ხამანწკების სიმბოლურ მნიშვნელობას ლიტერატურულ სამყაროში ფესვები საკმაოდ ღრმად აქვს გადგმული. ხამანწკები უძველესი დროიდან, ფიზიკური მსგავსების გამო, ქალის სასქესო ორგანოს სიმბოლურ დატვირთვას იძენს. აქედან გამომდინარე, იქ, სადაც გვხვდება ხამანწკა, საქმე თითქმის ყოველთვის ქალის მიმართ გამოხატულ ვნებასთან გვაქვს (გახსოვთ, როგორ ამოდის ბოტიჩელის ვენერა უზარმაზარი ნიჟარიდან?).
ამის კარგი მაგალითი ლევ ტოლსტოის ანა კარენინაა (1877), სადაც მწერალი ორ პერსონაჟს შორის სხვაობას სწორედ ხამანწკების ჭამის აღწერით ახერხებს. სცენაში, სადაც უფლისწული სტივა აბლონსკი და კონსტანტინ ლევინი სადილობენ, აბლონსკი ხამანწკებს დამშეულივით მიირთმევს, ხოლო ლევინი, მათი ჭამის მიუხედავად, იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად უფრო ესიამოვნებოდა პური და ყველი. აბლონსკის ლტოლვა ქალების მიმართ, რომელიც მთელი რომანის მანძილზე მის მეუღლეს სასტიკად სტკენს გულს, მის ხამანწკების მიმართ დამოკიდებულებაში იჩენს თავს, რაც მათ მიმართ გულგრილად განწყობილი ლევინის, სულიერ მდგრადობას, თავმდაბლობასა და მორალურ ძალას სრულ კონტრასტს უქმნის.
ხამანწკებს კინოშიც იდენტური სიმბოლური დატვირთვა აქვს. აბდელატიფ კეშიშის “ლურჯი ყველაზე თბილი ფერია” (2013) ამის ნათელი მაგალითია. ფილმი ორი გოგოს (ემასა და ადელის) რომანტიკულ ურთიერთობაზეა, რომელიც ფილმის მანძილზე არაერთ ქარიშხალს გადის. ერთ-ერთ სცენაში, სადაც ადელი ჯერ კიდევ არ აღიარებს სექსუალურ მიზიდულობას ემას მიმართ, გოგოები პარკში სხედან და ხამანწკებს განიხილავენ. ადელი თავის ზიზღს გამოხატავს და ამბობს, რომ არასდროს შეჭამს ამ არსებებს და ვერც ვერასდროს შეეხება, რათა ისინი მას ცხვირში წარმოქმნილ ლორწოს აგონებს.
მოგვიანებით, როცა ადელისა და ემას ურთიერთობა მეგობრობიდან ვნებიან რომანში გადადის, ხამანწკები კვლავ ბრუნდება ეკრანებზე. ადელი ემას მშობლების გასაცნობად სტუმრობს მის ოჯახს, სადაც ხამანწკების ჭამა უწევს. ამჯერად ადელი ბედავს მათ გასინჯვას და გემო იმდენად მოსწონს, რომ ეგრევე მეორე ხამანწკის მირთმევაზე გადადის. ერთი სიტყვით, ხამანწკები ამ ფილმშიც ეროტიკულ სიმბოლოდ გვევლინება და ადელის სექსუალურ მომწიფებას და ქალების მიმართ ლტოლვას ასახავს.
დაწერე კომენტარი