"დეტალები არ არის მხოლოდ დეტალები. ისინი ქმნიან დიზაინს". - ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ დიზაინერს, ჩარლს იმესს ეკუთვნის, რომელიც, როგორც ამ სიტყვებიდანაც ჩანს, ადამიანის საარსებო გარემოში ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად დეტალებს აღიქვამდა. დეტალები, რომლებიც დიზაინს ქმნიან, სინამდვილეში ჩვენ გარშემო იმაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, ვიდრე შეიძლება ვიზუალური ან დეკორატიული დანიშნულება იყოს, რადგან ცალკეული საგნის მნიშვნელობა, ფუნქცია, მისი ფორმა თუ ვიზუალური ესთეტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლოა შთაგონების წყარო ან მოვლენების შემოქმედებითად აღქმის ახალი საშუალება გახდეს. ყოველდღიურ საქმიანობაში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება კი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სწორედ ამ იდეით, თიბისი კონცეპტის ახალმა სივრცემ, რომელმაც მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილების აღმოსაჩენად ყველა პირობა შექმნა, თავის ისტორიულ შენობაში ადგილი სამუშაო პროცესის მიღმა შემოქმედებისთვისაც გამონახა, შექმნა კონცეპტუალური მაღაზია, სადაც საკულტო დიზაინ-ობიექტებს, არტ-წიგნებს, ინდი-ჟურნალებს, საკანცელარიო ნივთებს და ყველა იმ ნივთს შეხვდებით, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მეტ ინტერესს შესძენს.
თიბისი კონცეპტის მაღაზიაში ლიმიტირებული რაოდენობით წარმოდგენილი კოლექცია პერიოდულად განახლდება, ჩვენს სტატიაში კი ამჟამად წარმოდგენილი ნივთებიდან მხოლოდ რამდენიმეს გაგაცნობთ, რომელთა შორისაც სხვათა შორის თავად ჩარლზ იმესის მიერ შექმნილი საკულტო სკამიც მოხვდა.
Vitra Miniature Chairs
შვეიცარიული კომპანია Vitra, რომელიც ოთხმოც წელიწადზე მეტია თანამედროვე დიზაინ-ობიექტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კონცეფციის სივრცეებისთვის ქმნის, ამასთანავე ფუნქციონირებს როგორც Vitra-ს დიზაინის მუზეუმიც, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან ხშირად მასპინძლობს გამოფენებს, Vitra-ს ლეგენდარული ავეჯის საარქივო კოლექციებსაც აერთიანებს. დაახლოებით ოცი წლის წინ მუზეუმმა გადაწყვიტა, Vitra-ს მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი უნიკალური ავეჯი ხელახლა, ამჯერად მინიატურული კოლექციის ფორმით გაეცოცხლებინა. კოლექცია, რომელიც ისტორიციზმიდან დაწყებული, არტ ნუვოს, ბაუჰაუსის, პოსტმოდერნიზმისა თუ თანამედროვე დიზაინის სკამებს აერთიანებს, 100-ზე მეტ ნამუშევარს მოიცავს, რომელთაგან თითოეული ლიმიტირებული რაოდენობითაა შექმნილი. თიბისი კონცეპტის კონცეპტუალურ მაღაზიაში მისული სტუმარი "ვიტრას" მინიატურული სკამების კოლექციიდან Miniatur Eame-ს იხილავს.
Vitra Eames Elephants
1940-იანი წლების დასაწყისში ჩარლზ და რეი იმესებმა სპილოს ფორმის სკამი შექმნეს, რომელიც ჩარლზის შვილს, თოთხმეტი წლის ლუსიას აჩუქეს. მაშინ ამ ნიმუშის სერიული წარმოება ჯერ დაწყებული არ იყო, ამიტომ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის 1946 წლის გამოფენაზე სწორედ ლუსიასთვის შექმნილი ის ერთადერთი სკამი გამოიყენეს. წლების შემდეგ, 2007 წელს, Vitra-მ ლეგენდარული Eames Elephant თავდაპირველად ხის დიზაინითა და ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვა, დროთა განმავლობაში კი ეს ობიექტი პლასტმასითაც დამზადდა. დღეს Eames Elephant, რომელიც ძირითადად მცირეწლოვან ბავშვებზეა გათვლილი, სხვადასხვა ფერის სპილოს ფორმის სკამებს აერთიანებს, თიბისი კონცეპტის მაღაზიაში კი ამ კოლექციიდან მწვანე, წითელი, ყვითელი და ვარდისფერი ნიმუშები დაგხვდებათ.
Pantone - Mugs, Notebooks
მოდის, პროდუქტის დიზაინისა თუ გრაფიკული დიზაინის სფეროში ყველასთვის კარგად ნაცნობი სახელი - Pantone, რომელიც თავისი უნივერსალური ფერების ენით მთელი მსოფლიოს გარშემო შემოქმედებით სფეროში მომუშავე უამრავ ადამიანს აერთიანებს, თავისი სახასიათო დიზაინით თავადაც არაერთ საინტერესო ყოფით პროდუქტს ქმნის. ავეჯი, თავის მოვლის, სამოგზაურო და საკანცელარიო აქსესუარები ის ნივთებია, რომელთაც ამ ბრენდისთვის დამახასიათებელი თანამედროვე ესთეტიკა და მრავალფეროვნება გამოარჩევს. თიბისი კონცეპტის მაღაზიის სივრცეში მომხმარებელს საშუალება ეძლევა Pantone-ს ფერადი ჭიქები, თერმოსის ბოთლები და ბლოკნოტები შეიძინოს.
Bauhaus Optical Mixer of Colors
უოლტერ გროპიუსის მიერ დაარსებული Bauhaus მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიან სახელოვნებო სკოლას წარმოადგენდა. 1920-იან წლებში Bauhaus-ში სათამაშოების სერია შეიქმნა, რომლის მიზანიც ბავშვებისათვის დიზაინისადმი ინტერესის გაღვივება იყო. Bauhaus Spinning Top სწორედ ამ დროს და ამ მიზნით Ludwig Hirschfeld-Mack-მა შექმნა. მბრუნავი ხის სათამაშო ათსანტიმეტრიანი დიამეტრის ფერადი დისკებისგან შედგება, თითოეულ მათგანს ცენტრში პატარა ნახვრეტი აქვს, რომელზე მოთავსებითაც მბრუნავი სათამაშო ფერების საინტერესო ეფექტს ქმნის.
Bauhaus Building Game
კიდევ ერთი სათამაშო, რომელიც Bauhaus-ში სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა, გეომეტრული ფიგურებისგან შემდგარი ე.წ. Building Blocks-ია, რომელიც 1923 წელს Alma Siedhoff-Buscher-მა შექმნა. ოცდაორფიგურიანი სათამაშო, სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის დეტალებს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა კომბინაციებით ერთმანეთისგან განსხვავებული კონსტრუქციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამ ფიგურების, ისევე როგორც Bauhaus Optical Mixer of Color-ის შეძენა თიბისი კონცეპტის მაღაზიაშია შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი