T1000A ორი ქართველი ხელოვანის - თინა სირაძისა და ათუ გელოვანის მიერ 2020 წელს დაფუძნებული ექსპერიმენტული ტანსაცმლის ბრენდია, რომლის კონცეფციაც უკვე არსებული სამოსის დეკონსტრუქცია და შემდეგ ამ მასალით ახალი დიზაინის შექმნაა. მნიშვნელოვანია ისიც, ტანსაცმელი რომელიც როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში იწარმოება, ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი იქმნება. T1000A მომხმარებელს უცხო და გამორჩეული ესთეტიკის მქონე უნისექს სამოსს სთავაზობს, ეკოლოგიაზე ზრუნავს  და არასრულყოფილების მშვენიერებას უსვამს ხაზს. 

რაც შეეხება ბრენდის დამფუძნებლებს, ათუ გელოვანიც და თინა სირაძეც უკვე 4 წელია გერმანიაში ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დაამთავრა, ათუმ ჰამბურგში დაიწყო პროდუქტის დიზაინის შესწავლა. პარალელურად ის მრავალ ექსპერიმენტულ თუ კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობს, რომლებიც ხელოვნების, მოდის, ვიდეო თუ ფოტოგრაფიის სფეროებს მოიცავს. 2018 წელს ათუმ  სამკაულის ბრენდი READYMADEAG დააფუძნა, რომელიც T1000A-ს მსგავსად, უნისექს აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს. თინა სირაძე ბერლინში სკულპტურის ფაკულტეტზე სწავლობს.  ძირითადი მედიუმი, რომელშიც ხელოვანი მუშაობას არჩევს, სწორედ სკულპტურა და ინსტალაციებია, ექსპერიმენტული პროექტები, რომლებიც ციფრული კოლაჟებისაგან შედგება.  ნამუშევრებში, რომლებსაც თაბაშირით, მარმარილოთი, ხით თუ სხვა მზა მასალით ასრულებს, სხვადასხვა საინტერესო თემას ეხება, რომლებიც მეცნიერებიდან, ლიტერატურიდან, არქიტექტურიდან თუ ფილოსოფიიდანაა წამოჭრილი. 

ჟურნალი Hammock  გთავაზობთ ინტერვიუს ათუსთან და თინასთან, რომლებიც ბრენდის შექმნის იდეის, სამომავლო გეგმების, მისი კონცეფციისა და იმ ძირითადი მესიჯების შესახებ გვესაუბრნენ, რომელთა გავრცელებაც თავიანთი ახალი ბრენდის მეშვეობით სურთ. 



მოგვიყევით,  რა იყო პირველი ბიძგი, რამაც მოგანდომათ ამ სფეროში გეთანამშრომლათ და როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა?

თინა: ასე კონკრეტული მომენტის გახსენება რთულია,  რადგან  ამ სფეროში კოლაბორაცია ყოველთვის გვინდოდა და მთელი ჩვენი მეგობრობის განმავლობაში ამ იდეების გაზიარება და შეგროვება მიმდინარეობდა. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ორ წელზე მეტია გერმანიაში, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ, საბოლოოდ ალბათ ყველაზე დიდი ბიძგი ის იყო, რომ დიდი ხნის შემდეგ თბილისში აღმოვჩნდით და ამ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა. რამდენიმე დღეში მოვუყარეთ თავი ძალიან ბევრ ტანსაცმელს, რისგანაც ავაწყვეთ პირველი ექსპერიმენტული კოლექცია და საბოლოოდ  ერთად მუშაობის სასიამოვნო პროცესმა და feedback-მა განაპირობა T1000A-ს, როგორც ბრენდის ჩამოყალიბება.



რა ან ვინ ხდება ხოლმე სამოსის დიზაინის შექმნის პროცესში თქვენი შთაგონების წყარო?

ათუ: ძირითადად ერთმანეთი და ადამიანები ჩვენ გარშემო. შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ინტერესები სხვადასხვა სფეროში, არსებული მოვლენები და ა.შ.



რა კონცეფციისა და ბექგრაუნდის მატარებელია T1000A, როგორ აღუწერდით ადამიანებს თქვენს ბრენდს?

თინა: T1000A  ექსპერიმენტული  უნისექს ტანსაცმლის ხაზია, რომლის კონცეფციაც უკვე არსებული ტანსაცმლის დეკონსტრუქცია და შემდეგ ამ არსებული მასალით ახალი დიზაინის შექმნაა. ვფიქრობთ, რომ ახალ შექმნილ დიზაინში გამოყენებული ფერებით, ფორმებით, უხეშად გადაკერებული ლეიერებით და ზოგადად, სილუეტებით, რაღაცნაირად ჩვენს ისტორიებს ვყვებით.



გვიამბეთ იმ მესიჯების შესახებ, რომელთა ხაზგასმა და გავრცელებაც თქვენ მიერ შექმნილი ბრენდის საშუალებით გსურთ.

ათუ: პირველ რიგში ის, რომ ჩვენი ბრენდი უნისექსია და არ გააჩნია გენდერი, განკუთვნილია ყველასთვის. შემდეგ ალბათ ის, რომ კომერციული არ არის და ყველაფერი ექსკლუზიურად ერთია, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ორიენტირებულები ვიყოთ უკვე არსებული მატერიის განმეორებით, მეორეულ გამოყენებაზე და, ასე ვთქვათ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ დღევანდელი მოდის ინდუსტრიაში  და ეკოლოგიაზე ზრუნვასაც შევუწყოთ ხელი.



როგორ ფიქრობთ, რითაა თქვენეული ხელწერა განსხვავებული და სახასიათო, რა არის ის, რაც T1000A-ს სხვა ბრენდებისაგან გამოარჩევს?

თინა: პირველი კოლექციის კეთების პროცესში ძალიან ბევრი ისეთი დეტალი და ფორმა აღმოვაჩინეთ, რაც  ჩვენი ბრენდის სავიზიტო ბარათად იქცა და რის გამოყენებასაც სხვა კოლექციებშიც აუცილებლად ვგეგმავთ.



როგორ ფიქრობთ, რა გახდება თქვენი წარმატების საიდუმლო, რითაც შეძლებთ, უკან არ დაიხიოთ და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ?

თინა: ალბათ ის გულწრფელი ბავშვური აღტაცება, რომელიც ყოველთვის თან დაჰყვება ჩვენი ერთობლივი მუშაობის მთლიან პროცესს.



და ბოლოს, ამჟამად თუ მუშაობთ ახალ კოლექციაზე და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


ათუ: პრინციპში, სულ მუშაობის და ხედვების ჩამოყალიბების პროცესში ვართ. პანდემიის გამო ცოტა რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ, თუმცა მოტივაცია და ძალიან ბევრი გეგმა ახალი კოლექციებისა და მესიჯების შესახებ ნამდვილად გვაქვს. ამჟამად ვაპირებთ პატარა  კოლექციის გამოშვებას.