კით ჰარინგი, რომელიც საკუთარ თავს Child of the atomic age-ს უწოდებდა, XX საუკუნის იმ არტისტებს შორისაა, რომლებმაც ეგრეთ წოდებული “დაბალი ხელოვნება” და არატრადიციული პოპულარული კულტურის ელემენტები ელიტარული სახელოვნებო სცენის ნაწილად აქციეს. ჰარინგის ერთი შეხედვით მარტივი შემოქმედება კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა - შიდსი, ნარკომანია, უკანონო სიყვარული, აპართეიდი. არტისტის სახალისო, ნათელმა, ფერადმა და მულტფილმების მსგავს ესთეტიკაში გამოხატულმა, ნიუ-იორკის 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელმა სექსუალურმა ალუზიებმა, რომელიც მალევე სოციალური აქტივიზმის ფაზაში გადავიდა, დიდი პოპულარობა სპონტანური ეფექტის დამსახურებით მოიპოვა.
კითის მხატვრობის მიმართ სიყვარული მისი ბავშვობის ადრეულ წლებს უკავშირდება, იმ პერიოდს, როდესაც მამამისი თავისთვის ჰობის დონეზე სხვადასხვა კომიქსებს ქმნიდა, რაც არტისტის შთაგონებისა და ტექნიკური უნარების ათვისების წყარო გახდა. როგორც ყველა იმ თაობის ბავშვი, კითიც Disney-ის პოპულარული ანიმაციების თაყვანისმცემელი იყო. კითის სურვილი არასდროს ყოფილა გამხდარიყო კომერციული გრაფიკული არტისტი, შესაბამისად, The Ivy School of Professional Art-ში სწავლას თავი დაანება და მუშაობა ინდივიდუალურად განაგრძო. მალევე არტისტი პიტსბურგში მის პირველ სოლო გამოფენაზე მიიწვიეს, რაც მისი შემდგომი დიდი ნაბიჯის საფუძველი გახდა.
1978 წელს ნიუ-იორკის The School of Visual Arts-ში სწავლის პერიოდში მან სრულიად ახალი სახელოვნებო სცენა, კერძოდ კი ქუჩები და მეტროსადგურები აღმოაჩინა. “ერთ დღეს, მეტროთი მგზავრობისას, ცარიელი შავი კედელი დავინახე, რომელიც რეკლამისთვის იყო გამზადებული. მაშინ ვიფიქრე, რომ ამაზე უკეთესი ადგილი ნამუშევრისთვის არსად მეგულებოდა, ამიტომაც უკან თეთრი ცარცის ყუთით დავბრუნდი და ჩემი პირველი ნახატიც ასე შეიქმნა”. მსგავსი გრაფიტის ნამუშევრები ჰარინგისთვის ნიუ-იორკის მეტროს მგზავრებთან ურთიერთობის დამყარებისა და დიალოგის წამოწყების საშუალება გახდა, რის გამოც მეტროსადგურები მის ექსპერიმენტულ “ლაბორატორიად”, ხოლო რეკლამის შავი კედლები კი მისივე ტილოებად გადაიქცა.
1980-85 წლებში კითს, რომელსაც სურდა, რომ ხელოვნება საჯარო გაეხადა, აქტიურად მიაქვს იერიში ნიუ-იორკის ქუჩებსა და მეტროსადგურებზე. სწორედ ამ პერიოდში ვითარდება მისი საკულტო ანიმაციის მსგავსი და სიმბოლოებით დატვირთული სტილი და ხელწერა. იმდროინდელ არტისტებთან - ჟან-მიშელ ბასკიასთან, კენი შარფისთან, მუსიკოსებთან და პოეტებთან ერთად ჰარინგი კლუბ 57-ში გამოფენას მართავს, რომელზეც მისი “Radiant Baby” უკვე საკმაოდ ცნობილი სიმბოლო იყო. “Radiant Baby” იგივე “Radiant Child” ან “Radiant Christ”, ჰარინგის თქმით, “ადამიანის არსებობის ყველაზე სუფთა და პოზიტიური გამოცდილება” მის ერთგვარ ნიშანს, ხელმოწერას წარმოადგენდა, რომელსაც არტისტი მეტროში შესრულებულ გრაფიტის ბოლოს ახატავდა. სიმბოლო ჰარინგის იდეოლოგიის ნაწილია, რომელიც მომავლის მიმართ იმედსა და მის მუდმივ რელიგიურ ინტერესს გამოხატავს.
სიმბოლოები და ხატები, როგორებიცაა - მყეფავი ძაღლი, მფრინავი თეფშები, დიდი ზომის გულები, მისი შემოქმედებისა და იკონოგრაფიის დამახასიათებელი ნაწილი გახდა, რაც მისი ნამუშევრების ელვის სისწრაფით გავრცელებას იწვევდა. 1982 წელი ჰარინგის კარიერული ცხოვრების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გამოფენა Documenta 7-ს, სან-პაულოსა და ნიუ-იორკის ბიენალზე გამოჩენას უკავშირდება. გარდა ამისა, ამავე წელს მისი სოლო გამოფენა Shafrazi's Soho gallery-ში მოეწყო, სადაც მან მისი ორი შთამაგონებლის - არტისტ ენდი უორჰოლისა და უოლტ დისნეის გაერთიანებული პერსონაჟი “Andy Mouse” წარადგინა.
80-იან წლებში მის საჯარო ნამუშევრებს არა მხოლოდ ნიუ-იორკში, არამედ მსოფლიოს უამრავ სხვა ქალაქში შეხვდებოდით. ერთ-ერთი მისი ადრეული ნამუშევარი “Untitled” ჰომოსექსუალური სიყვარულის მოტივით შეიქმნა, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, კულტურული განაცხადის მკაფიო მაგალითი გახდა. კითი ამ პერიოდში სხვადასხვა ღამის კლუბებისა და ფესტივალებისთვის (მაგალითად, 1985 წლის LIve Aid, MTV) ქმნიდა დეკორაციებსა და ნამუშევრებს. გარდა ამისა, მას ეკუთვნის 1986 წელს თავისუფლების ქანდაკებისთვის შექმნილი ნამუშევარი, რომელზეც 900 ბავშვთან ერთად მუშაობდა. ბერლინის კედლის დანგრევამდე სამი წლით ადრე კი ჰარინგი კედლის დასავლეთი ნაწილის მოხატვას იწყებს. კითი ამ პერიოდში თანამშრომლობს სხვადასხვა არტისტებთან და დიზაინერებთან, რომელთა შორისაც განსაკუთრებულია ვივიენ ვესტვუდთან და მალკოლმ მაკლარენთან ერთად შექმნილი AW1983/84 - ჯადოქრების კოლექციის ნამუშევრები, რომელიც შემდგომ მადონამ “Song Like A Virgin”-ის პერფორმანსისთვის მოირგო.
ჰარინგის მუდმივი სურვილი ხელოვნება საჯარო გაეხადა, იქამდე განვითარდა, რომ 1986 წელს არტისტმა მანჰეტენზე, ლაფაიეტის ქუჩაზე საკუთარი ნამუშევრების მაღაზია გახსნა, სახელწოდებით Pop-Shop, სადაც ხელოვანის მიერ შექმნილი მაისურები, აქსესუარები, ტანსაცმელი და პატარა ნივთები იყიდებოდა. ჰარინგს სურდა, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქტი ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. კიტის ნამუშევრებთან ერთად იყიდებოდა ჟან-მიშელ ბასკიასა და კენი შარფის შექმნილი ნივთებიც. “რომ გამეგრძელებინა ისეთი სახის ურთიერთობა, რომელსაც მეტროებში ვამყარებდი ადამიანებთან, ამისათვის მინდოდა შემექმნა ისეთი სივრცე, სადაც არა მარტო კოლექციონერები, არამედ ბავშვებიც მოვიდოდნენ ბრონქსიდან”.
მაღაზიის გახსნის შემდგომ მას ხელოვნების კომერციალიზაციისთვის აკრიტიკებდნენ, თუმცა მისი ნამუშევრები დროდადრო უფრო მეტად კონცენტრირდებოდა სოციო-პოლიტიკურ თემებზე, როგორებიც იყო შიდსი, ანტი-აპართეიდი, კოკაინის მასობრივი მოხმარება. ამ უკანასკნელზე მან ნამუშევარიც შექმნა, სახელწოდებით ”Crack is Wack”, რაც ნიუ-იორკის პოლიციამ ვანდალიზმად მიიჩნია და ჰარინგი ციხეში მოხვდა. “აქტივიზმი მნიშვნელოვანია, როდესაც მხატვრობა იძენს პერფომანსის სახეს. პერფორმანსი, როგორც ხატვის პროცესი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შედეგი”.
მას შემდეგ, რაც არტისტს თავად დაუდგინდა აუტოიმუნური დაავადება, უფრო აქტიურად ერთვება შიდსის მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და დაცული სექსის მნიშვნელობის კამპანიაში. 1989 წლამდე 100-მდე სოლო და ჯგუფურ გამოფენაშია ჩართული და ქმნის 50-მდე საჯარო ნამუშევარს, რომელიც სწორედ ამ თემატიკას ეხმიანება. მისი ბოლო საჯარო ნამუშევარი “Tuttomondo” პიზაში, Sant’Antonio-ს ეკლესიის კედელზე შეიქმნა, რის შემდეგაც მალევე, 1990 წელს, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს ურბანული გრაფიტი უკვე საკმაოდ გავრცელებული ფენომენია, რომლის ერთ-ერთი წამომწყები არტისტი კით ჰარინგი ახალი თაობისთვის street-to-gallery-ის იდეის მთავარი შთამაგონებელი ფიგურა გახდა. “ხელოვნება ყველასთვისაა” - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია, რომლის შესრულებისთვისაც ხელოვანმა მისი 30-წლიანი ცხოვრების მანძილზე უამრავი ალტერნატიული შესაძლებლობა შექმნა.
დაწერე კომენტარი