ხელოვან თეზი გაბუნიას მიერ ნიუ-იორკის არმორი შოუზე წარდგენილი "ლუვრის ჩაძირვა", რომელიც კლიმატის ცვლილების პრობლემას უსვამს ხაზს, არმორი შოუს საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა. მის შესახებ ორი დღის წინ Artnet-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ხელოვანის ეს ნამუშევარი დამთვალიერებლების ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან მასში კლიმატის ცვლილებისა ყალბი ინფორმაციის გავრცელების პრობლემა ძალიან საინტერესოდაა წარმოჩენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი დამოუკიდებლადაც თვითმყოფადი და საინტერესოა, რადგან მისი კონცეფცია თანამედროვე პრობლემებსა და გამოწვევებს პასუხობს, როგორც ხელოვანი ამბობს, ის ამავდროულად ერთი სისტემური პროექტის მესამე ნაწილია, რომელსაც წინ უძღვის თეზი გაბუნიას სხვა, არანაკლებ საინტერესო ორი პროექტი, რამდენიმე თვეში კი მას ლოგიკურად მოჰყვება მეოთხე ნაწილიც.
“ლუვრის ჩაძირვა” შეიძლება მთელი პროექტის ერთ-ერთ ეტაპად განვიხილოთ. პირველი იყო ე.წ. ყალბი გამოფენა, სადაც Saatchi Gallery-ის მინიატიურულ მოდელში ვითომ თეზი გაბუნიას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სიმულაცია იყო, თუმცა ტექნიკურად ისე შესრულებული, რომ როცა ფოტოს უყურებდი, აღიქვამდი, თითქოს გამოფენა ნამდვილად გაიმართა. შემდეგ, მისი დოკუმენტაციის დროს, როცა ფოტოგადაღება მიმდინარეობდა, გალერეაში თავის შეყოფის ფაქტი დაფიქსირდა, რამაც მომდევნო ინტერაქტიული პროექტი “შეყავი თავი გალერეაში” გვიკარნახა, რომელიც “ლუვრის ჩაძირვის” სახით მესამე, თუმცა ამჯერად სტატიკურ პროექტად ჩამოყალიბდა. თითოეულ მათგანში მე რეალურად სისტემური მიდგომა მაინტერესებდა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ობიექტმა სხვადასხვა სახე მიიღოს, ერთიდან გახდეს მეორე, დაკარგოს მნიშვნელობა და შეიძინოს სულ სხვა, ახალი მნიშვნელობები”, – ამბობს თეზი გაბუნია.
ამჟამად ხელოვანი გალერეა "კორნფილდთან" და "ვინდოუ ფროჯექთთან" ერთად ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ლუვრის ჩაძირვის ტრაგედიის მეხსიერებას გულისხმობს. დამთვალიერებელი ნამუშევარს სავარაუდოდ, მაისში იხილავს.
დაწერე კომენტარი