ქლოი ჟაოს “Nomadland” ჩინელი რეჟისორის ჰოლივუდური წარმატებაა, რამაც მას 2021 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოუტანა. ფილმი ქლოისთვის დამახასიათებელი რეალურობითა და სინაზით გადმოსცემს ამერიკელი ხალხის ცხოვრებას. “Nomadland” მრავალფეროვანი ისტორიებითა და ადამიანებითაა სავსე. ორ საათზე ნაკლებ დროში რეჟისორმა ფილმში ჩაატია როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ნაწილი და მოგვიყვა ისტორია ამერიკელი მომთაბარე ქალის შესახებ.
ფილმი ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული, რომელიც აღწერს დიდი რეცესიის შემდგომ პერიოდს, როცა კრიზისის გამო ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მომთაბარეობა ცხოვრების ახალ სტილად იქცა. ქლოიმ შეძლო დანგრეული ოჯახების, უმუშევრობის, სოციალური და სხვა პრობლემების ერთ ფილმში გაერთიანება. სიუჟეტი მოიცავს ამერიკელების გრძელ სამუშაო დღეებს ამაზონის საწყობიდან ნაციონალურ პარკებამდე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას მიზერული ანაზღაურებით. თითქოს თავისუფლებისა და ბუნებასთან სიახლოვის მოყვარულებს მაინც დაჰკრავთ სასოწარკვეთილებისა და უთანასწორობის ელფერი.
ფილმი ვითარდება ფერნის, ფრანსის მაკრომანდის გმირის გარშემო, რომელიც ცხოვრობს Empire-ში, დიდი კომპანიის გარშემო შექმნილ ქალაქში, იქ, სადაც მისი ქმარი - ბო მუშაობდა, თუმცა ქმრის გარდაცვალებისა და კომპანიის დახურვის შემდეგ ფერნი დაადგება მომთაბარე ცხოვრების გზას ძველი ფურგონით, რომელსაც აქცევს თავის სახლად, სახელად კი ვანგარდს დაარქმევს. ფერნი ვანგარდით შეუერთდება მოძრავ ტომს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს შიგნით მოგზაური ამერიკელების სუბკულტურაა.
ჟაო ცდილობს გააქარწყლოს სოციალური კრიტიკა და ყურადღებას ამახვილებს მომთაბარეთა ბუნდოვანი ცხოვრების დეტალებსა და მათ პიროვნულ თვისებებზე. მაკდრომანდისა და რამდენიმე სხვა მსახიობის გარდა ფილმში ყველა თავის თავს თამაშობს და სწორედ ეს აქცევს მას ნაწილობრივ დოკუმენტურს. ჩვენ, მაყურებელი ფერნთან ერთად ვისმენთ ამ თავბრუდამხვევი ცხოვრების რეალურ ისტორიებს და არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ მშვიდად დავსხდეთ და გავიგოთ მათი მწუხარებით ან უცნაურობით სავსე მოგონებები.
რეჟისორი მეგობრობისა და მარტოობის უხილავ ძაფებს ავლებს მაყურებლის თვალწინ და ამავდროულად, არ კარგავს მისთვის დამახასიათებელ ხელწერას - ადამიანის ემოციებისა და ბუნების ურთიერთქმედებას, როგორ აშიშვლებს პერსონაჟს ქარი, სინათლე და უდაბნოს თვალუწვდენელი ჰორიზონტი.
“Nomadland-ის” ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს არსად გეჩქარებათ და მიჰყვებით დინებასა და ფერნის გრძელ დღეებს. ფილმის ყურების დროს თითქოს დამკვირვებლის როლს ვირგებთ, მაშინ როცა სიუჟეტი ჩვენგან არც განსჯას მოითხოვს და არც მოვლენათა ახსნა განმარტებას.
ფილმის ყურებისას აღმოვაჩენთ, რომ ფერნს და ჰყავს, რომელიც მას ყველაზე მამაც და გულწრფელ ადამიანად მოიხსენიებს და ეს თითქოს არა მხოლოდ პერსონაჟს, არამედ თავად მსახიობსაც კი მიესადაგება. მაკდორმანდი თავის როლს საოცარი სიცხადითა და სინამდვილით ასრულებს, შეიძლება გასაოცარი ტექნიკა ვერ დავინახოთ მის თამაშში, მაგრამ ის მხატვრული ფილმის რეალურობას გვანახვებს, რადგან ჩვენთან ერთად უსმენს რეალური ადამიანების ისტორიებს ამერიკის უსასრულოდ გაწელილ გზებზე გატარებული ცხოვრებიდან.
ფილმში ფერნთან ერთად კიდევ ერთი პერსონაჟი ჩნდება - დეივი, რომელიც ჩანს, ფერნის გულის მოგებას ცდილობს და მაყურებელს გვიტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს სურათი მორიგი ამერიკული ბედნიერი დასასრულით უნდა დამთავრდეს, მაგრამ ფერნი უხვევს ამ ტიპური გზიდანაც. მიუხედავად მისი სიმპათიებისა დეივის მიმართ, ის მაინც მარტოსულ ცხოვრებას არჩევს ბუნებასა და მუდმივ მოგზაურობაში.
ფერნს და მის მეგობრებს აერთიანებთ როგორც დიდი დანაკარგი, ისე თავგადასავლების მოყვარული სული. ისტორიების უმეტესობა, რომლებსაც ვისმენთ, მათი მწუხარებითაა გაჟღენთილი. რთულია ის მწუხარება, გაოცება და თანაგრნობა გამოხატო, რასაც მათ გვერდში გრძნობ ფერნის გადმოსახედიდან. ეს ჰგავს ახალი ქვეყნის აღმოჩენას, რომლის სანახავადაც წასვლა რამდენჯერმე ღირს.
ჟაო მთელი თავისი დიდებულებით გადმოსცემს მომთაბარეთა ცხოვრების ისტორიებს და ცდილობს დაგვანახვოს, რომ გაჭირვებასა და გულისტკივილთან ერთად ამგვარი ცხოვრების წესში არის სიმშვიდე და, გარკვეულწილად, ეიფორიაც - სადაც საკუთრების გარეშე თავიდან შეგიძლია იპოვო მარკ ტვენისა და ემერსონისეული ამერიკული თავისუფლება.
დაწერე კომენტარი