იკებანა პირველად მეთხუთმეტე საუკუნის ტექსტში გვხვდება, სადაც ზედმიწევნით არის მოცემული ყვავილების წყობის ინსტრუქცია, რომელიც კონკრეტულ სეზონებსა და მოვლენებს შეესაბამება. მას თავდაპირველად „ტატეჰანა“, ანუ „მდგომარე ყვავილები“ ეწოდებოდა. იგი ორი ძირითადი ელემენტისგან შედგებოდა: ფუძე, იგივე „შინი“, რომელიც ვერტიკალურია და „შიტაკუსა“ - ნაწილები, რომლებიც შინის ირგვლივ იყო განლაგებული. „შინი“ ძირითადად რომელიმე მარადმწვანე ხის ტოტი იყო, ხოლო ყვავილები და მცენარეები მისი დანარჩენი ელემენტები. მოგვიანებით, იკებანას სწავლებას და კიდევ უფრო პოპულარიზაციას იკენობოს სკოლით ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ბუდისტი მოძღვრის - იკენობო სენკის სახელთანაა დაკავშირებული. იკენობო ბუდისტური ტრადიციის შესაბამისად, ტაძარს ყვავილებით რთავდა და თავისი ლამაზი დეკორაციებით სახელი ჰქონდა განთქმული. იკებანა ნელ-ნელა საზოგადოების მაღალი წრეებიდან, არისტოკრატებიდან და სამურაებიდან ხალხშიც გავრცელდა და ტრადიციად იქცა. მისი მთელი ჯადოსნურობა ბუნების არსის ერთ პატარა ლარნაკში მოქცევა იყო.

 



იკებანა უშუალოდ არის დაკავშირებული და ასოცირებული იაპონურ ფილოსოფიასა და ცხოვრების წესთან. ამ წესმა გამოხატულება პოვა ყვავილების ნაზ კომპოზიციებში. თითოეულ კვირტს, ყვავილს, ფოთოლსა და ტოტს ის დატვირთვა აქვს, რომ კიდევ უფრო გამოიკვეთოს, ხაზი გაუსვას ბუნების არსებობას თავისუფალ,  წყნარ ატმოსფეროში. იკებანას სულ რამდენიმე შტრიხით შეუძლია ძლიერი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინოს. მასში ბალანსი  და სივრცე ყოველთვის დაცულია, არ აქვს მნიშვნელობა იკებანა ტრადიციულია თუ თანამედროვე. მართალია, ლარნაკში მოთავსებული ყვავილები ადამიანებს ოდითგანვე მოსწონდათ და მისი სილამაზით ტკბებოდნენ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ზედაპირული ტკბობა, მათი არსის გაცნობიერების გარეშე. იკებანაში კი მნიშვნელოვანია არა მათი სილამაზე, არამედ შინაარსი და ემოცია.

 




იკებანასა და ჩვეულებრივ თაიგულებს შორის, გარდა ფილოსოფიური დატვირთვისა, ვიზუალური სხვაობაც არის. თაიგულებში ყვავილები სწორადაა ჩაწყობილი და ლარნაკებიდან თამამად იმზირებიან,  იკებანაში კი ყვავილი მნახველს პირდაპირ არ უყურებს, უმეტესად დახრილია ან შებრუნებული, აქცენტი ღეროებსა და ტოტებზე უფრო კეთდება; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფერს, ხაზს, ფორმას, რათა ერთიანი, დასრულებული ნამუშევარი გამოვიდეს. ფორმები ცვალებადია და ზოგჯერ უცნაურიც: შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და კომპოზიციის, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ყვავილისგან შემდგარი, რომელშიც ტოტები, სხვადასხვა მცენარეები და ბუნებრივი ელემენტები ურევია. ტრადიციულ იკებანაში დიდ როლს თამაშობს როგორც სიმბოლიზმი, ასევე სეზონები. მაგალითად, მთელი წლის მანძილზე შეიძლება იკებანაში ბამბუკის ღეროები ფიგურირებდეს, ახალ წელს ფიჭვისა და იაპონური ქლიავის ტოტები ჭარბობს, მარტში გოგონების დღის აღსანიშნავად ატმის ტოტები ურევია, გაზაფხულზე ნარგიზები და იაპონური ზამბახებია აქტუალური, ზაფხულში - კალები, ხოლო შემოდგომაზე - ქრიზანთემები.

 




ვიზუალურად იკებანას წყობისთვის მთავარია სიმარტივე, სიმეტრია და ძირითად ნაწილებს შორის სივრცის სწორად განსაზღვა. იკებანაზე აქცენტი მხოლოდ ყვავილზე არ კეთდება, არამედ ფოთლებზე, ღეროებსა და ამ ელემენტებს შორის სივრცეზე. მასში გათვალისწინებულია ძენ ბუდიზმის ბევრი პრინციპი: მინიმალიზმი, განსჯა, სიმარტივე და სიცარიელე. ხშირად ყვავილებს საკუთარ ფოთლებს და ღეროებს უტოვებენ და მაქსიმალურად ბუნებრივად აწყობენ, რათა იკებანამ უფრო მეტად გაამძაფროს ხელუხლებელი ბუნების განცდა და მხოლოდ ყვავილების გარეგნული სილამაზით არ შემოიფარგლოს. იკებანას მთავარი არსი საგნების წარმავლობაზეა, რადგან ყვავილები, ტოტები, ფოთლები საბოლოოდ მაინც ჭკნება. ეს არის ბუნების ცვლისა და დროის სვლის გააზრება. ადამიანები ყვავილებს ჰგვანან: როგორც ყვავილი ცოცხლობს, ჭკნება და კვდება, ასევეა ადამიანიც. იკებანას თავისი რიტუალიც შეიძლება ჰქონდეს, რომელიც სრულ სიჩუმეში ტარდება და ბუდისტურ გულის სუტრას ეფუძნება, რომელიც სულს ამშვიდებს და სხეულს სილამაზის აღსაქმელად ამზადებს. სუტრის მიხედვით „ფორმა არაფერია, თუ არა სიცარიელე. სიცარიელე არაფერია, თუ არა ფორმა. ფორმა უფრო ზუსტად, სიცარიელეა. სიცარიელე ზუსტად ფორმაა. შეგრძნება, აღქმა, რეაქცია და გონებაც ასეა“. ასევე, მნიშვნელოვანია ის ჭურჭელი, რომელშიც იკებანაა მოთავსებული. ის ხშირად უბრალო შესახედაობისაა, თუმცა ვიზუალურად კარგად ესადაგება ყვავილებს. ეს ჭურჭელი ნიადაგის შეგრძნებას გვიქმნის, რომელიც დედამიწას, მიწას, საფუძველს განასახიერებს.

 



მოგვიანებით იკებანა სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და სხვადასხვანაირი ფორმა მიიღო, მეტიც, ტრადიციული იკებანას სტილიც შეიცვალა. იკებანას შემოქმედებას უფრო მეტი თავისუფლება მიეცა, მასში სხვა ცოცხალი ელემენტებიც ჩაერთო, როგორიც არის მიწა, ქვები, ხავსი; შეერია ისეთი ყვავილები, რომლებიც იაპონიაში არ არსებობს და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამჟამად იკებანას ყველაზე პოპულარულია სახეობებია იკენობო, ოჰარა და სოგეტსუ.

 



ფრიკებანა თანამედროვე ტრენდია, რომელიც შეიძლება იკებანას ნათესავად მოვიაზროთ, მაგრამ მათ შორის სხვაობა ძალიან დიდია. თუ იკებანა მინიმალიზმსა და ბალანსზეა ორიენტირებული, ფრიკებანა შეზღუდული არ არის და ყველაფრის გამოყენება შეიძლება, მათ შორის სხვადასხვა ხილის, საგნებისა და აქსესუარების. ფრიკებანა სილამაზეს არ დაგიდევთ, მისი მთავარი მიზანი ეფექტის მოხდენაა. ის სიურრეალისტურია, მიმზიდველი და შეიძლება ითქვას, ვულგარულიც, თანამედროვე სილამაზის აღქმაზე თავისებურ ვარიაციას იძლევა. ფრიკებანას ბაზისად ხშირად გამოიყენება ხილი ან ბოსტნეული, მაგალითად, კარტოფილი, გოგრა, ლიმონი, გრეიპფრუტი, მსხალი. ფრიკებანაში ნებისმიერი საგნის გამოყენება შეიძლება, ისეთებისაც, რომლებიც წარმოუდგენლად გვეჩვენება. იგი სილამაზისა და სიმახინჯის ნარევია.

 



იკებანა კი ბალანსის პოვნა და ურთიერთსაპირისპირო მოვლენებს შორის ძიების პროცესია, როგორიცაა ხილული და უხილავი, სიცოცხლე და სიკვდილი, მუდმივობა და წარმავლობა, სირთულე და სიმარტივე. ისევე როგორც ხელოვნების ყველა მიმართულებამ, იკებანამაც დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და დროის გავლენით ცვლილებები განიცადა, თუმცა მას არასდროს დაუკარგავს კავშირი ბუნებასთან. მეტიც, ის განსაკუთრებით ღირებული გახდა დღეს, როცა ეკოლოგიური პრობლემები და გარემოს დეგრადირება უფრო და უფრო თვალშისაცემია. იკებანა ქალაქის რიტმით და გარემოთი დაღლილ ადამიანებს მიგვანიშნებს, რომ ბუნებას უნდა დავუბრუნდეთ და დავაფასოთ იგი.


ფოტოების წყარო:

1. anothermag.com