BBQ სოკოს სენდვიჩები, ჭარხლის ტირამისუ, ჯეკფრუტის ხინკალი, მარწყვის პუდინგი - ეს იმ მრავალი ვეგანური კერძის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც Toptheshaker - ანუნა თოფურიას მიერ შექმნილი კულინარიული ბლოგი გამომწერებს სთავაზობს. მისი ფილოსოფია ცხოველების სიყვარულსა და იმ იდეას ემყარება, რომლის მიხედვითაც „კვებით წამიერი სიამოვნების მიღების გამო, სხვას სიცოცხლე არ უნდა მოვპაროთ“. თავად ანუნა უკვე მეოთხე წელია, რაც მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებება და სურს, რომ მისეული რეცეპტები, რომელთა განახლებასა და ესთეტიკურ მხარეზე მუდმივად ზრუნავს, ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს და ამავდროულად, გაავრცელოს ის მესიჯი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი კერძის შემადგენელი პროდუქტების ვეგანური ინგრედიენტებით ჩანაცვლებაა შესაძლებელი.
მოხარულები ვართ გაცნობით, რომ სულ მალე, Hammock Magazine Toptheshaker-თან თანამშრომლობას იწყებს, ჩვენს მკითხველს შესაძლებლობა ექნება თვალი ადევნოს ყოველკვირეულ ვიდეოებს, სადაც ანუნა ბევრი გემრიელი ვეგანური კერძის რეცეპტებს შემოგვთავაზებს და ამავდროულად, ისაუბრებს იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტისა და სამყაროსათვის ის, რომ კვირაში თუნდაც ერთი დღით მაინც ვიყოთ ვეგანები.
ანუნა, პირველ რიგში გვიამბე, თავად რატომ გადაწყვიტე ვეგანი გამხდარიყავი, როგორი პირობებია დღეს საქართველოში მცხოვრები ვეგანებისათვის შექმნილი და რამდენად რთულია ის, რომ ადამიანი ამ გზას მიჰყვეს?
ცხოველების სიყვარულს დაბადებიდან მასწავლიდნენ - დავიბადე და გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც სულ გვყავდა შინაური ცხოველი, რომელზეც ზუსტად ისე ვზრუნავდით, როგორც ოჯახის სხვა წევრებზე. და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსი ვარ, რის გამოც ხშირად - განსაკუთრებით ქალაქგარეთ ყოფნისას - მიწევდა ხოლმე, რომ საკუთარი თავი თავად გამერთო და მარტოს მეთამაშა. იქ უმეტეს დროს ცხოველებთან ვატარებდი. დღემდე ვამბობ, რომ ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. ჩემი გადაწყვეტილებაც მეტწილად ცხოველების მიმართ პატივისცემამ განაპირობა. ჩემს ცხოვრებაში დადგა ერთი მშვენიერი დღე, როდესაც ჩემს თავს ვკითხე, თუ რატომ ვეფერებოდი ძაღლს და რატომ ვჭამდი ძროხას. ეს თითქოსდა სულელური კითხვა გარდამტეხია ბევრი მოქმედი ან მომავალი ვეგანის ცხოვრებაში და ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. 2014 წელს ნელ-ნელა დავიწყე კვების რაციონიდან ცხოველური პროდუქტების ამოღება, 2017 წლიდან დღემდე კი 100%-ით ვეგანურ ცხოვრებას მივყვები. მაშინ საქართველოში ამ მხრივ ცნობიერება ბევრად დაბალი იყო, ხოლო რაც დრო გადის, გარშემო მყოფებთან ამ თემაზე საუბარი უფრო და უფრო მიმარტივდება. ძალიან მიხარია, რომ თბილისში არაერთი ძალიან კარგი ვეგანური კაფეა, არის ბევრი ვეგანური თავის მოვლის საშუალება, მაღაზიებიც სავსეა ვეგანმეგობრული საკვებით.ამიტომ ჩემი აზრით, დღეს ამ გადაწყვეტილების მიღება აღარაა პრაქტიკულ სირთულეებთან დაკავშირებული.
ერთია, როცა თავად ხარ ვეგანი და მრავალფეროვანი, გემრიელი კერძების შექმნა გსიამოვნებს, ხოლო მეორე, საინტერესო კერძების რეცეპტების სხვებისთვის გაზიარება. როდის და რატომ გადაწყვიტე კულინარიული ბლოგი შეგექმნა?
კულინარია ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბლოგი კოვიდ 19-ის მიერ წარმოქმნილი ისტერიის ნაყოფია. პანდემიის დასაწყისში სახლში კვებას მივეჩვიე, ასე მომიწია. იმისათვის, რომ ჩემი ყოველდღიურობა გამემრავალფეროვნებინა, გადავწყვიტე, ჩემ მიერ მომზადებული საკვების მაქსიმალურად ფერადი და ლამაზი ფოტოები შემეგროვებინა, შემდეგ მათი ატვირთვა დავიწყე და ნელ-ნელა რეცეპტებიც გავართულე. როცა ადამიანების მხრიდან დაინტერესებაც დავინახე, გამიჩნდა მოტივაცია, რომ ჩემი ეს ჰობი, ჩვეულებრივ რუტინად მექცია. როცა სამსახურში არ ვარ, მაშინ აუცილებლად ვამზადებ ან ვწერ რეცეპტებს.
მოგვიყევი toptheshaker-ის, შენ მიერ შექმნილი კულინარიული ბლოგის შესახებ, რომელიც გამომწერებს ვეგანურ რეცეპტებს სთავაზობს. რა ფილოსოფიის ატარებს ის?
მე ჩემს თავს კულინარს ან მზარეულს არ ვუწოდებ, ვინაიდან ამისათვის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ მაქვს. ჩემს ბლოგზე რასაც ნახავთ, ესაა ექსპერიმენტები და ხრიკები, რომლებიც სრულიად სხვა ჭრილში დაგანახვებთ ვეგანურ, ანუ მცენარეულ კულინარიას. ვეგანობამდე ხორცის და ყველის დიდი მოყვარული ვიყავი, გურმანი. დღეს კი მინდა დავამტკიცო, რომ ყველანაირი კერძის იმიტირებაა შესაძლებელი. ვეგანობა ეს ტრენდი არაა. ესაა იდეოლოგიაა და რწმენა - რწმენა იმისა, რომ ჩვენ ყველა თანასწორები ვართ; რწმენა იმისა, რომ ადამიანები არ ვართ რამეზე უპირატესნი და ჩვენც ისეთივე ნაწილი ვართ ამ სამყაროსი, როგორც ყველა სხვა ცოცხალი არსება. ჩემთვის ჭეშმარიტება ისაა, რომ ჭამით წამიერი სიამოვნების მიღების გამო, სხვას სიცოცხლე არ უნდა მოვპარო. სიცოცხლე, რაც ყველაზე ღირებულია სამყაროში და ამის უფლება ყველა ცოცხალ არსებას უნდა ჰქონდეს.
საიდან მოდის ახალ-ახალი და საინტერესო რეცეპტების გამოყენების შთაგონება?
იდეები ყოველდღიურად მებადება. ადამიანებთან ურთიერთობაა ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონების წყარო. მცენარეული ცხოვრების წესზე ბევრს ვკითხულობ, ვუყურებ და ვსწავლობ. განსაკუთრებულად გულდასმით იმ კულინარიულ ხრიკებს ვიკვლევ ხოლმე, რომლებიც მცენარეებისათვის ნაცნობი გემოებისა და ტექსტურების მინიჭებაში გვეხმარება ყოველგვარი ცხოველური ინგრედიენტების გამოყენების გარეშე. ხშირად ჩემი შთაგონების წყარო ჩემი ნოსტალგიებია - მაგალითისათვის, ადრე ძალიან მიყვარდა ომლეტი, სტეიკი და ხაჭაპური. ყოველთვის, როცა რაიმე მინდება, სამზარეულოში მრავალი ექსპერიმენტის ჩატარებას ვიწყებ მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მივიღებ. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ახლა ყველანაირი კერძის „გავეგანება“ შემიძლია და ეს იმდენად მარტივია, რომ ამისთვის არც სპეციალური დანადგარების და არც მიუწვდომელი დანამატების გამოყენებაა საჭირო.
არსებობს შენთვის გამორჩეულად საყვარელი ინგრედიენტი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებ შენ მიერ მომზადებულ საკვებში და ფიქრობ, რომ მისი არომატი ბევრნაირ კერძს უხდება?
ვეგანობამდე ნამდვილად არ ვაფასებდი მცენარეებს ისე, როგორც ახლა. დღეს თითქმის ყველა ხილი და ბოსტნეული სიგიჟემდე მიყვარს, ხოლო რაც შეეხება განსაკუთრებულად საყვარელ ინგრედიენტს, ეს ჩემთვის სოკოა, რომელსაც აქამდე არასდროს ვაქცევდი სათანადო ყურადღებას, ახლა კურსებსაც კი გავდივარ მიკოლოგიაში. ვფიქრობ, რომ სოკო ყველაზე ხელმისაწვდომი, იაფი და გავრცელებული პროდუქტია და სწორედ მას აქვს ყველაზე დიდი მომავალი ვეგანურ გასტრონომიაში. ახლო მომავალში ვაპირებ სოკოების კულტივაციასა და საკუთარი ფერმის გაკეთებას, რაც იმის კარგი მაგალითი იქნება, თუ რა მარტივი და ეთიკურია ვეგანური კვება. ასევე, ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი პროდუქტი შევისწავლე, რაც აქამდე გაგონილიც კი არ მქონია. დღესდღეობით ვამზადებ ვეგანურ ყველს, რძეს, კარაქს, მაიონეზს, ხაჭოს. თუმცა რატომღაც ხორცის ჩანაცვლება ყველაზე აქტუალურია ჩემს გამომწერებში. ჩემი საყვარელი ალტერნატივები ტოფუ, ტემპე და სეიტანია. ეს სამი პროდუქტი იდეალური ცილის წყაროა და უპრობლემოდ შეგვიძლია ხორცის შემცვლელად გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე ჩემთვის განსაკუთრებულია სეიტანი, რადგან სოკოს მსგავსად, მის შესახებაც ბევრს ვიკვლევ. ესაა ვეგანური "ხორცი", რომელიც ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისაგან მიიღება.
რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, რომლებიც ვეგანიზმის დაწყებით ფაზაში არიან, ეს გზა მათთვის რომ უფრო მარტივი და ამავდროულად, საინტერესო გახდეს?
უბრალოდ დაიწყე! თუ უკვე ერთხელ მაინც გიფიქრია ამ ნაბიჯის გადადგმის შესახებ, ანუ შესრულებაც აუცილებლად გამოგივა. დამიჯერე, ამაზე კარგ საჩუქარს პლანეტას ვერ გაუკეთებ. დღეს ყველაზე მეტად ვჭირდებით დედამიწას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა გაითავისოს. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ სამყაროს ნაწილი ვართ და არა პირიქით. არ შეგეშინდეთ, გვიანი არასდროს არაა. მთავარია მიხვიდეთ ამ გარდატეხამდე. მე თქვენ გვერდით ვარ და თანაც მზად, რომ ნებისმიერი მონატრებული რეცეპტი გაგიცოცხლოთ.
და ბოლოს, გვიამბე იმის შესახებ, თუ რატომ დაინტერესდი ჩვენი ჟურნალით, გაგვიზიარე, რა მოლოდინი გაქვს და რას იხილავს მკითხველი ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში.
ყოველთვის ვამბობ, რომ არასდროს წავალ ტელევიზიაში და არასდროს გამოვჩნდები ზედმეტად მედიაში. მე ჩემი წილი საქმე ჩემით უნდა ვაკეთო, ჩემივე სივრცეში. რაც შეეხება Hammock Magazine-ს, თქვენთან თანამშრომლობა ჩემთვის განსაკუთრებულია. ვგრძნობ, რომ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ამ თემაზე - ვეგანიზმსა და მის მნიშვნელობაზე უნდა ვსაუბრობდეთ. ძალიან მიხარია, რომ თქვენს მკითხველთან მექნება ურთიერთობა და ჩემთვის დიდი პატივია თითოეული მკითხველის წინ ამ თემის საჯაროდ გამოტანა. თანაც ვიცი, რომ ისინი გაიგებენ იმას, თუ რის თქმასაც ვცდილობ ჩემი საქმიანობით და იმ ესთეტიკასაც დააფასებენ, რომელიც ჩემს საქმეს ახლავს თან და რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ ბევრი ლამაზი, კეთილი და საჭირო პოსტია. ვეცდები, რომ ყოველ ორშაბათს თქვენს მკითხველს დავუმტკიცო, თუ რატომაა საჭირო ცვლილებები, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ყველანი თუნდაც კვირაში ერთი დღით იყვნენ ვეგანები.
დაწერე კომენტარი