მალე კინოთეატრ ამირანში უეს ანდერსონის ფილმების ჩვენება გაიმართება. Hammock Magazine თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს ჩვენებებს. შემოგთავაზებთ უეს ანდერსონის თემაზე შექმნილ სტატიებს და ვიდეოებს.
ტენენბაუმების ოჯახი
"სახლი ყველაფერს ამბობს ოჯახის ისტორიის შესახებ, რადგანაც რეპეტიციებისთვის ბევრი დრო არ გვაქვს, მინდოდა თვითონ გარემოს მიეწოდებინა მათთვის ის ინფორმაცია, რომელიც საკუთარი პერსონაჟის სწორად გათავისებაში დაეხმარებოდათ". - ასე ხსნის უეს ანდერსონი იმ სახლის მნიშვნელობას, რომელშიც ტენენბაუმების ექსცენტრიკული ოჯახი ცხოვრობს. ის გარემო კი, რომელზეც უეს ანდერსონი საუბრობს, სინამდვილეში ნიუ-იორკის ისტორიულ ნაწილში, ჰარლემში მდებარეობს და მისი ძებნა რეჟისორმა იქამდე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ფილმის მთავარი როლის შემსრულებლების ვინაობა გაირკვეოდა. ტენენბაუმების ოჯახისთვის შესაფერისი სახლის მოძიების შემდეგ, მხატვარი ძმის დახმარებით უეს ანდერსონმა თითოეული ოთახისთვის მისი სტილისა და ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ინტერიერის ესკიზები შექმნა, რაც საბოლოოდ მისი დეკორატორების - დეივიდ და სენდი ვასკოების დახმარებით ტენენბაუმების ოჯახის საცხოვრებელ გარემოდ გადაიქცა.
ამ გარემოში ყველაზე საინტერესო ოთახი მარგო ტენენბაუმს ეკუთვნის, კედლის წითელი ფონი, რომლებზეც ზებრებია გამოსახული, სინამდვილეში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელმა კომპანია Scalamandre-მ 1945 წელს იტალიური რესტორნის, Gino of Capri-სთვის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, კედლის ამგვარი დეკორაციის შეძენა, Scalamandre-ში კვლავაც შესაძლებელია და ალბათ არც ისაა გასაკვირი, რომ მარგო ტენენბაუმის რჩეული დიზაინი სწორედ მის გამო საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა წითელ ფონზე გამოსახული ზებრებისა, მარგო ტენენბაუმის ოთახში ძალიან საინტერესო ნივთებსაც წააწყდებით, მაგალითად, აფრიკული სტილის ნიღბებს, რომლებიც მარგოს სავარაუდოდ, არქეოლოგი დედისგან უნდა ჰქონდეს. ზოგადად, ტენენბაუმების სახლის ინტერიერის დიზაინი კოლონიური სტილით ხასიათდება, რომელშიც ეგზოტიკური და ელეგანტური დეტალები ერთმანეთში იდეალურად არის შერწყმული, ამ სახლში შეხვდებით ანტიკურ თურქულ ხალიჩას, მოჩუქურთმებულ კიბეს თუ ორნამენტულ დეკორაციებს, რომლებიც კონტრასტულად არსებობენ უეს ანდერსონის პასტელური ფერების ფონზე. მსგავსი ეკლექტიზმი კი უეს ანდერსონის სტილისა და სხვა ფილმებში შექმნილი ინტერიერის დიზაინის მთავარი განმსაზღვრელია.
სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
ნათელ პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის” ინტერიერი რეჟისორის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სასტუმროს ინტერიერის დიზაინი გერმანული არტ ნუვოს სტილის გავლენითაა შექმნილი და შეიძლება ითქვას, რომ კონსიერჟი გუსტავის სამფლობელო უეს ანდერსონის საყვარელი ფერების და დეტალების სიმფონიაა: მუქი წითელი ხალიჩები, კაშკაშა ჭაღები, ინტერიერში მწვანე პალმის ხეები და ვარდისფერი მენდელსის ნამცხვრის ყუთები, ვინტაჟურ სურათებთან და 1920-იანი წლების შავ-თეთრ ფოტოსურათებთან ერთად იმ ეკლექტურ გარემოს ქმნის, რომელზეც ტენენბაუმების ოჯახის მაგალითზე უკვე ვისაუბრეთ.
სასტუმრო შევალიე
13- წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც უეს ანდერსონის "მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით" პროლოგად ითვლება, მაყურებელმა ალბათ ფილმში უხვად გამოყენებული ყვითელი ფერით დაიმახსოვრა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სულ რაღაც 13 წუთი გრძელდება, უეს ანდერსონმა მოახერხა და ამ მცირე დროის განმავლობაში კიდევ ერთი, ამჯერად პარიზული სასტუმროს განუმეორებელი "ყვითელი" ინტერიერი შექმნა.
მატარებელი დარჯილინგის მიმართულებით
უეს ანდერსონმა მოახერხა და ინდოეთის ჭრელ და კაშკაშა ფერებს საკუთარი ესთეტიკა მოარგო. მატარებელი, რომელიც რეჟისორმა ინდოეთის ერთ-ერთი რკინიგზის სადგურისგან ითხოვა, სწორედ უეს ანდერსონის ყვითელი და წითელი ფერებისა და კედელზე ადგილობრივი ვარსკვლავების არც ისე უესანდერსონული სურათების შერწყმას წარმოადგენს. და რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, სპეციალურად უეს ანდერსონისთვის შექმნილი ლუი ვიტონის სამგზავრო ჩანთები, რომელთაც მატარებლის სცენებში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ადგილი უჭირავს.
ამომავალი მთვარის სამეფო
ფილმის უმეტესი ნაწილი ძირითადად ბუნებრივ გარემოში, მინდორში ან ტყეშია გადაღებული, თუმცა ზღვის სანაპიროზე მდებარე სუზის ოჯახის სახლი ინტერიერში საზღვაო დეკორაციით, ნაქსოვი ხალიჩებით, შეუსაბამო ავეჯითა და ბავშვებისთვის მყუდრო კუთხე-კუნჭულებით ფილმში კვლავაც უესანდერსონულ გარემოს ქმნის.
დაწერე კომენტარი