დილით სუფთა ჰაერზე მცირეხნიანი გასეირნებაც კი შეიძლება მთელი დღის მოტივაციის მომცემი გახდეს. დღის ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ისეთი გარემო და განწყობა შევიქმნათ, რომელიც დატვირთული გრაფიკის სწორად და ენერგიულად მართვაში დაგვეხმარება. დილის ვარჯიში გარდა იმისა, რომ ჩვენი ორგანიზმის გამოღვიძებას, ჯანმრთელ ფუნქციონირებასა და დადებითად დამუხტვას უწყობს ხელს, იმ სარგებელსაც გულისხმობს, რომელიც ახალი ენერგიითა და შთაგონებით გვავსებს. ბუნება და ვარჯიში კი იმ ორ კონცეპტს აერთიანებს, რომელიც დაძაბულობის მოხსნასა და საკუთარი სხეულისა თუ ხასიათის სტიმულაციას უწყობს ხელს. ცივი სეზონის შემდეგ, როდესაც ნებისმიერ ორგანიზმს გარკვეული რაოდენობის D ვიტამინი აკლია, გაზაფხულის დილას მზის სხივებით სხეულის დამუხტვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, Hammock Magazine დილის კონცეპტთან ერთად თბილისში არსებულ იმ გარე სივრცეებს გთავაზობთ, რომელიც დილით ნებისმიერი ტიპის ვარჯიშისა თუ მედიტაციისთვისაა შესაფერისი.
ლისის ტბა
ლისის ტბაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან და პოპულარულ რეკრეაციულ ზონად ითვლება, დილით სრული სიმშვიდე დაგხვდებათ. სიმწვანეში, ტბის პირას მედიტაცია განწყობის ამაღლებისა და დადებითი ენერგიით დამუხტვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ხოლო მათ, ვინც უპირატესობას დილით სირბილსა და კარდიოვარჯიშებს ანიჭებს, ტბის გარშემო არსებული საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკებით შეუძლიათ სარგებლობა.
კუს ტბა
კუს ტბა ერთ-ერთია თბილისში არსებულ იმ გამწვანებულ ტერიტორიებს შორის, სადაც დილით ვარჯიში გავრცელებული პრაქტიკაა. ტბის ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკი, სპორტული მოედნები თუ სავარჯიშო კომპლექსი ყველაფერთან ერთად მრავალფეროვანი ვარჯიშის შესაძლებლობას ქმნის. გაზაფხულის მზიანი დღეების მოახლოებასთან ერთად კი, როდესაც ბუნება იღვიძებს და გარემოც უფრო ფერადი ხდება, კუს ტბაზე ვარჯიში თქვენი დილის რუტინას დადებითი ემოციებით აავსებს.
მზიური
ქალაქის ცენტრში არსებული მზიურის პარკი, რომელიც ცოტა ხნის წინ სრულიად განახლდა, დილით ხმაურისა და სტრესისგან თავის არიდებისა და ბუნებაში მშვიდად ვარჯიშისთვის ნამდვილად შესაფერისი ადგილია. პარკი ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანზეა მორგებული, სადაც როგორც დილის გამამხნევებელი კარდიოვარჯიშების, ისე მედიტაციისა თუ სკეიტბორდინგის მოყვარული იპოვის თავის ადგილს.
ექსპო ჯორჯია
წერეთლის გამზირზე მდებარე საგამოფენო ცენტრის, “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე არსებული პარკი, რომელიც მრავალი სახეობის მცენარითა და სხვადასხვა სახის გამწვანებითაა გამორჩეული, დილის ვარჯიშებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ზამთრის ცივი დღეების შემდეგ გაზაფხულის მზიან ამინდში დილით “ექსპო ჯორჯიას” ბაღში ვარჯიში D ვიტამინით, ახალი ენერგიითა და მოტივაციით დამუხტვაში დაგეხმარებათ.
დედაენის ბაღი
თბილისის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის დედაენის ბაღი დილით სავარჯიშოდ ნამდვილად შესაფერისი სივრცეა. სიმწვანეში ჩაფლულ ბაღში სასეირნო ბილიკების გარდა არქიტექტორ დავით გიორგაძის მიერ ახლად აშენებული სკეიტპარკიც დაგხვდებათ, რომელიც თქვენი დილის რუტინის მრავალფეროვანი ნაწილიც შეიძლება გახდეს.
დიღმის ტყე-პარკი
დიღმის ტყე-პარკი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული გამწვანებული ადგილია, სადაც 7000-მდე სახეობის მცენარეს აღმოაჩენთ. მათგან უმეტესობა საქართველოს “წითელ წიგნშია” შეტანილი და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს. აქ დილით ვარჯიშისას ისეთ უნიკალურ ფიჭვებსა თუ მუხებს შეხვდებით, რომლებიც უკვე 150 წელს არიან გადაცილებულნი. მსგავსი მრავალფეროვანი ბუნების მქონე პარკში დილით ვარჯიში ორგანიზმისთვისაც უფრო ჯანსაღი, სასიამოვნო და მეტი ენერგიისა თუ მოტივაციის მომცემია.
წითელი ბაღი
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელი ბაღი, რომელიც სხვადასხვა ფუნქციურ ზონებადაა დაყოფილი, თქვენს დილის რუტინას უფრო მრავალფეროვანს გახდის. სავარჯიშო ზონასთან ერთად, ბაღში ველოსიპედის ბილიკიც დაგხვდებათ, რომელიც ჯამში 700 მეტრის სიგრძისაა. ამასთან, წითელ ბაღში ცხოველების სასეირნო სივრცეცაა გათვალისწინებული, რომელიც დილით თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ვარჯიშისა და განტვირთვის საშუალებას მოგცემთ.
რუსთავის პარკი
რუსთავის ბუნებრივი ტყე-პარკი თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული კულტურისა და დასვენების პარკია, სადაც ხელოვნურად გაშენებული პატარა ტბაც დაგხვდებათ. პარკის ტერიტორიაზე დილით ვარჯიშისთვის მისულებს კალათბურთის, ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნების გარდა, ქუჩის სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის, street workout-ის ღია ტიპის სავარჯიშო მოედანიც დაგხვდებათ. ველოსიპედით სეირნობისა და სკეიტბორდინგის მოყვარულებისთვის პარკში სპეციალურად მოწყობილი სკეიტპარკი და ველოტრასებიცაა, რაც დილის ვარჯიშს უფრო საინტერესოსა და განსხვავებულს გახდის.
დაწერე კომენტარი