ფეტიშები, რიტუალები, სურვილები, ინტიმური მომენტები - ყველაფერი, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, შეგვიძლია ჯო ენ კალისის სიურეალისტურ და ფრაგმენტულ ფოტოგრაფიაში აღმოვაჩინოთ. სიამოვნებისა და დაძაბულობის დიქოტომიის ასახვა ორმოცი წელია ხელოვანის შემოქმედების ძირითადი მიზანს წარმოადგენს. ამისთვის იგი კარგად გათვლილ, დაბალანსებულ კომპოზიციას, კონტრასტულ ფერებსა და მოქნილ ფორმალიზმს იყენებს.
კალისის სურათები პროვოკაციულია, როგორც თავიანთი კონცეფციით, ისე გამოხატვის სტილით. მინიმალისტური სიმყუდროვე, რომელსაც ფოტოგრაფი მიმართავს, ცენტრალურ იდეაზე მთელი ყურადღების კონცენტრაციას განაპირობებს. ხანდახან ამგვარი პროჟექტორის შექმნა კადრში მხოლოდ ესენციური ფიგურების შემოტანით ხდება, ხანდახან კი დუნე ფონის საპირისპიროდ კონტრასტული, მყვირალა ფერების დაფიქსირებით.
ჯო ენ კალისის კამერა ხედავს იმას, რასაც ექსკლუზიურად კონსერვატიულ გარემოში მცხოვრები ქალები ხედავენ: საცხოვრებელი გარემოს ინტერიერს, ჭურჭელს, ნამცხვრებს, ფარდებს, სარეცხს... თუმცა ამ ნანახის გაზიარების მეთოდი ერთგვარად ეჭვიანობის გამომწვევია. ინდივიდუალიზმი და თავისუფლება, განსაკუთრებით, საკუთარი სხეულისა და სექსუალობის არაშაბლონურად შესწავლის კუთხით, თავდაჯერებულ ჭიდილს აღძრავს სოციალურ სივიწროვესთან. სირბილე ინოვაციურად გადაიხედება - ის არა მორჩილების, არამედ დაუმორჩილებლობის ენად იქცევა, რაც პატრიარქალური ძალაუფლების წყაროს გამოჩენისას შეჯახების წერტილს ქმნის.
თუკი იმავე პერიოდის სხვა ფოტოგრაფი მამაკაცების გადაღებულ ქალებს გადავხედავთ, მაშინვე შევამჩნევთ კონტრასტს: დამახინჯებასა და გროტესკს, რაც ქალის სხეულისა თუ ფსიქოლოგიის გარედან, სტერეოტიპულ განსჯას ახლავს თან. ჯო ენ კალისის სურათების თვალიერებისას შეგვიძლია მაღალი ქუსლების, გრძელი კიდურებისა და გამაშეშებელი იარლიყების ასფიქსიისგან გავთავისუფლდეთ, რაც საკუთარი სხეულისა თუ ცხოვრების ახალი, შეუსწორებელი პერსპექტივიდან შეცნობის საშუალებას მოგვცემს.
დაწერე კომენტარი