მეოცე საუკუნის მეამბოხე, „ცივილიზაციის გამანადგურებლად“ წოდებული მუსიკოსი - ჯენეზის პი-ორიჯი მსოფლიო კულტურაში უდიდესი სიახლეების შემომტანი გახდა. მისი წვლილი იმდენად დიდი და შთამბეჭდავია, რომ მხოლოდ მუსიკისა და ხელოვნების სფეროთა საზღვრებში მოქცევა არასამართლიანი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ მან მუსიკაში ახალი აღმოჩენები გააკეთა, მისი საქმიანობა, ზოგადად, ადამინის ცხოვრების სტილისა და კულტურის ცვლილებისკენ იყო მიმართული.
ჯენეზისს ადრეული ასაკიდან ავანგარდული ხელოვნება, მუსიკა და ოკულტიზმი იტაცებდა. მისი თავდაპირველი მიზანი ამ სფეროების ღრმად შესწავლა და მათში სიახლეების აღმოჩენა იყო.
1969 წელს მან დააარსა მუსიკალური ჯგუფი COUM transmissions. ჯგუფის სახელი და კონცეფცია ჯენეზისმა ოჯახთან ერთად ვეილსში მგზავრობისას შეიმუშავა. ის ირწმუნებოდა, რომ მანქანაში ჯდომისას, უცებ დაკარგა რეალობის აღქმა და განცალკევდა საკუთარი სხეულისგან. მას თვალწინ წარმოესახა COUM-ის სიმბოლო და გაიგონა ხმები, რომლებიც ჯგუფის სახელწოდებას უმეორებდნენ. მოგვიანებით ჯგუფი შეიქმნა და მასში რამდენიმე ხელოვანი და მუსიკოსი გაწევრიანდა. მათ შორის იყო ქრისთინ ქეროლ ნიუბი, რომელიც შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც Cosey fanni Tutti. როდესაც მას ერთ-ერთ ინტერვიუში სთხოვეს დაეხასიათებინა COUM-ის კონცეფცია, მან თქვა: „ეს იყო კოლექტივი ადამიანებისა, რომლებიც ერთად მუშაობდნენ, როგორც არტისტები. ყველა თანასწორი იყო და ყველას იდეა ერთ ქვაბში ირეოდა. ჩვენს საქმიანობას საზღვრები არ ჰქონდა...“. მართლაც, ეს იყო განსხვავებული ხელოვანისგან შემდგარი დაჯგუფება, რომელშიც მათი ინდივიდუალური, შინაგანი განცდები ხელოვნების ნიმუშებად იქცეოდა. ამის გამო, საბოლოო პროდუქტი საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანი გამოდიოდა. ჯგუფის სახელთან დაკავშირებული ბჭობის შემდეგ ჯენეზისმა გადაწყვიტა, რომ მას იმდენივე მნიშვნელობა ექნებოდა, რამდენსაც ხალხი მასში დაინახავდა.
თავად ჯენეზისი COUM-ის წარმოდგენებს ქუჩის თეატრს ადარებდა. მათი თეატრალური გამოსვლები ხშირად იმპროვიზებული იყო. შინაარსი ეფუძნებოდა მითურ პერსონაჟებს, რომლებიც ჯგუფის წევრებმა გამოიგონეს. ჯენეზისი ჰყვება, რომ მათი მიზანი ტაბუდადებულ თემებში ჩაღრმავება იყო. შესაბამისად, ჯგუფის თემატიკა უფრო და უფრო ინტენსიური და ამავდროულად, ინტიმური ხდებოდა. მათი წარმოდგენები ხშირად სექსუალურ შინაარსს ატარებდა, რაც იმდროინდელი ინგლისის მოსახლეობისა და, მით უმეტეს, მთავრობისთვის, მიუღებელი იყო.
1976 წელს COUM-მა ლონდონის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტში გამართა თავისი ცნობილი გამოფენა „პროსტიტუცია“. გამოფენაში შემავალი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ფანი ტუტის პორნოგრაფიული სურათები იყო. ამ აქტს მედიის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოფენა ინგლისის პარლამენტშიც კი განიხილეს. სწორედ მაშინ ერთ-ერთმა პარლამენტარმა უწოდა ჯენეზისს დასავლური ცივილიზაციიის გამანადგურებელი.
COUM-ის ისტორია დასასრულს უახლოვდებოდა, თუმცა ეს პი-ირიჯის მოღვაწეობას არ ეხებოდა. პირიქით, კოლექტივის რამდენიმე წევრთან ერთად, მან შექმნა ახალი ჯგუფი Throbbing Gristle, იგივე TG, და განაგრძო ახალი მუსიკის აღმოჩენა.
თუ აქამდე მედია ყურადღებას აქცევდა COUM-ის გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე, TG-ის დაარსების შემდეგ მან აღიარა მისი მნიშვნელობა მუსიკაში. ჯგუფმა უდიდესი გავლენა მოახდინა ელექტრონული მუსიკის განვითარებაზე. მისი და როკმუსიკის შერევით ჯგუფის წევრები ახალ ხმოვანებას იღებდნენ და მასზე სხვადასხვა ცდას ატარებდნენ. ამ პროცესში ახალი მუსიკალური ჟანრი - ინდუსტრიული მუსიკა დაიბადა. მისი სახელი გამომდინარეობს ლეიბლისგან „Industrial Records“, რომელიც თავად ჯგუფის დაარსებულია.
ინდუსტრიულ მუსიკას ხმის ახალი მოწყობილობის, სემპლერის შექმნამ ჩაუყარა საფუძველი. ამ ინოვაციას ჯენეზისი TG-ის წევრს, სლიზის მიაწერს. სემპლერით შესაძლებელი გახდა ხმის სხვადასხვა ჩანაწერისა და ნიმუშის გამოყენება ერთიანი ნამუშევრის შესაქმნელად. 2002 წლის ინტერვიუში - „Wrecker of Civilization“ - ნახსენები იყო, რომ სტუდიას, რომელშიც TG-ის მუსიკა იწერებოდა, ალქიმიური მუსიკალური ლაბორატორია ეწოდა. ინტერვიუში ჯენეზისი აღნიშნავს, რომ მისი თავდაპირველი მიზანი მუსიკის ახალი გააზრება და ხმის მიმართ მაგიური მიდგომის აღდგენა იყო, რაც კაცობრიობის ისტორიის მსვლელობისას, მისი აზრით, ადამიანებმა დაკარგეს. ჯგუფის თემატიკა, უმეტესად, პროვოკაციული იყო. მისი ყველაზე წარმატებული ალბომი „20 Jazz Funk Greats“ აღმოჩნდა.
მიუხედავად მათი წარმატებისა, სხვადასხვაგვარი უთანხმოების გამო, Throbbing Gristle 1981 წელს დაიშალა. დაშლის შემდეგ ჯენეზისმა განაგრძო მუსიკალური მოღვაწეობა და Psychic TV დააარსა. ჯგუფმა ალბომების დიდი რაოდენობა გამოუშვა და თანდათანობით იკვლევდა Acid house-ის ჟანრის მუსიკას. ამჯერად ჯენეზისს მისი მეუღლეც - ლედი ჯეი შეუერთდა.
ჯგუფის შექმნასთან ერთად, PTV-ის წევრებმა დააარსეს გაერთიანება Thee temple ov Psychick Youth (TOPY). ისინი ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით რამდენიმე იდეას ქადაგებდნენ და ძალიან დიდი გავლენა იქონიეს 80-იანი წლების ახალგაზრდობის კულტურაზე. TOPY-ში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ჯენეზისი ამბობდა, რომ მათი მთავარი მოწოდება ადამიანის შეცვლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებას სულ უფრო და უფრო მეტი წევრი უერთდებოდა, ჯენეზისმა მისი დაშლა გადაწყვიტა, ვინაიდან, როგორც ჩანს, მისმა წევრებმა ვერ გაიგეს, რა იყო გაერთიანების მიზანი. ინტერვიუში ჯენეზისი ამბობს: „ეს საზოგადოებრივი ექსპერიმენტი 1991 წელს დასრულდა, როცა გავაცნობიერეთ, რომ ადამიანებს უნდოდათ, რომ მათი გურუ გავმხდარიყავით. ამ ექსპერიმენტის იდეა კი სულ სხვა რამეში მდგომარეობდა - მათ საკუთარი თავებისთვის უნდა მიეხედათ“.
ჯენეზისმა წიგნიც კი გამოსცა - Thee Psychick Bible, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი მისი აზრები ცხოვრების წესთან, ადამიანების მნიშვნელობასა და საკუთარი თავის პოვნასთან დაკავშირებით.
ჯენეზისის მეუღლემ ლედი ჯეიმ, უდიდესი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში. პი-ორიჯი ჰყვება, რომ ლედი ჯეისთან ერთად ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ, კეტამინის მოხმარების შემდეგ, მათში პანდროგენიის იდეა დაიბადა. პანდროგენი, იგივე პოზიტიური ანდროგენი, როგორც ლედი ჯეი ამბობს, გულისხმობდა ისეთ ადამიანს, რომელსაც კონკრეტული სქესი არ გააჩნდა. ის ორივე სქესს აერთიანებდა და შესაბამისად, ორისგან ერთი იქმნებოდა. პი-ორიჯმა და ლედი ჯეიმ დაიწყეს ამ იდეის განვითარება ე.წ. ქროს-დრესინგით, რაც ერთმანეთის ტანსაცმლის ჩაცმას გულისხმობდა. შემდგომში მათ პლასტიკური ოპერაციებიც კი გაიკეთეს, რათა ერთმანეთს ფიზიკურად დამსგავსებოდნენ.
2007 წელს, ლედი ჯეის გარდაცვალების შემდეგ, ჯენეზისმა განაგრძო პანდროგენიის იდეის გავრცელება. ის გამოდიოდა საზოგადოებაში, ატარებდა ლექციებს ამ და კიდევ მრავალ სხვა საკითხზე. მისი მთავარი გზავნილი პანდროგენიაზე იყო ის, რომ ორ ადამიანს იმდენად უყვართ ერთმანეთი, რომ გარდა დაახლოებისა, მათ ერთმანეთად გადაქცევაც სურთ.
ჯენეზის პი-ორიჯი 2020 წელს ლეიკემიასთან ბრძოლის შედეგად გარდაიცვალა. რთულია მისი კულტურული გავლენის ერთგვარი შეჯამება, ვინაიდან ის ცხოვრების უამრავ ასპექტს ეხებოდა, თუმცა ალბათ მარტივი გასაგებია, რომ ე.წ. ცივილიზაციის გამანადგურებელს, მხოლოდ მისი კულტურის ხელახლა აშენებისა და მასში მშვენიერების პოვნის სურვილი ამოძრავებდა.
დაწერე კომენტარი