თინა კილაბერიძე ნიუ-იორკში მცხოვრები ინტერიერის დიზაინერია, რომლის შემოქმედება მინიმალისტური და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება, ნამუშევრების შექმნის დროს მისთვის მთავარი საგნის ფუნქციაა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება მაღალი ხარისხის ვიზუალური ეფექტი და დიზაინერის ხელწერისთვის დამახასიათებელი ის ესთეტიკურობა, რომელიც არასდროს არაფერში  აგერევათ.



თინა კილაბერიძე 2022 წელს Tbilisi Design Day-ს ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება. გთავაზობთ ინტერვიუს დიზაინერთან, რომელიც საკუთარი შემოქმედებისა და ამერიკული ცხოვრების შესახებ ვრცლად გვესაუბრა.



თინა, პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი დიზაინის მიმართ, როდის აღმოაჩინეთ, რომ ამ პროფესიას  გინდოდათ გაჰყოლოდით?

ბავშვობიდან... ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე დიზაინზე ფიქრი, კონცეპტუალურად არ ვიცოდი, რას ნიშნავდა, თუმცა მუდმივად მქონდა ინტერესი, რომ ჩემ ირგვლივ გარემო შემეცვალა, არამხოლოდ ავეჯი ან ნივთების განლაგება,  ადამიანებიც - მათი ვარცხნილობიდან დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული - მინდოდა ყველაფერში რაიმე სახის ცვლილება შემეტანა. თავიდან საერთოდ მეგონა, რომ მხატვარი ვიქნებოდი, სკოლის დამთავრების შემდეგ ტანსაცმლის დიზაინზე ვფიქრობდი, თუმცა მივხვდი, რომ ჩვენს გარემოში ეს აბსოლუტურად არარეალური იყო. მამამ მირჩია, რომ ჯერ ზოგადი განათლება მიმეღო და მხოლოდ ამის შემდეგ მეფიქრა მხატვრობაზე ან სხვა რაიმე კონკრეტულ საქმეზე, ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურა და ენები ვისწავლე, შემდეგ კი გადავწყვიტე დიზაინზე ჩამებარებინა. მაშინ ეს ფაკულტეტი სრულიად ახალი იყო, ჩემი პედაგოგების უმეტესი ნაწილიც არქიტექტორები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი  მიღებული განათლებით, დღეს ძალიან ბევრ სტუდენტთან მაქვს ურთიერთობა  და დავრწმუნდი, რომ იმ ცოდნას, რაც მაშინ სამხატვრო აკადემიაში მივიღე, მსოფლიოში არცერთი სხვა სკოლა არ იძლევა.




რამდენად დატვირთული იყო იმდროინდელ თბილისში თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?  

აკადემია რომ დავამთავრე, ზურა წერეთელმა მაშინვე ამიყვანა სამუშაოდ, აკვარელში ძალიან კარგად ვხატავდი და რადგან მაშინ ინტერიერი კომპიუტერში არ იქმნებოდა, ნახაზებს აკვარელში ვაკეთებდით, შემეძლო ყველა ნივთი რეალურთან ძალიან მიმემსგავსებინა, ეს ძალიან მოსწონდა ზურა წერეთელს და ამიტომ მუდამ დატვირთული სამუშაო მქონდა. გარდა ამისა, დაკავებული ვიყავი კედლის მხატვრობითაც და ვაკეთებდი კერძო სახლების ინტერიერის დიზაინსაც, ასე რომ, მგონი, ერთი წუთიც კი არ გამიტარებია მაშინ უმუშევრად.




ხსენეთ, რომ კერძო სახლების ინტერიერის დიზაინზე მუშაობდით, 90-იანი წლების თბილისში, მაშინ როცა უკვე შექმნილი იყო ტიპური, ერთმანეთისგან არაფრით განხვავებული საბინაო პროექტები, არსებობდა ინდივიდუალური
ინტერიერის დიზაინის შექმნის კულტურა?

ერთი ახლობელი მყავდა, ჩემი მეგობრის მამიდა, რომლის სახლიც 1920-იან წლებში იყო აშენებული, მთელი ინტერიერი ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯითა და აღმოსავლური ხალიჩებით იყო შექმნილი, ისეთი არაჩვეულებრივი ნამუშევარი იყო, რომ იმ ქალს მას შემდეგ მთელი ცხოვრება არაფერი აღარ შეუცვლია. ადრე  საქართველოში ნამდვილად არსებობდა ეს კულტურა, უბრალოდ რეპრესიების დროს ადამიანებს უკვე შესაძლებლობა აღარ ჰყოფნიდათ, თუმცა მაშინაც იყვნენ ძველი კულტურის ოჯახები, რომლებიც ამაზე მაინც ფიქრობდნენ, 60-იანი წლების თბილისშიც ბევრი არაჩვეულებრივი არქიტექტურული მოდელია შექმნილი, ეს გავლენა ინტერიერშიც იგრძნობოდა. მართალია, ყველას არ მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ მე იმ პერიოდშიც მყავდა დამკვეთები, რომლებთანაც კერძო საცხოვრებელ სახლებზე მიმუშავია.



მოგვიყევით თქვენი ამერიკაში მოხვედრის ისტორია, როგორ აღმოჩნდით ამ ქვეყანაში?

ამერიკაში სრულიად დაუგეგმავად აღმოვჩნდი, აქ ცხოვრების არანაირი სურვილი არ მქონია და სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვგიჟდები აქ ყოფნაზე. ჩემი მომავალი მეუღლე ჩამოვიდა თბილისში, პროფესიით ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო, სხვადასხვა ჟურნალისთვის მასალებს აგროვებდა და ამიტომ მთხოვეს, რომ გავმასპინძლებოდი, მისთვის ყველა ღირსშესანიშნაობა მეჩვენებინა და ამავე დროს შემეხვედრებინა  იმდროინდელ პოლიტიკოსებთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. ერთმანეთი მაშინ გავიცანით, ამის შემდეგ მე პარიზში წავედი, ვაპირებდი, რომ პროფილი შემეცვალა და სწავლა ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით გამეგრძელებინა, თუმცა მთხოვა, რომ რადგან ის ვერ ჩამოდიოდა, მე ჩავსულიყავი ამერიკაში. ყველაფერი შევცვალე, ჩამოვედი ნიუ-იორკში და მოხდა ისე, რომ მას შემდეგ აქ შემოვრჩი. ეს ყველაფერი სრულიად დაუგეგმავი იყო, არასდროს  მიოცნებია ამერიკაში ცხოვრებაზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ქვეყანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემთან ძველი სამყარო, ევროპა და საქართველო ბევრად უფრო ახლოს არის.




როგორ დაიწყო კარიერის განვითარება სრულიად უცხო ქვეყანაში?

ვიტყოდი, რომ სრულიად უცხო პლანეტაზე... წარმოდგენა ამერიკაზე მაშინ მხოლოდ წიგნებიდან მქონდა, რომ ჩამოვედი, ისეთი გაოგნებული ვიყავი, დიდხანს ვერ მივხვდი, რომელ პლანეტაზე აღმოვჩნდი, მსგავს სინამდვილესთან მანამდე შეხება არ მქონია. ჩემს პროფესიაში რომ განვითარება გამეგრძელებინა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს საზოგადოება აღმექვა, ვიცოდი, რომ სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა, დიზაინი რომ გააკეთო, აუცილებელია ხალხის აზროვნებას და ინტერესებს ჩასწვდე. ყოველდღე დავდიოდი ბიბლიოთეკაში და ადგილობრივ არქიტექტურას ვსწავლობდი, შემდეგ იმ ნივთების შესწავლა დავიწყე, რომლებიც აქ იყო პოპულარული, ვორქშოპზე ვიარე იმისთვის, რომ ანტიკვარების შეფასება შემძლებოდა, გარდა ამისა გაუთავებლად ვუყურებდი ტელევიზორს, რათა აქ მცხოვრები ადამიანების ცნობიერებას ჩავწვდომოდი, ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე არქიტექტორებთან დავამყარე კონტაქტები. ჩემი მეუღლე ვერმონტში ცხოვრობდა და მაშინ იქაურმა არქიტექტორებმა მირჩიეს კიდეც, რომ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ნიუ-იორკში გადავსულიყავი, თუმცა მაინც მოვახერხე და ვერმონტში  ჩემი სახელით პირველი შეკვეთები შევასრულე. 




გახსოვთ პირველი ნამუშევარი?

მახსოვს, რომ ძალიან მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ გავაკეთე. დამკვეთს უბრალოდ ფერების შერჩევა უნდოდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით დავთანხმდი. ბევრი ვიფიქრე  და საბოლოოდ გადავწყვიტე, ცოტა ხმამაღალი სიტყვა მეთქვა და შთაბეჭდილება ამ გზით მომეხდინა. იდეა, რომელიც შევთავაზე, ჩემთვისაც კი თამამი იყო, ზოგადად, ასეთ მკვეთრ ფერებს არ ვიყენებ, თუმცა ეფექტის მისაღებად მაშინ ასე მჭირდებოდა. ეს იდეა რომ მოეწონათ, ვთხოვე, დარჩენილი საქმეც მე გამეკეთებინა, თანაც სრულიად უფასოდ, ცოტა გაუკვირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც დამთანხმდნენ. ასე გავაკეთე პირველი სახლის ინტერიერი ამერიკაში, რომელსაც შემდეგ მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ა.შ. ძალიან სწორი ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან, სხვანაირად წარმოუდგენელია, ვიღაცას უნდა აჩვენო შენი შესაძლებლობები და სტუდენტებსაც ხშირად ვეუბნები, რომ არაფერია ცუდი იმაში, პირველი ორი ცდა თუნდაც ანაზღაურების გარეშე გააკეთო.




უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც დიზაინის სფეროში მოღვაწეობთ, თქვენი ნამუშევრები, როგორც წესი, მარტივი, დახვეწილი ფორმებით ხასიათდება, როგორ ფიქრობთ, განიცადა ევოლუცია თქვენმა სტილმა ან ტექნიკამ,  ხომ არ შეიცვალა თქვენი ზოგადი მიდგომები?

ჩემს პერსონალურ სტილს მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, თუ რა პერიოდის შენობაზე ვმუშაობ ან რა ფერს ვირჩევ ინტერიერში. რადგანაც მეტწილად კერძო სივრცეებს ვქმნი, ამდენად ყველაფერი მაინც დამკვეთის მონაცემებზეა დამოკიდებული.  ამ პირობებში წარმოუდგენელია, რომ თავისუფალი ხელწერა გქონდეს, ყველას აქვს სურვილი და ოცნება, რომ იცხოვროს ისეთ სახლში, როგორიც მას წარმოუდგენია, ამიტომ დიზაინერის მიდგომა, რომ მაინცდამაინც მისი ხედვაა უკეთესი, არასწორია. მით უმეტეს, მაშინ როცა სრულიად უცხო გარემოში შენი სახელი და გვარი ცოტა ეგზოტიკურად ჟღერს და ადამიანებმა არც შენი ქვეყნის შესახებ იციან რაიმე, ამიტომ მე თავის გადასარჩენად და ახალ რეალობაში დასამკვიდრებლად სულ სხვანაირი გზის გავლა დამჭირდა, ვიდრე შეიძლება ვიღაცას სხვა სიტუაციაში დასჭირვებოდა. ვიტყოდი, რომ ევოლუცია ჩემმა სტილმა კი არ განიცადა, უბრალოდ შეიცვალა თაობები, რომლებსაც დღეს მათი წინა თაობებისგან  სრულიად განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. ჩემი მიდგომა და პრინციპები არ შეცვლილა, დღემდე იმას ვაკეთებ, რაც ჩემი ცოდნის თუ გამოცდილების საფუძველზე სწორად მიმაჩნია და  რაც მთავარია ყოველთვის ვცდილობ, რომ მართალი ვიყო.




საკუთარი ცხოვრებისთვის როგორ გარემოს ისურვებდით, როგორია თქვენთვის თქვენ მიერვე შექმნილი იდეალური საცხოვრებელი?

ჩემი საკუთარი ბინაც კი ვერ გავაკეთე თბილისში ისე, როგორც მე მინდოდა, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს ობიექტური სინამდვილე, რომელიც აუცილებლად გარკვეული მიმართულებით წაგიყვანს. არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ყოველთვის გარემოსთან არის დაკავშირებული, ყოველთვის ვცდილობ, ეს კავშირი არ დავარღვიო, ჩემთვის ყველაფერი ქუჩიდან, ქალაქიდან, გარშემო სინათლიდან და ტემპერატურიდანაც კი აღიქმება, ეს ობიექტური მიზეზები ყოველთვის გავლენას ახდენს ინტერიერის შესახებ ჩემს წარმოდგენაზე. თუმცა იდეალურ შემთხვევაში საკუთარი თავისთვის მინიმალისტურ შენობას ავირჩევდი, სადაც დიდი სივრცე იქნებოდა, მინდვრით და მინდვრის ყვავილებით გარშემორტყმული, მომწონს, როცა სინათლე საცხოვრებელ გარემოში შემოდის და ამ სინათლესთან მთელი შენი ყოფაცხოვრების შეთამაშება ხდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ გარშემო იმდენად დატვირთულია ყველაფერი, მათ შორის ჩვენი გონებაც, რომ მე პირადად ისეთი სივრცე მჭირდება, სადაც მედიტაციას განვიცდი. საკუთარი თავისთვის ვისურვებდი, გარემოს, სადაც მხოლოდ ფუნქციონალურად საჭირო ხარისხიანი და, რა თქმა უნდა, ხელით შექმნილი ნივთები იქნებოდა, ჩემთვის ესეც მედიტაციის ნაწილია, კერამიკა, ხისგან გაკეთებული ავეჯი, თუ ხელით ნაქსოვი ფაქტურა ჩემთვის სულ სხვა სულისკვეთებას ატარებს.




არსებობს წესები, რომლებსაც ინტერიერში არასდროს არაფრის გამო არ დაარღვევთ? 
 

ვერასდროს ვერ გავუკეთებ იგნორირებას გარემოს, ამასთანავე აუცილებელია ფუნციურად მოწესრიგებული სივრცე და ის, რომ ყველაფერი  ხარისხიანი პროდუქტებით იყოს გაკეთებული. ამას წლების განმავლობაში ვებრძვი, მიმაჩნია, რომ ქიმიურად დამუშავებული მასალების უმეტესობა ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობისთვის მავნებელია, ამიტომ სულ ვცდილობ ისეთ მწარმოებლებთან ვითანამშრომლო, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს ქმნიან. ამ პრინციპს ვერ გადავუხვევ, დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.




რა ადგილი უჭირავს თქვენს შემოქმედებაში საგნის ვიზუალურ მხარეს, რას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ფუნქციას თუ ესთეტიკას?

ჩემთვის ფუნქცია უპირველესია, თუ საგანს ფუნქცია არ გააჩნია, მას დიზაინთან არანაირი კავშირი არ აქვს, გამოდის, რომ ხელოვნებაა და არა დიზაინი. ფუნქციის დახვეწის შემდეგ მოდის ვიზუალური ეფექტი. ვიზუალური ეფექტი არ არის ესთეტიკა, ეს არის მასალა, ფერი, ფორმა და ა.შ. "ვიზუალური პაკეტი" ფუნქციის გაგრძელებაა, ესთეტიკურობა კიდევ ამ ყველაფრის დანამატია, რომელიც ნიჭისა და ბევრი მუშაობის შედეგად მიიღწევა. ფორმა, ფუნქცია და საკუთარი ნიჭის გამოხატვის დახვეწილობა ეს არის მაღალი ხარისხის დიზაინამდე მისვლის საშუალება, ერთმანეთის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.




არის რაიმე, რაც დღეს დიზაინის სფეროში თქვენს ყურადღებას იქცევს ან  განსაკუთრებით მოგწონთ?

ორიგინალურობა. თუმცა, საქართველოში ხშირად ჰგონიათ, რომ ორიგინალურობა რაიმე უცხოს ან შოკისმომგვრელის შექმნას ნიშნავს, მე ასე არ ვფიქრობ, ჩემთვის ორიგინალურობაა, როდესაც დიზაინერი ფუნქციასა და ვიზუალურ ელემენტს იღებს და მის გამოსახატად საკუთარ ენას პოულობს, როცა იმ სამ ელემენტს მის ინტურიციურ, შინაგანი ტალანტით გადმოცემულ ფორმაში აღწევს.



ვინ მოგწონთ ამ სფეროში?

მე ბევრად უფრო მომწონს ინტერიერი, რომელიც არქიტექტორების მიერ არის შესრულებული. ამერიკაში თითქმის არავინ, უფრო მეტად ევროპელი არქიტექტორების ნამუშევრები მხიბლავს, თუმცა ძალიან ხშირად ხდება ისეც, რომ ჩემთვის საინტერესო არქიტექტორები, რომელთაც თავისი ორიგინალური მიდგომა აქვთ, რომლებიც მუშაობენ არა ეფექტებზე, არამედ სივრცეზე და იყენებენ პერსონალურ შემოქმედებით მხარეს, დროთა განმავლობაში კომერციულები ხდებიან და თავიან ხელწერას კარგავენ. ინტერიერის დიზაინი ამ მხრივ ძალიან რთული საქმეა, როდესაც დამკვეთის პირად სივრცეზე მუშაობ, არ არის ადვილი შეინარჩუნო სწორი ენერგია და არ გახდე ფინანსების მსხვერპლი, თუმცა სულ ვამბობ ხოლმე, რომ თუ დამკვეთთან შენი სურვილის 65%-ს მაინც მიაღწიე, ჩათვალე, რომ ბევრი რამ შეძელი.



საქართველოში?

ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან დახვეწილი არქიტექტორები მუშაობენ, რატომღაც ჩვენს ქვეყანაში არქიტექტურა უფრო ძლიერია, ვიდრე ინტერიერის დიზაინი. ძალიან მომწონს NOA სტუდია, ასევე დავით გიორგაძე, რომლის შემოქმედება მის მიერ ლისზე გაკეთებული საბალეტო სკოლით შემიყვარდა, ეს შენობა ჩემთვის დახვეწილობის და ელეგანტურობის მაგალითია, სადაც არაფერი არაა ზედმეტი და ხმაურიანი, არქიტექტურა კი იდეალურადაა შერწყმული ლანდშაფტთან. რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ბევრი ჩემი ყოფილი სტუდენტია, რომლებიც საინტერესოდ მუშაობენ, მე მაინც ვფიქრობ, რომ არქიტექტურის გარეშე ინტერიერი ვერ იარსებს და ამიტომ ვისურვებდი ჩვენი არქიტექტორები ამ მიმართულებით კიდევ უფრო წინ წასულიყვნენ, ზოგადად კი ორივე სფეროში დღეს ძალიან საინტერესო პროცესი მიდის, რასაც სიამოვნებით ვაკვირდები და თვალს ვადევნებ.  



დიზაინს რომ გავცდეთ, მაგრამ მაინც კულტურის სფეროში დავრჩეთ, არის რაიმე, რაც საქართველოში ძალიან მოგწონთ?

მუდამ აღფრთოვანებული ვარ ქართული ხელოსნობით, ძალიან მიყვარს კერამიკა, არტიზანული ნამუშევრები...  ვგიჟდები ქსოვაზე და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, როცა დახვეწილ ნამუშევარს ვუყურებ. ჩვენთან არაჩვეულებრივი კერამიკოსები არიან, ძალიან მიყვარს ლია ბაგრატიონი, რომელთან ერთადაც ერთ-ერთ ბოლო პროექტზე ვიმუშავე, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ნამუშევარი კედელზე დავკიდოთ.



ეს ყველაფერი ხშირად გამხდარა თქვენთვის შთაგონება?

მუდამ შთაგონების წყაროა... ამ წუთასაც გვერდზე იფნის ხის ნაჭერი მიდევს, შემიძლია უბრალოდ ვუყურო და ამ ყურებითაც კი ძალიან დიდი სიამოვნება მივიღო, ძალიან დიდ შთაგონებას მაძლევს, რომ რაღაც ახალი შევქმნა. მასალა და ის შეგრძნება, რასაც მასთან შეხება მაძლევს, ჩემში ყოველთვის ძალიან დიდ ემოციას და შემოქმედებით მუხტს იწვევს.



დიზაინის მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

მახსოვს, ერთხელ, როცა კანადაში მანქანით სამი საათის სავალ გზაზე მივდიოდი, მანქანაში რადიო მქონდა ჩართული, სადაც ვირტუალური მომავლის შესახებ ორი მეცნიერის დისკუსიას ვუსმენდი. ისეთი შთამბეჭდავი იყო მათი დიალოგი, რომ ამაზე მეც დავიწყე ფიქრი, საოცარია, მაგრამ ახლა სწორედ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, რა რეალობაზეც ისინი საუბრობდნენ. ვფიქრობდი, რომ მომავალში ყველაფერი შეიცვლებოდა იმდენად, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგიები გავლენას მოახდენდა ჩვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, დღეს წიგნები აღარ იბეჭდება იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც წარსულში, რადგანაც წიგნის წაკითხვის უამრავი სხვა ტექნიკური საშუალება არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები ამ კულტურაზე, ბეჭდურ გამოცემებზე და წიგნი გრაფიკაზე. ხედავთ ალბათ, რომ გრაფიკული შემოქმედებით გაფორმებული წიგნები დღეს უკვე აღარ არსებობს, გამოდის, რომ წიგნის კულტურა შეიცვალა, დადგება დრო, როცა ბიბლიოთეკებიც აღარ იქნება, იგივე მოხდება ინტერიერის დიზაინშიც. მოვა ის დროც, როცა ინტერიერის მიმართ მოთხოვნა ადამიანების ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე შეიცვლება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ოჯახები იშლება და შვილები ჩვენ გარშემო აღარ არიან, ნიშნავს იმას, რომ აღარავინ აშენებს ტრადიციულ სახლს, რომელსაც თოთხმეტი საძინებელი აქვს, გამოდის, რომ სივრცე ბევრად უფრო კომპაქტური ხდება. გარდა ამისა, ადამიანს იმდენ ადგილას სჭირდება საცხოვრებელი, თუ ამის საშუალება გაქვს, გექნება სურვილიც, რომ შენი საცხოვრებელი გარემო უფრო ხელმისაწვდომი გახადო, თითქმის აღარავინ აღარ აშენებს სასახლეებს, აქ მილიონერებმა მთელი დასახლება ააშენეს ბოსტონსა და ნიუ-იორკს შორის, თუმცა იმ სახლებში ერთი დღეც არავის უცხოვრია, იმდენად ზედმეტი გახდა ცხოვრების ეს ფორმა. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ვირტუალურ რეალობაში. კოვიდის დროს მთელი მსოფლიო ასე ცხოვრობდა და ახლაც ასე გრძელდება, აქედან გამომდინარე, იცვლება ცხოვრების სტილი, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ინტერიერიც და ეს მე კი არ მაშინებს, პირიქით, რაღაც მომენტში აღმაფრთოვანებს კიდეც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სიახლეა.



ვიცით, რომ "თბილისის დიზაინის დღეების" ერთ-ერთი სტუმარი იქნებით, ზოგადად, რას ფიქრობთ საქართველოში ამ ტიპის ღონისძიებების ხელშეწყობით დიზაინის სფეროს განვითარების შესახებ?

ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი წამოწყებაა, საუბარი და დისკუსია განვითარებისათვის ყოველთვის აუცილებელი და საჭიროა. გვაქვს არქიტექტურის, წიგნისა თუ ბევრი სხვა საგანმანათლებლო დღეები, მაგრამ დიზაინის დღეები, როგორც ასეთი, არასდროს გვქონია. განსაკუთრებით საინტერესო და საჭირო გამოცდილება იქნება ახალგაზრდებისთვის, ბუნებრივია, რომ რაც უფრო მეტ ცოდნას იღებ, შენს საქმეშიც უფრო მეტად იხვეწები. დარწმუნებული ვარ წარმატებით განხორციელდება, რადგან თამუნა ღვაბერიძეც და ქეთუნა ყრუაშვილიც ორივე უნიჭიერესი და ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები არიან, ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ მათი ეს წამოწყებაც წარმატებული იქნება.



ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი უახლოესი სამომავლო გეგმები, რომლებიც თქვენს საქმიანობას უკავშირდება?

ბოლო დროს თბილისში NOA-ს არქიტექტორებთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა მეც, დამკვეთიც და არქიტეტორებიც გემოვნებისა და სურვილის თვალსაზრისით ერთ ხაზზე ვიყავით. საშუალება მომეცა ყველაფერი ზუსტად ისე გამეკეთებინა, როგორც იდეალურ შემთხვევაში წარმომიდგენია, დასასრულებელი გვაქვს ბაღი. ზოგადად, ვგიჟდები ლანდშაფტის დიზაინზე და ძალიან მინდა წლის ბოლომდე ეს პროექტი დავასრულოთ. მაქვს კიდევ სამი პროექტი, ორი აქ, ამერიკაში, ერთიც ევროპაში, მიხარია, რომ ნელ-ნელა ყველაფერი წინ მიდის, ვისურვებდი, რომ უფრო მეტი დრო და საშუალება მქონდეს ვაკეთო ავეჯის დიზაინი, როცა ავეჯს ვქმნი, თითქოს ვივსებ იმ დანაკლისს, რასაც სხვა პროექტებით ვერ ვაკეთებ, ამ შემთხვევაში საშუალება მაქვს პერსონალური გემოვნება და ინტერესი  ერთ კონკრეტულ ნივთში გამოვხატო. იმედია ამ ყველაფერზე სამუშაოდ მომავალში უფრო მეტ დროს გამოვნახავ.