1970-იანი წლების დასაწყისიდან მარინა აბრამოვიჩი სხეულისა და გონების მიერ აღქმულ საზღვრებს აბიჯებს და  ხელოვანსა და აუდიტორიას შორის არსებულ ბარიერს არაორდინალური პერფორმანსებით აქრობს. “ხელოვანის დანიშნულება მშფოთვარე საზოგადოებისთვის სამყაროს შესახებ ცოდნის მიცემა, სწორი კითხვების დასმის საშუალება და გონების განვითარებაა“, - ამბობს სერბი ხელოვანი. მარინა ჩანაფიქრის გადმოსაცემად საკუთარ სხეულსა და აუდიტორიის ჩართულობას იყენებს. წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ეპატაჟურ პერფორმანსს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნებაზე.




Rhythm 0 წარმოადგენს 6-საათიან პერფორმანსს, რომელიც ხელოვანსა და მაყურებელს შორის ურთიერთობის საზღვრების შესამოწმებლად შეიქმნა. მარინა აბრამოვიჩი პასიურ როლში იყო, აუდიტორიას კი უფლება ჰქონდა მაგიდაზე არსებული 72 საგნიდან ნებისმიერი გამოეყენებინა სერბი ხელოვანისთვის სიამოვნების მისანიჭებლად, ანდაც ტკივილის გამოსაწვევად.  ამ საგნებს შორის იყო იარაღი, მათრახი, დანა, ყვავილები, თაფლი, ალკოჰოლი და სხვა დანიშნულების მქონე ნივთები. თავდაპირველად მაყურებლები პასიურობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, რომ არჩევანში შეზღუდულები არ იყვნენ, აგრესიულები გახდნენ. ხელოვანს შემოახიეს ტანსაცმელი და ჭრილობები მიაყენეს. როგორც მარინა აბრამოვიჩი ამბობს, „ამ ნამუშევრისგან მივიღე გამოცდილება, რომ პერფორმანსებში ხელოვანი შეიძლება შორს წავიდეს, თუმცა  გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოებას თუ მივანდობთ, შესაძლოა სიკვდილითაც კი დაასრულო“. 



Rest Energy  მარინასა და ულაის, იგივე უვე ლაისიპენის სახელს უკავშირდება. წყვილი წლების განმავლობაში ერთად მუშაობდა სხვადასხვა პერფორმანსზე. ისინი ცხოვრობდნენ და მოგზაურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. აღნიშნულ პერფორმანსში მარინა აბრამოვიჩი და ულაი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. მარინას მშვილდი ეჭირა, ულაის კი ისარი, რომელიც ქალის გულისკენ იყო მიმართული. მშვილდი დაჭიმული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ულაის ერთი არასწორი ნაბიჯი საბედისწერო შეიძლება გამხდარიყო მარინასთვის. ორივეს გულთან ახლოს ორი პატარა მიკროფონი ჰქონდა დამაგრებული, რაც საშუალებას აძლევდათ საკუთარი გულისცემა მოესმინათ. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ხელოვანებს უფრო სწრაფად უცემდათ გული. მიუხედავად იმისა, რომ პერფორმანსი მხოლოდ 4 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა, ეს დრო ორივეს საუკუნედ მოეჩვენა.  მარინა აბრამოვიჩი აღნიშნავს, რომ Rhythm 0 და Rest Energy ორი ყველაზე რთული პერფორმანსი იყო მისთვის, რადგან ორივეს შემთხვევაში საკუთარ სიცოცხლეზე პასუხს სხვა აგებდა.




1983 წელს მარინა აბრამოვიჩმა და ულაიმ განაცხადეს მათი უკანასკნელი კოლაბორაციის შესახებ, სახელწოდებით The lovers. ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირველი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის შესახვედრად გაივლიდნენ ჩინეთის დიდ კედელს. წყვილი კედლის საპირისპირო მხრიდან დაიძრა, დანიშნულების წერტილი კი ბუდისტური ტაძარი იყო შენსის პროვინციაში, სადაც უნდა ექორწინათ. მარინა ბოხაის ზღვიდან გაემართა ულაისთან შესახვედრად. მისი ლაშქრობის ნაწილი შედარებით რთული აღმოჩნდა, რადგან აღმოსავლეთ ჩინეთის მთიან რეგიონზე გადასვლა უწევდა. ერთხელ აბრამოვიჩმა ისიც ახსენა, რომ ადამიანების ძვლებით სავსე ადგილას მოუწია გადასვლა. ადგილობრივები დიდი ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდნენ მარინასა და ულაის მსვლელობას. ქალაქებსა და სოფლებში  მათ ხალხი დაჰყვებოდა უკან. ერთ-ერთ დასახლებაში სოფლის მოსახლეობა სპეციალურად შეიკრიბა მარინას ძილის საყურებლად. სერბმა არტისტმა გაღვიძებისას აღმოაჩინა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჩუმად აკვირდებოდა მას.



გეგმის თანახმად, წყვილი შენსის პროვინციაში შეხვდა ერთმანეთს, იქ არსებულ ტაძართა რიგებში. არტისტები დღეში საშუალოდ 20 კილომეტრს გადიოდნენ, 90 დღის შემდეგ კი დაახლოებით ორი ათასი კილომეტრი ჰქონდათ გავლილი. მიუხედავად იმისა, რომ მარინასა და ულაის მუსიკოსებიც და პრესაც დახვდათ დანიშულების ადგილას, ქორწინების ცერემონიალი არ შედგა. პეკინში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ ისინი ცალ-ცალკე დაბრუნდნენ ამსტერდამში და  22 წლის განმავლობაში აღარ უნახავთ ერთმანეთი.




2010 წელს MoMA-ში (The Museum of Modern Art) მარინა აბრამოვიჩის პერფორმანსი The Artist is Present შედგა. ხელოვანი 700 საათის განმავლობაში იჯდა ხის სკამზე და მდუმარედ უყურებდა მის წინ მსხდომ ადამიანებს. ხალხი საათობით იდგა რიგში, რათა მონაწილეობა მიეღო ამ პერფორმანსში. აბრამოვიჩი ერთგვარად სარკის ფუნქციას ასრულებდა და ადამიანებს საშუალებას აძლევდა პერფორმანსით არა მარტო შორიდან დამტკბარიყვნენ, არამედ მისი ნაწილიც გამხდარიყვნენ. წითელ კაბაში გამოწყობილი მარინა ჩუმად უმზერდა მაყურებლებს და თვალს არ აცილებდა მანამ, სანამ მათი დრო არ ამოიწურებოდა. მონაწილეებს შორის აღმოჩნდა ულაიც, რომელიც მარინას ათეული წლის განმავლობაში არ ჰყავდა ნანახი. აბრამოვიჩი თვალცრემლიანი უყურებდა თავის სიყვარულს. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებთან ფიზიკური კონტაქტი დაუშვებელი იყო, მარინასა და ულაის ხელები მცირე დროით, თუმცა მაინც შეერთდა.



მარინა აბრამოვიჩი, თანამედროვეობის უდიდესი შემოქმედი, პერფორმანსებში მოიაზრებს არა მარტო ხელოვანებს, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მაყურებლის პოზიციაზე ვხედავთ. სწორედ ამიტომ, მისი პერფორმანსებით  ესთეტიკური ტკბობის გარდა, ადამიანების ქცევებსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ და დასკვნები გამოვიტანოთ.