საკითხავია, არაადამიანური თავდაუზოგაობა და შრომა იყო რაინერ ვერნერ ფასბინდერის ნაადრევი კოლაფსის მიზეზი თუ პირიქით, ნაადრევი კოლაფსის მოლოდინი უქმნიდა წნეხს, თავდაუზოგავად ემუშავა. ფაქტია, რომ ათწლიანი კარიერის განმავლობაში მან ორმოცზე მეტი ფილმი შექმნა, მათგან ბევრი ახალი გერმანული კინოს კლასიკადაა ქცეული.

რაინერ ვერნერ ფასბინდერი სამოცდაათიან წლებში მოღვაწე გერმანელი რეჟისორი და დრამატურგი იყო, რომელმაც სახელი პროვოკაციული ნამუშევრებით გაითქვა. მისი ფილმები აკრიტიკებდა ბურჟუაზიული კლასის ღირებულებებსა და მანერიზმს, ასახავდა ლგბტქ+ ადამიანების ცხოვრებას და ამჟღავნებდა ინტიმურობისა და სიყვარულის ძალადობრივ, გამანადგურებელ მხარეებს. ფასბინდერი საკუთარი შემოქმედების მიღმაც არ გამოირჩეოდა ჰარმონიული დამოკიდებულებებით - ბევრი მას მჩაგვრელ მანიპულატორად თვლიდა, რომელიც ხშირად ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობდა  გარშემო მყოფებზე. ამგვარი პიროვნული გაორება, როდესაც მთავარი გმირი მსხვერპლიცაა და მოძალადეც, მის მრავალ ფილმში ირეკლება. 




ფასბინდერის კინოშემოქმედების პირველი ეტაპი თეატრთან ჰიბრიდს წარმოადგენდა. არაბუნებრივი, გამიზნულად ყალბი ელფერის მქონე დიალოგები, სტატიკური კადრები და მინიმალიზმი ადრეული ფილმების ძირითადი მახასიათებლებია. ამ სტილში შექმნილ ნამუშევრებს შორის შეგვიძლია პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები (1972) გამოვყოთ, რომელიც რეჟისორის პიესაზეა დაფუძნებული. პროტაგონისტი პეტრა ფონ კანტი (მარგიტ კარსტენსენი) მომაკვდავი დიზაინერია. იგი საკუთარ მდივანზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, მალევე კი გაიცნობს ახალგაზრდა გოგონას (ჰანა შიგულა), რომელიც თავის მხრივ პეტრათი იწყებს მანიპულირებას. ეს ძალაუფლებრივი დისბალანსით შეკრული სასიყვარულო სამკუთხედი ურთიერთობებისა და კომუნიკაციის შიშველ, საშიშ სახეს გვიჩვენებს. ფილმი ღრმა ფსიქოლოგიზმით ხასიათდება და სელფის ტრანსფორმაციის, პიროვნული განთავისუფლებისა და ეგოს კვდომის აბსტრაქტულ მომენტებს ასახავს. 






მეორე ეტაპი ძირითადად დუგლას სირკის სტილით შთაგონებულ მელოდრამებს მოიცავს, რომლებიც საშუალო კლასის ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე, კლასობრივის, სექსუალობისა და ურთიერთობების დინამიკის ბუნებაზე გვიყვება. ამ მიმართულებით შექმნილ ნამუშევრებს შორის გამოირჩევა
ალი: შიში სულს ჭამს (1974), მართა (1974), ეფი ბრისტი (1974), მხოლოდ ის მინდა, რომ გიყვარდე (1976). 





ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო ეტაპზე რეჟისორის ფილმები სიუჟეტისა და ფორმის კუთხით მეტად იდიოსინკრეტული ხდება. ფასბინდერის ყველაზე გახმაურებულ ფილმებს შორისაა 13 მთვარის წელიწადს (1978), რომელიც ვოლკერ შპინგლერის მონაწილეობით  ტრანსგენდერი ქალის, ელვირას ტრაგიკულ ცხოვრებას ასახავს. ფილმი რეჟისორის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს პოეტური კადრებით, დრამატული სიუჟეტითა და ემოციური შესრულებით, რასაც თან მალერის მგრძნობიარე მუსიკა ერთვის. ნამუშევარი არვინ მეიერს ეძღვნება, რაინერ ვერნერის პარტნიორსა და მსახიობს, რომელმაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე. 





1979 წელს ფასბინდერმა
მარია ბრაუნის ქორწინება გადაიღო, ერთგული მუზის, ჰანა შიგულას მონაწილეობით. ფილმმა რეჟისორს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და უცხოეთში ახალი გერმანული კინოს სახედ იქცა. სიცოცხლის ბოლო წლებში შეიქმნა აგრეთვე საკულტო ფილმები ლილი მარლენი (1981), ვერონიკა ვოსი (1982) და ქერელი (1982). ამ პერიოდში, მძიმე ცხოვრებისეული დანაკარგებისა და პიროვნული კრიზისების შედეგად, განსაკუთრებით გართულდა რეჟისორის ემოციური მდგომარეობა. იგი მთლიანად გაირიყა საზოგადოებისგან და საბოლოოდ, საკუთარი ოთახიდან გასვლაც შეწყვიტა. 1982 წლის 10 ივნისს რაინერ ვერნერ ფასბინდერი კოკაინისა და ბარბიტურატების შერევის ფონზე, გულის შეტევით გარდაიცვალა.  ის ჩართული ტელევიზორის წინ, პირში შერჩენილი სიგარეტით იპოვეს.