მუნჟის ილუსტრაციები ოკეანის იმ ტალღებს ჰგავს, რომელიც ჩვენს გონებაში ილექება. კვენტინი საფრანგეთის სამხრეთით, ზღვისპირა ქალაქში გაიზარდა. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ფიგურების, გაშლილი სივრცის და ამ სივრცეში სეირნობისადმი სიყვარული.
“როდესაც ჩემს ძაღლთან ერთად ვსეირნობ, ყოველთვის ვაკვირდები ადამიანებს, უბრალოდ, ყველანაირი ფიქრის გარეშე. სწორედ ამ დროს იბადება უამრავი იდეა. ჩემთვის ამაზე საინტერესო პროცესი არ არსებობს. ამ დროს ვგრძნობ, რომ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება, ერთმანეთთან მუდმივ კავშირშია”. - ამბობს ხელოვანი.
მუნჟი ხშირად აღნიშნავს, რომ ილუსტრაციები მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის ფიქრებს აერთიანებს. ბავშვობის წარმოდგენებს, აწმყოს განცდას და მომავლის იდეებს. მუშაობისას კვენტინი ყოველთვის პასტელურ ფერებს იყენებს, მისთვის ასეთი ტონალობის ფერები თბილ ემოციებთან, ზღვისპირა ქალაქთან და ადამიანების ყველაზე ნამდვილ განცდებთან ასოცირდება. კვენტინმა მოახერხა დაეჭირა ზღვისპირა ქალაქების ის აურა, რომელიც ყველას იზიდავს. მზით გაჟღენთილი დღეები, ზღვის სუნი გარუჯულ კანზე, გრძელი ღამეები და ნათელი ფერები ისაა, რასაც მის ილუსტრაციებში ყველაზე ხშირად შეხვდებით.
მუნჟის ილუსტრაციები 60-70-იანი წლების მუხტს და ენერგიას ატარებს. ნამუშევრებს იშვიათად აქვს რეალური ვიზუალი, მაგრამ სილუეტები, სივრცეები და ემოციები ყოველთვის ბუნებრივია. კვენტინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩრდილებს, ლანდშაფტებსა და თავისუფალ სივრცეებს. მისთვის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია მუსიკა, არტისტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება მუსიკალური ალბომებისთვის პოსტერის შექმნაა. განსაკუთრებით მოსწონს ჯაზი და ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდება.
„ჯაზის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. იმპროვიზაცია ყველაზე დიდი თავისუფლებაა ჩვენი გონებისთვის. ამბები, რომელსაც ასეთი კომპოზიციებიდან ვისმენ, ახალი იდეებით მავსებს. ეს ყველაფერი ჩემთვის სიმარტივის გენიალურობაა. საოცარია, როგორ შეიძლება პატარა იდეიდან და სულ რამდენიმე ნოტიდან უნიკალური კომპოზიცია შეიქმნას. სწორედ ეს არის ნამდვილი გამოწვევა, რომელიც მუდმივად გონებაში ანათებს და გაჩერების საშუალებას არ მაძლევს”.
დღეს, როდესაც ვიზუალური სამყარო გრაფიკულმა ილუსტრაციებმა დაიპყრო, თითქოს ამ სივრცეში ახალი არაფერია და ყველაფერი უკვე ნანახის გამეორებაა. მუნჟმა მოახერხა ეპოვა ოქროს კვეთა ნამდვილ ემოციებსა და ციფრულ სამყაროს შორის. ეს არის რეტრო სტილისა და თანამედროვე ხედვის იდეალური კომბინაცია.
როდესაც ინტერნეტსივრცეში მუნჟის ნამუშევრების ძიებას დაიწყებთ, აუცილებლად აღმოჩენთ ერთ საოცარ ფაქტს. კვენტინის ილუსტრაციები ადამიანების ყოველდღიურობაში აქტიურად არსებობს. ოთახის ინტერიერი, მაისურები, ტელეფონის ჩასადები, ჩანთები და ამგვარი ყოფითი საგნები მისი პოსტერების სახით სწრაფად და ბუნებრივად ვრცელდება, როგორც ჩანს, ყოველდღიურობაში ასე გამოხატული ემოციები ადამიანებს აერთიანებს, გონებას კი ახალი ენერგიით და სამხრეთ საფრანგეთის სანაპიროსთვის დამახასიათებელი ბრიზით ავსებს.
დაწერე კომენტარი