ჯული ბლექმონი, თანამედროვე ამერიკული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, მისურის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ცხოვრობს. ეს ის ადგილია, სადაც დაიბადა, გაატარა თინეიჯერობა, დაქორწინდა და თავადაც გააჩინა შვილები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფოტოგრაფიის მოყვარულები მის სახელს კარგად იცნობენ, ბლექმონი ფოტოგრაფიას 35 წლის ასაკამდე - კოლეჯის დამთავრებიდან 15 წლის განმავლობაში არ დაჰბრუნებია და, როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მისი სამი შვილი იყო.
შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ამერიკის გარეუბანში ცხოვრება ხელოვანისთვის საკმარისი არ არის და შემოქმედებისთვის შთაგონებაც რთული მისაღწევია, თუმცა, აშკარაა, რომ პოპ-კულტურაში გავრცელებული ტანჯული და შეფარულად ჰედონისტი ხელოვანის სახე ყველა არტისტის ხედვას სულაც ვერ აღბეჭდავს და როგორც ჯიმ ჯარმუშის „პატერსონის“ მთავარი გმირი, ჯული ბლექმონიც არასტერეოტიპული ხელოვანია - ფოტოგრაფი, დიასახლისი, სამი შვილის დედა.
თავად მრავალშვილიან ოჯახში გაზრდილი ფოტოგრაფის ნამუშევრებში მთავარ როლებს ბავშვები ასრულებენ, ხშირად საფრთხეში მყოფი, შეშფოთებული, სასაცილო ბავშვები; განათებითა და კომპოზიციით მისმა ფოტოებმა შეიძლება თეატრიც მოგვაგონოს. მათში ყოველთვის იგრძნობა წარსულის, ბავშვობის მოგონებების ნოსტალგია. ბლექმონს ვერ წარმოუდგენია სხვაგან ცხოვრება და ნაცნობი ადგილი თავდაჯერებულობასაც მატებს, მისი მოდელები მეზობლების, ან ნათესავების შვილები არიან, რომლებიც, როგორც ამბობს, გადაღებებისას მალევე იწყენენ, ამიტომაც ბლექმონს უწევს, სასურველი განათება და გადასაღები ადგილები წინასწარ განსაზღვროს. საინტერესოა ის, რომ ფოტოგრაფს კომპოზიციური წყობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არ გააჩნია - არასოდეს დაუხატავს ესკიზები, მონახაზები. კომპოზიცია მის ფოტოებში უმეტესწილად სპონტანურია, თუ არ ჩავთვლით შემთხვევებს, როცა ფიგურებზე „ფოტოშოპით“ მანიპულირებს. „ჩემი შემოქმედება მხოლოდ ფოტოგრაფია არ არის, არც ილუსტრაცია, არც ფერწერა და არც კინო - ის ყოველი მათგანის ნაზავია“, - ამბობს ბლექმონი.
პარადოქსია, მაგრამ მისი ფოტოგრაფია ორ ურთიერთგამომრიცხავ რამეს - წესრიგსა და ქაოსს აერთიანებს. ქაოსია თოკზე დაკიდებული, ანდაც აუზის კიდეზე მწოლიარე ბავშვები, ხოლო წესრიგს მის ხელწერად ქცეული კომპოზიციები წარმოადგენს, რომლებიც სურათს მთლიანობას ანიჭებენ. ფოტოგრაფიასთან დაბრუნებისას მისთვის შთაგონების მთავარი წყარო ოჯახთან შერწყმისა და, ამის პარალელურად, მისგან შორს ყოფნის მოთხოვნილება იყო. ბლექმონის ფოტოგრაფიას მალევე მიაკრეს „საოჯახო ფოტოგრაფიის“ იარლიყი, თუმცა მისი შემოქმედება ბევრად მეტია, ვიდრე ოჯახისა და ბავშვებისგან დასვენების სურვილი. ერთი შეხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ჯული ბლექმონი „საკუთარ ოთახს“ ეძებს, მაგრამ როგორც თავადაც ამბობს, მისთვის ფოტოგრაფია კონტროლის მოპოვების შეგრძნებასთან ასოცირდება, იმ ქაოსის დასაბალანსებლად, რასაც ცხოვრებაში აწყდება და რომლის შეცვლაც არ შეუძლია. „მაშინაც კი, როცა ყველაფერი იდეალურად არის, მაინც მაქვს განცდა, რომ ვერაფერს ვაკონტროლებ“.
დაწერე კომენტარი