ჰიბრიდული ჟანრები და ურთიერსაპირისპირო კომპონენტების გაერთიანება სამი ათეული წელია ეთან და ჯოელ კოენების ნიშას წარმოადგენს. ძმების ფილმოგრაფია მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მოიცავს ყველაფერს, კრიმინალურ დრამაში გადაზრდილი რომანტიკული კომედიიდან თრილერებისა და ნეო-ნუარის ჩათვლით. ძირითადი გამაერთიანებელი ღერძი ამ ფილმებისთვის აბსურდული სამყაროა-კოსმოსური ირონიით აღჭურვილი განზომილება, სადაც სამართლიანობისა პრინციპები არაკანონზომიერად მოქმედებს.
კოენების ფილმები მრავალენიანობით ხასიათდება. მიუხედავად მათი თანამდევი პაროდიულობისა, ისინი ყოველთვის გარკვეულ ფილოსოფიურ, არსობრივად მეტად სერიოზულ პრობლემებს ეჭიდებიან. ამ სერიოზულობას შედარებით დიდი დოზით კოენების ორ კრიმინალურ თრილერში ვაწყდებით - ფარგო (1994) და მოხუცების ადგილი აქ არ არის (2007). ორივე ნამუშევარი მკვლელობას, დანაშაულსა და გამოძიებას ეხება, რისი წარმართვისთვისაც ნიადაგს ფასეულობადაკარგული, ნიჰილისტური გარემო ქმნის.
ფილმებში შესავალი კადრები იზოლირებული, სიცოცხლისგან დაცლილი, განმარტოებით მყოფი ლანდშაფტების ჩვენებას ეთმობა, რასაც შემდგომ წესრიგისაგან გაუცხოებული ადამიანების ქმედებები ერთვის თან. კოენების მეტასივრცე პოსტმოდერნული გარემოა. აქ ღმერთი დიდი ხანია დაიკარგა და შესაბამისად, აღარ არსებობს ძირითადი, ღერძული საყრდენი, რომელიც კაცობრიობის მორალსა და არსებობას სისტემურ წესრიგს მიანიჭებდა. სწორედ ეს დაკარგულობა და დეზორგანიზებაა ის ათვლის წერტილი, საიდანაც რეჟისორების კვლევის პროცესი იწყება. რატომ ან სად უნდა გაჩერდეს ადამიანი? როგორია აბსურდისადმი ინდივიდუალური მიდგომა? კოენებს კინოში დანაშაული ლაკმუსის ქაღალდად შემოაქვთ. ზოგიერთ პერსონაჟს ისინი საშუალებას აძლევენ, აითვისოს ნორმების წაშლით გამოთავისუფლებული ადგილი, ზოგი კი კვლავ ცდილობს გარდასული დროის მორალური პრინციპების შენარჩუნებას, მიუხედავად მათი კონტექსტური ირაციონალურობისა.
,,რა აზრი აქვს ისეთი წესის არსებობას, რომელმაც აქამდე მოგიყვანა?’’ - ამ კითხვას ფილმში მოხუცების ადგილი აქ არ არის ადამიანურ ფასეულობებს მიღმა მდგარი მკვლელი, ანტონ ჩიგური სვამს, რითაც მარტივად აჯამებს სხვაობას თავის და ეთიკის ჩარჩოებში მყოფ ,,ჩვეულებრივ’’ ადამიანებს შორის. ეს კრიზისული, უპასუხო წერტილი მოდერნულობის მთავარ ფილოსოფიურ ჭიდილს ეხმაურება - ჩვენს საუკუნეში აღარც მორალის კანტიანური, რაციონალისტური მექანიზმი გამოდგება და აღარც ერთი საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობით მომუშავე სოციალური კონტრაქტი, რომლის კოლაფსსაც სერიოზულ კაცში (2011) ვაწყდებით. სწორედ ამიტომაც აღარ არის მოხუცების ადგილი ამერიკის სტეპებში, პატარა ქალაქებში, სასტუმრო “კალიფორნიასა” და ბოულინგის დარბაზებში, რაც დიდებულ მასალას ქმნის დაუნდობელი შავი კომედიების გადასაღებად.
მეორე მხრივ, საზრისისა და საყრდენის დაკარგვა, ობიექტური ჭეშმარიტების დანაკლისი პერსონაჟებზე თავისებურად აისახება - დეზორგანიზაცია საკუთარი ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობას ბადებს, რაც შედეგად თვითმყოფადი და უნიკალური პიროვნებების ჩამოყალიბებით გვირგვინდება. ნაცვლად ერთსულოვნად გაზიარებული როლური ნარატივისა, მოდერნულ სამყაროში ადამიანები დამოუკიდებლად ქმნიან საარსებო პროგრამას: ქცევებს, სტილს, აზრებსა და ფასეულობებს. კოენების საკულტო ფილმში დიდი ლებოვსკი (1998) ამგვარი პერსონაჟების კომიკური სიმრავლეა - მათ შორის არიან გართულებების გარეშე მცხოვრები ,,დუდ’’ ლებოვსკი (ჯეფრი ბრიჯისი) ხალათით, შორტებითა და შავი სათვალით; იდუმალი მთხრობელი კოვბოი (სემ ელიოტი), ანდაც პერვერტი იესო (ჯონ ტურტურო), რომელიც მიუხედავად რამდენიმეწამიანი საეკრანო დროისა, იისფერი კომბინეზონით, ფერადი ბეჭდებითა და კრეატიული ბილწსიტყვაობით საოცრად დასამახსოვრებელ პერსონაჟს წარმოადგენს.
პარადოქსულობა, გროტესკული, გაზვიადებული პიროვნული ნიშნები, მანერიზმები და სახასიათო გარეგნობა კოენების საიდუმლო ინგრედიენტებია ეფექტური გმირების შესაქმნელად. გარდა ამ ძირითადი კომპონენტებისა, ისინი ხშირად იყენებენ მუსიკას პერსონაჟების ხასიათის არაპირდაპირ საჩვენებლად, იქნება ეს Hotel California-ს ლათინოამერიკული ვერსია (იესო კვანტანა - დიდი ლებოვსკი), ჯენის ჯოპლინის სიმღერები ივრითის გაკვეთილზე (დენი გოპნიკი - სერიოზული კაცი) თუ ფოლკზე აგებული მთლიანი ფილმი, სადაც ყველა პერსონაჟი თავადვე მღერის მისი ხასიათის გამომხატველ სიმღერას (ლუინ დევისის შიდა მხარე-2013).
ეგზისტენციალური საკითხების გარჩევა თითქმის ყოველთვის არის დიდი რეჟისორების კინოს ამოცანა, თუმცაღა ტრაგიზმის ნაცვლად მათი კომიკურ რელსებზე გადაყვანა ერთობ რთული ნაბიჯია. როგორც ჯოელ კოენი აცხადებს, მისი ფილმები არასდროს იქცევა ადამიანური ბუნების გამარჯვების მონუმენტად, რაც პესიმისტურ და იმედდაკარგულ ხედვას ამჟღავნებს, თუმცა ამის საპირისპიროდ, მათი ფილმები ბევრ ადამიანს გვრისს ხალისსა და გამათავისუფლებელ სიამოვნებას. როგორც ვიტგენშტაინი წერდა, პრაქტიკაში სიცოცხლის პრობლემის მოგვარება ამ პრობლემის აორთქლებით ხდება. ძმების სამყაროს კომიკურობაც მსგავსი პოსტკრიზისული ხედვიდანაა აღმოცენებული. უსაზრისობის სიბნელისა და უსაზღვრო თავისუფლების დუალურობა ბაზისია ყველა იმ პარადოქსისთვის, რომელზეც ჯოელ და ეთან კოენების გამოუცნობი ფილმებია დაშენებული.
ფოტოების წყარო:
1. theguardian.com
2. indiewire.com
დაწერე კომენტარი