ტონი დაქეტის გაგონებისას, გონებაში მაშინვე მისი გიგანტური მზით მოხატული ფერადი კედლები, მოოქრული ჭაღები, ვინტაჟური ავეჯი, ზღვის ცხოველთა მარმარილოს სკულპტურები, ისტორიული სამკაულები და მისი იაპონური ესთეტიკის ულამაზესი ბაღი გვახსენდება. მე-20 საუკუნის გავლენიანი ამერიკელი დიზაინერის ძირითადი სამუშაო სფერო ინტერიერის დიზაინი, ფილმების დეკორაციები და სკულპტურა იყო. რთულია მისი ხელოვნება რაიმე ერთი მიმდინარეობის ჩარჩოში ჩავსვათ, თუმცა ყველაზე ახლოს მისი სტილი ბაროკოსთანაა. თაყვანისმცემლები მის შემოქმედებას კოსმოსური ერის ბაროკოსაც უწოდებენ და ამბობენ, რომ დაქეტის ნამუშევრები დროს უსწრებდა და დღემდე ამიტომაც არის ძალიან ბევრი თანამედროვე დიზაინერის ინსპირაციის წყარო.
დაქეტის შემოქმედებაში გარდამტეხი პერიოდი 1935 წლიდან იწყება, როდესაც ჯერ კიდევ ხელოვნების მესამე კურსის სტუდენტი წარმატებულმა ინტერიერის დიზაინერმა ელსი დე ვულფმა აღმოაჩინა და წარმატებისკენ გზა გაუკვალა. აქედან იწყება აღმავლობის პერიოდი მის კარიერაში. მან იმუშავა რამდენიმე პროექტზე Metro Goldwyn Mayer-თან, უთანამშრომლია წარმატებულ პროდიუსერებთან, რეჟისორებთან, ინტერიერისა და კოსტიუმების დიზაინერებთან, რის შემდეგაც, საბოლოოდ, მისმა ხელოვნებამ საზოგადოებაში შეაბიჯა და საპატიო ადგილი დაიმკვიდრა.
ეგზოტიკური ტონის სიჭარბე დაქეტის სტილის ხელწერა იყო. "ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც 999 დოლარის დახარჯვა შეეძლო 99-ცენტიან მაღაზიაში”, - ამბობს დაქეტის ბიზნესპარტნიორი და მისი სტუდიის დღევანდელი მმართველი, მისტერ უილკინსონი. დაქეტი წარმოგვიდგება როგორც ატლასის მანტიაში გამოწყობილი ცბიერი ჯადოქარი, რომელიც ფოკუსირებული იყო მისი დიზაინის მაქსიმალურ კაშკაშა ეფექტებზე, თუმცა ის ხშირად იყენებდა იაფ მასალებსაც, რომლებსაც ვინტაჟურ მაღაზიებსა თუ მეორადი ნივთების საწყობებში გადააწყდებოდა ხოლმე, რომლითაც საბოლოოდ საოცარ დიზაინს აწყობდა. მის სტუდიაში, რომელიც ჰოლივუდ ჰილსზე მდებარეობს, მე-18 საუკუნის ფრანგულ ანტიკვარიატებს შეხვდებით, მოოქრული ხეების ქვეშ, მოჭედილი ოქროს უჯრების გასწვრივ.
მან შექმნა პირველი სამკაული უინძორის ჰერცოგინიასთვის და ააშენა კომპლექტები ვინსენტე მინელის მდიდრული ფილმებისათვის - Ziegfeld Follies of 1944 და Yolanda and the Thief , ფრედ ასტერთან ერთად. დაქეტი ასევე ხშირად თანამშრომლობდა ელიზაბეტ არდენთან. მან მოიგო Tony Awards საუკეთესო კოსტიუმებისთვის 1961 წლის ბროდვეის პროექტ Camelot-ისთვის.
მიუხედავად ამდენი ნამუშევრისა, მის შემოქმედებაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი მისი მდიდრულად გაწყობილი სახლებია. 70 ჰექტარზე გაშენებული რანჩო მალიბუში, სახელად “სორტილეგიუმი”, წარმოადგენდა აღმოსავლური და ჯორჯიანული სტილის მოტივების არქიტექტურულ კოლაჟს, რომლებიც გაფორმებული იყო იშვიათი ეგზოტიკური ნივთებით: ფანჯარა გრეტა გარბოსგან და ჯონ გილბერის სასიყვარულო ბუდიდან, ვენეციური გონდოლა და მე-18 საუკუნის კარები, რომლებიც მას და მის მეუღლეს მერი პიკფორდმა და ბადი როჯერმა უბოძეს საქორწილო საჩუქრად, თუმცა ეს უკანასკნელი 1993 წელს ხანძარმა გაანადგურა. კიდევ ერთი ვილა, სახელად Dawnridge, ბალინური პავილიონებით, ვენეციური სალონებით და გრანდიოზული ბაღით გამოირჩევა.
მისტერ დაქეტი ასევე დაინტერესებული იყო ე.წ. სადღესასწაულო და სპეციალური შეხვედრების დარბაზების გაფორმებით და ეს პროცესი, როგორც მისი თანამედროვეებისგან ვიცით, მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. 1980-იან წლებში მან მისი ყველაზე ცნობილი ინსტალაცია შექმნა სან-ფრანცისკოს მფარველი წმ. ფრანცისკე ასიზელის პატივსაცემად გამართული წვეულებისთვის, რის გამოც დიზაინერმა დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით მისი საოპერო დადგმებისა და ბურთებით მორთული დეკორაციებისათვის. წმ. ფრენსის პავილიონი შედგებოდა ოთახისგან, რომელსაც ხაზად მიჰყვებოდა გიგანტური ძვირფასეულობებით მორთული მთავარანგელოზთა მონუმენტური, 28-მეტრიანი ლითონის ქანდაკებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ხანძარმა გაანადგურა 1989 წელს.
ტონი დაქეტი, დიზაინერი, რომლის მდიდრულმა და განსხვავებულმა ბაროკოს სტილის ნამუშევრებმა, კოსტიუმებმა, ინტერიერის სტილმა და სამკაულებმა ის ხუთ ათწეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჰოლივუდის მწვერვალზე ამყოფა, 1999 წლის 9 სექტემბერს გარდაიცვალა. გარცვალების მიზეზი გულის შეტევით გამოწვეული გართულებები იყო. პროექტები, რომლებზეც იგი გარდაცვალების დროს მუშაობდა, მოიცავდა ვენეციის Palazzo Brandolini-ს ოთახებს და Gucci-ს საიუველირო ნაწარმის კოლექციას. სამწუხაროა, რომ მან ამ პროექტების დასრულება ვერ მოასწრო და ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორი იქნებოდა ეს ნამუშევრები, ვინაიდან მისტერ დუქეტი ყოველთვის არაპროგნოზირებადი ვირტუოზი იყო, თუმცა მან თავისი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნიმუში დაამზადა, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება, როგორც შთაგონების წყარო ხელოვნებაში.
დაწერე კომენტარი