ ამ ვულკანურ დასახლებაში მოდის იტალიური ვაზის განთქმული ჯიში Nerrello Mascalese. Vinno Di Anna უკვე ათ წელზე მეტია, რაც 40-60 წლის წინ გაშენებული ვენახისგან ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, რომელთა შორისაცაა ქართული მეთოდით დაყენებული Vinno Di Anna Don Alfio Qvevri. ქვევრში დაყენებული წითელი მშრალი ღვინო, მინიმალური ჩარევით, მხოლოდ ბუნებრივი საფუარის გამოყენებით მზადდება, რის გამოც მისი გემოვნური თვისებები კიდევ უფრო განსაკუთრებულია.
საფრანგეთში, მდინარე ლუართან გაშენებული ვენახის, Domaine Breton-ის ისტორია 1886 წლიდან იწყება და დღეს უკვე ბრეტონების ოჯახის მეხუთე თაობა აგრძელებს ფრანგული ღვინოების - ბურგუელისა და ჩინონის წარმოებას. 1990 წლიდან კი Domaine Breton-ი ორგანული და ბიოდინამიკური აგროკულტურის ფილოსოფიას უწევს პოპულარიზაციას და ისეთ ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, რომელიც 100%-ით სუფთა ყურძნისგან ყველანაირი ქიმიური დანამატის გარეშე მზადდება. წითელი მშრალი ღვინო La Dilettante კეტრინ და პიერ ბრეტონის ერთობლივი პროექტია, რომლის წარმოებაც მათ 2013 წელს დაიწყეს. ღვინო ფრანგული მეთოდით კარბონული მაცერაციით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის მთლიანი მტევნები დანაწევრების გარეშე თავსდება ჭურჭელში. კაბერნე ფრანსის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო La Dilettante მისი ცოცხალი და პიკანტური გემოთია გამორჩეული.
მაღაზია-ბარ “საამურში” ისეთ ფრანგულ ღვინოსაც აღმოაჩენთ, რომელსაც ესპანურ ნიადაგზე მოყვანილი ყურძნის გემოვნური თავისებურებებიც ახასიათებს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მდებარე მეღვინეობის ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონში, რუსოლინში მეღვინე ბრუნო დუშენი სამი სახეობის ღვინოს ამზადებს, რომელთა შორისაცაა წითელი მშრალი ბუნებრივი ღვინო La Luna. ხილის ნოტებითა და არომატით გაჯერებული ბუნებრივი სასმელი ბოთლის ვინტაჟური ეტიკეტითაც გამორჩეულია, რომელიც ფრანგული და ესპანური გემოების სინთეზის პარალელია.
მაღაზია-ბარის - “საამურის” სასმელების სიაში ქართველი მეღვინის, არჩილ გუნიავას ბუნებრივ თეთრ მშრალ ღვინოს - “კრახუნასაც” იპოვით, რომელსაც ზესტაფონში მდებარე სოფელ კვალითში ამზადებს. მემკვიდრეობით გადმოცემულ მარანში მეღვინე არჩილ გუნიავა იმერული ჯიშის სხვადასხვა ყურძნისგან, მათ შორის ფაქტობრივად გადაშენების პირას მყოფი დონდღლაბისა და მგალობლიშვილისგან, ბუნებრივ ღვინოს ქვევრში ამზადებს. არჩილ გუნიავამ პირველი წარმოება 2010 წელს დაიწყო და მას შემდეგ მისი ღვინოები ევროპასა და ამერიკაში სხვადასხვა სპეციალიზებულ ბარებსა და მაღაზიებშია წარმოდგენილი. მეღვინე 1,5 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში მძიმე ტექნიკას არ იყენებს, არამედ ხელით მუშაობს და ვაზს მხოლოდ ბიოპრეპარატებით უვლის. არაინდუსტრიული წარმოების ღვინოებს შორისაა “კრახუნაც”, რომელიც ქვევრში 9 თვის განმავლობაში მზადდება.
“სამთავისის მარანი” ერთ-ერთია იმ ქართული ღვინის მწარმოებლებს შორის, რომელიც ბუნებრივ ღვინოს 2014 წლიდან ამზადებს. მათი ტექნოლოგიაც ძირითადად ქვევრში დაყენებულ სასმელს გულისხმობს, რომელსაც არანაირი ხელოვნური დანამატი არ ემატება. ადგილობრივი ბაზრის გარდა, “სამთავისის მარნის” ღვინოს შვიდ სხვადასხვა ქვეყანაშიც აღმოაჩენთ. ციტრუსის არომატით გაჯერებული “სამთავისის მარნის” ჩინური “საამურშიც” შეგხვდებათ, რომელიც ქართლში გაშენებული ვენახებიდან მიღებული მოსავლითაა დამზადებული. ქვევრში დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო მისი დახვეწილი გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულია, რომელსაც ჩირისა და თეთრი ხილის ნოტები დაჰკრავს.
დღეიდან მაღაზია-ბარის, “საამურის” სივრცის დათვალიერება, ბუნებრივი ღვინის დაგემოვნება თუ სხვა საინტერესო, კონცეპტუალური ნივთების შეძენა ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი