ხელოვნების ისტორიაში მრავლად გვხვდებიან ისეთი მხატვრები, რომლებმაც თავიანთ სიცოცხლეში ვერ მიიპყრეს განსაკუთრებული ყურადღება. ამ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება ამერიკელი სიურრეალისტი მხატვარი გერტრუდა აბერკრომბი, რომელიც ფართო აუდიტორიისათვის არცთუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. ბოჰემური ხელოვნების დედოფლად წოდებული გერტრუდა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჩიკაგოში, მხატვრებისა და ჯაზის შემსრულებელი მუსიკოსების წრეში. მისი მხატვრობის ადრეული წლები შედარებით თავისუფალი სტილით ხასიათდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ხელოვანმა საკუთარი თავი სიურრეალისტურ მიმდინარეობას დაუკავშირა.



გერტრუდა აბერკრომბი 1909 წელს საოპერო მომღერალთა ოჯახში დაიბადა. მშობლებს, პროფესიული საქმიანობის გათვალისწინებით, ხშირად უწევდათ მოგზაურობა ევროპასა და ამერიკაში, თუმცა გერტრუდას დაბადების შემდეგ, საბოლოოდ, ჩიკაგოში დასახლდნენ. აბერკრომბმა ენების შესწავლა ილინოისის უნივერსიტეტში დაიწყო, პარალელურად კი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ესწრებოდა ლექციებს. 30-იან წლებში იგი დაუმეგობრდა არაერთ ჯაზის შემსრულებელ მუსიკოსს. მათ შორის ჩარლი პარკერსა და დიზი გილესპის, რომლებთან ერთადაც ხშირად მართავდა წვეულებას საკუთარ სახლში. ამ ავანგარდულ წრეში ხშირად გერტრუდას შთაგონებით ქმნიდნენ მუსიკას. რიჩი პაუელმა და კლიფორდ ბრაუნმა სწორედ მას მიუძღვნეს “Gertrude’s Bounce”.

 

გერტრუდა აბერკრომბი თავის სიურრეალისტურ ნამუშევრებს კონკრეტულ თემებსა და სიმბოლოებზე  ქმნიდა. მისი შემოქმედების ძირითად ნაწილს კატები, ღრუბლები, მთვარე, კლდეები, კარები და ზღვის ნიჟარები წარმოადგენს. ამერიკელი მხატვარი ხშირად ქმნიდა ავტოპორტრეტებსაც, რომლებიც სრული სიზუსტით არ ასახავდა გერტრუდას ფიზიკურ მახასიათებლებს.




გერტრუდა თავის სიმბოლოებს ძირითადად ღამის პეიზაჟებსა და ნაკლებად გადატვირთულ სივრცეში ათავსებდა, რაც მისი სიზმრების და შიშების ბრწყინვალე რეპრეზენტაციას წარმოადგენდა. აბერკრომბი აღიარებდა ევროპელი სიურრეალისტების, რენე მაგრიტისა და ჯორჯ დე კირიკოს შემოქმედების გავლენას საკუთარ ნამუშევრებზე. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გერტრუდას მხატვრობა მეტწილად საცხოვრებელი არეალით და კულტურით იყო შთაგონებული.




აბერკრომბის ნამუშევრები ავტობიოგრაფიულია. ამერიკელმა მხატვარმა ერთხელ აღნიშნა: “მე ყოველთვის საკუთარ თავს ვხატავ”. გარდა იმისა, რომ გერტრუდას შემოქმედებაში მრავალი ავტოპორტრეტია, მის ნამუშევრებში არსებული საგნებიც კი თავად მხატვარს წარმოადგენს. აბერკრომბი საკუთარ თავს მიმზიდველ ქალად არ მიიჩნევდა, შესაბამისად, მის ავტოპორტრეტებში თითქმის სრულად უგულებელყოფილია რეალური ვიზუალი. ეს ნამუშევრები მხატვრის ფსიქოტიპის ამსახველი უფროა, ვიდრე ფიზიკური მახასიათებლების. გერტრუდას ავტოპორტრეტებში მახვილი თვალი აუცილებლად ამოიცნობს სიურრეალისტის ემოციურ და მენტალურ მდგომარეობას.




აბერკრომბი შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველ წლებში გატაცებული იყო კარის სიმბოლოთი, რაც მის ნამუშევრებშიც აისახა. იდუმალ პეიზაჟებში კარი მიღმიერ სამყარომდე მიღწევის სურვილად შეგვიძლია აღვიქვათ. გერტრუდამ ამ ნამუშევრებით მცირედი ცვლილება შეიტანა ლანდშაფტისა და შიდა ინტერიერის ჟანრებში, რითაც მიუახლოვდა ბელგიელ სიურრეალისტებს. ამერიკელი მხატვრის შემოქმედებაში კარის სიმბოლომ გვიჩვენა, რომ გერტრუდა აქტიური ცხოვრების წესის მიუხედავად, რაც მისი სოციალური წრით განისაზღვრა, რეალურად მარტოსული იყო და მისი გრძნობები სხვებისთვის მიუწვდომელი რჩებოდა.




ბოჰემური ხელოვნების დედოფალი პატივსაცემი იყო ჩიკაგოს მცირე აუდიტორიისთვის, თუმცა ფართო მასშტაბით ცოტა ხნის წინ მოიპოვა აღიარება. საინტერესოა, თუ რატომ დარჩა ასეთი ნიჭიერი მხატვარი თავის სიცოცხლეში ყურადღების მიღმა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ გერტრუდა აბერკრომბის შემოქმედება არცერთ მხატვრულ მიმდინარეობასთან არ ასოცირდებოდა, მას ახლა მივაკუთვნებთ სიურრეალიზს. ეს, ერთი მხრივ, განაპირობა გეოგრაფიულმა სიშორემ -  სიურრეალისტი მხატვრები ძირითადად ევროპაში მოღვაწეობდნენ, ამერიკელი მხატვარი კი ამის გამო ჩამოშორებული იყო ამ მიმდინარეობას და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. გარდა ამისა,  მეოცე საუკუნის შუა ხანებში მდედრობითი სქესის  ხელოვანები ხშირად იჩაგრებოდნენ და იჩრდილებოდნენ საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მხრიდან. ამასთანავე, გერტრუდას მხატვრობა კომერციულ მიზნებსაც უკავშირდებოდა, იგი თითქმის ყველა ნახატს ყიდდა. სიცოცხლის ბოლო წლებში დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო რამდენიმე ნამუშევრის გამოსყიდვა, რათა თავისი კვალი დაეტოვებინა ხელოვნებაში.




ამერიკელი მხატვარი სიმბოლოებითა და ნაკლებად დატვირთული პეიზაჟებით იპყრობს თანამედროვეთა ყურადღებას. გერტრუდა აბერკრომბი ნამუშევრებში საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობდა.  თითოეული საგანი თუ ნივთი, რომელსაც ამერიკელი სიურრეალისტის შემოქმედებაში ვხვდებით, გერტრუდას სულიერ სამყაროს ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ  საკუთარ სიცოცხლეში სათანადოდ ვერ დაფასდა, მხატვარმა წლების შემდეგ მოიპოვა ნანატრი აღიარება. ის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სიურრეალიზმის და ზოგადად, მხატვრობის მოყვარულთა წრეში.


ფოტოების წყარო:

1. artnet.com
2. chicagomag.com