ჯორჯ კონდო ისეთ ნამუშევრებს ქმნიდა, რომ მაყურებლისთვის რთული იყო მათი კონკრეტული ხელოვნების სტილით დახასიათება, მას ჰქონდა უნიკალური ხედვა, რომელსაც თავისი შემოქმედება შეუსაბამა. ოდესაც მას 80-იან წლებში ერთ-ერთ გამოფენაზე ჰკითხეს, რა სტილშია მისი ნამუშევრები შესრულებული, მან უპასუხა - ხელოვნური რეალიზმი.




ხელოვნური რეალიზმი, როგორც მას კონდო ხსნის, სამყაროს ყველანაირი სიყალბის რეალობად წარმოჩენას გულისხმობს. ყველაფერი , რაც თანამედროვე მსოფლიოს ნაწილია, მათ შორის  ხელოვნურია მედია და პოლიტიკა.  კონდო მიიჩნევს, რომ  მხატვრობა ერთადერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებითაც შეიძლება სამყაროს ამ ყალბი ასპექტების გადაქცევა რეალობად. 





პიკასოს , გოიას, უორჰოლისა და სხვა მრავალი არტისტის შთაგონებით, ჯორჯ კონდომ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც, როგორც თავად ამბობს,  პიროვნებაწართმეული ადამიანების ხელახალ პერსონიფიკაციას წარმოადგენს. მის მხატვრობის სტილს “ფსიქოლოგიურ კუბიზმს” უწოდებენ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ადამიანების დეფორმირებულ და დამახინჯებულ ფიგურებს გვისახავს. უმეტესად , ეს ჩვეულებრივი მოქალაქეების პორტრეტებია, რომელთა სათაურები მათზე დახატული ხალხის პროფესიებია, მაგალითად, “the Bus Driver”, “Writer” ან “Colourful Taylor”. ყოველ მათგანს გამოკვეთილი და გაზვიადებული სახის ნაკვთები აქვს, რომლითაც მათი პერსონაჟები განისაზღვრება. 




კონდოს მოღვაწეობის ძირითადი  ადგილი ნიუ-იორკი იყო, თუმცა კარიერის გარკვეული პერიოდი მან ევროპაში გაატარა. ხელოვანი ჰყვება, სანამ ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა, მას უნდოდა ხელოვნებაში რადიკალური ცვლილების შეტანა. ის აღწერს იმდროინდელი ნახატების ტენდენციებს, რომელთა მიხედვით, ნახატხი მრავალ, ერთმანეთში არეულ ფიგურებს მოიცავდა. ეს ფიგურები ერთ, დასრულებულ გამოსახულებას კი არ ქმნიდა, არამედ ქაოსურად იყო განაწილებული. კონდოს სურდა მათი გაერთიანება და ერთ ნიმუშად ჩამოყალიბება. იგი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ახასიათებდა ენდი უორჰოლის ნამუშევრებს. ის რამდენიმე კონცეპტს ერთ გამოსახულებაში აერთიანებდა. 




მას შემდეგ, რაც კონდომ ევროპაში ძველი მხატვრების ნამუშევრები შეისწავლა, მან დაიწყო მათი შთაგონებით საკუთარი უნიკალური სტილის ნახატების შექმნა. როგორც თავად ამბობს, ამ ნახატებს ისეთი შეგრძნება უნდა გამოეწვია მაყურებელში, თითქოს ისინი ორასი წლის წინაა შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ხელოვნებას ეკუთვნის. ასეთი ნამუშევარი კონდოს “მადონაა” და “Lady Crimp”, რომლებიც თითქოს მართლაც, ორასი წლისაა, თუმცა ორასი წლის წინ ასეთ “მადონას” არავინ არ დახატავდა. 



ასეთი ნამუშევრები კონდომ ნიუ-იორკში ჩაიტანა და სწორედ მაშინ ცნობილმა ამერიკულმა ხელოვნებათმცოდნე რობერტ როზენბლუმმა მათთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა: “რა ჰქვია თქვენი მხატვრობის სტილს?”. სწორედ მაშინ კონდომ პირველად დაასახელა ტერმინი - ხელოვნური რეალიზმი.  





ხელოვნური რეალიზმი აერთიანებს ისტორიის სხვადასხვა პერიოდს ერთ გამოსახულებაში. ის ერთგვარ დალაგებულ ქაოსს წარმოადგენს. კონდო მასში ადამიანების რეალურ სახეებს ხატავს და ამიტომაც, მისი პერსონაჟები ასეთი მრავალფეროვანი გარეგნობით გვესახებიან. გარდა ამისა, ხელოვნური რეალიზმი არის რეაქცია კავშირზე თანამედროვე პოლიტიკასა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ მას კარიკატურის შეგრძნებაც გააჩნია. კონდოს მიაჩნია, რომ ადამიანმა პიროვნება პოლიტიკის გამო დაკარგა. ეს გახდა მისი მხატვრობის საწყისი წერტილი და შემდგომში განვითარდა, როგორც ყოველდღიურობის ყველა ასპექტის გამოსახულება. 

ფოტოების წყარო:

1. artnet.com
2. theguardian.com