ერთი შეხედვით, ჟან პიერ მელვილის ფილმები ამერიკული უესტერნების ფრანგულ სტილიზებულ ვერსიებს შეიძლება ჰგავდეს; თუმცა “სამურაი” (1967) რეჟისორის ღრმად ფილოსოფიურ მხარეს გვაჩვენებს. ფილმი ჯეფ კასტელოს ცხოვრებაზე მოგვითხრობს. კასტელო დაქირავებული მკვლელია, რომლის ერთ-ერთი დავალებაც ვალერის, მშვენიერი პიანისტის მოკვლაა, რომელთანაც მთავარ პერსონაჟს პლატონური სიყვარული აკავშირებს. ყველაზე საინტერესოა ვალერის პიანინოზე განთავსებული არფა, რომელსაც მელვილის კამერა ხშირად აქცევს ყურადღებას.
არფა ყველაზე მეტად ორფეოსთან ასოცირდება, რომელიც ქვესკნელში საყვარელი ქალის, ევრიდიკეს დასაბრუნებლად ჩადის და როგორც კლასიკურ ბერძნულ ტრაგიკულ გმირს შეეფერება, დავალებას ვერ ასრულებს და საყვარელ ქალს სამუდამოდ შორდება.
ღამის კლუბი, რომელშიც პიანისტი მუშაობს, ასევე მიწის ქვეშ იმყოფება, რაც ქვესკნელის მკაფიო სიმბოლოა, განსაკუთრებით, თუ ამას არფის სიმბოლიკის ჭრილში განვიხილავთ. ასევე, ის ურთიერთობა, რომელიც კასტელოსა და ვალერის აქვთ, ორფეოსისა და ევრიდიკეს სიყვარულთან ქმნის ალუზიას. თუმცა, თუ ეს ასეა, რატომ მოუნდებოდა ჯეფს ვალერის მოკვლა ან რატომ კვდება თვითონ ფილმის უკანასკნელ სცენაში, როცა მითის კონტექსტუალური დატვირთვა სრულიად განსხვავდება ზემოთ ხსენებულისგან?
ამის გასარკვევად ფილმის დასაწყისს უნდა დავუბრუნდეთ, სადაც პირველი 2 წუთის მანძილზე ვხედავთ გაშეშებულ ჯეფს, რომელიც თავის ლოგინზე წევს და ეწევა. მისი ოთახის შუაში მდგარი ჩიტის გალია ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ციტატა, რითაც იწყება ფილმი: “არ არსებობს იმაზე მეტი მარტოობა, ვიდრე სამურაის მარტოობა, თუ არ ჩავთვლის ვეფხვს ჯუნგლებში”. სამურაის ეგზისტენციალური დრამა ჯეფთან იდენტიფიცირდება, რადგან სამურაი არის ის, ვისაც სიკვდილის არ ეშინია. მისთვის სიკვდილი თავისუფლებაა - თავისუფლება სიკვდილის შიშისგან, რომელიც ადამიანებს გალიებში კეტავს, სანამ ისინი ცოცხლები არიან.
აქედან გამომდინარე, სიკვდილის დასაპყრობად კასტელოს მხოლოდ სიკვდილი სჭირდება - გალიიდან გამოსვლა. ასე რომ, როცა ის “ქვესკნელში” ვალერის მოსაკლავად ჩადის, ის მართლაც თავისუფლდება, რადგან კვდება. ვალერი კი სამუდამოდ დამონებული რჩება. და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჯეფი ვალერის მოკვლას ვერ ასწრებს. ბოლოს წინა კადრში მელვილი ჩვენს ყურადღებას ჯეფის პისტოლეტისკენ მიმართავს, რომელიც დაცარიელებულია ტყვიებისგან. შესაბამისად, კასტელოს ტრაგედია ისაა, რომ ორფეოსივით ვერ შეძლო არ გაეხედა უკან (ანუ ამ კონტექსტში), მოეკლა ვალერი, რის შედეგადაც ქალი სამუდამოდ ქვესკნელში - სიცოცხლეში დარჩა.
ბოლოს, გვინდა თქვენი ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რომ ფილმი ისევე იწყება, როგორც მთავრდება. თუ კარგად დააკვირდებით პირველ გრძელ კადრს, სადაც კასტელო ლოგინზე წევს, კვამლი რომ არა, ყველას მკვდარი ეგონებოდა. მოკლედ, გირჩევთ ფილმს ბოლოდან უყუროთ და გვერწმუნეთ, ნარატივი ისეთივე გამართული იქნება, როგორც ქრონოლოგიურად ყურების შემთხვევაშია.
ფოტოების წყარო:
დაწერე კომენტარი