გლობალური ეკონომიკური და სოციალური პარადიგმების რადიკალური გარდაქმნის კვალდაკვალ ქალის იდენტობის ცვლილება საქართველოში ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამასთან ერთად ქართველი ხელოვანი ქალები თანდათანობით მაინც ახერხებენ საკუთარი ინტერესების, ხედვებისა და იდენტობის წარმოჩენას. ისინი ეჭიდებიან ისეთ თემებს, რომლებიც დღეს დასავლეთშიც აქტუალურია - გენდერული თემები, სექსუალური და ეროვნული უმცირესობები, იდენტობის, ქვეცნობიერში დაფარულის საკითხები. 

ვერა ფაღავათი დაწყებული, დღეს უკვე უამრავი ქართველი ხელოვანი ქალი საკუთარი შემოქმედებით საუბრობს ალტერნატიულ ფემინურ აღქმაზე, გენდერული ნიშნით კლასიფიკაციის რღვევაზე, ქალი ხელოვანის როლისა და იდენტობის შესახებ. რა თქმა უნდა, გენდერული სტერეოტიპების ნგრევა ხელოვნებაში გრძელი და მტკივნეული პროცესია, თუმცა ის დაწყებულია საქართველოშიც.

ვერა ფაღავა


ქართული ფერწერის იშვიათი სიმდიდრის, ვერა ფაღავას შემოქმედება, რომელიც აბსტრაქტული ფიგურებით, სადა, ნათელი ხაზებისა და ფაქიზი, პასტელური ფერების ესთეტიკით ხასიათდება, ერთსა და იმავე დროს ადამიანურიცაა და განყენებულიც. იგი ემიგრაციაში  13 წლის ასაკში წავიდა, თავდაპირველად გერმანიაში, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად საფრანგეთში, პარიზში დაფუძნდა, სადაც სათანადო სამხატვრო განათლება მიიღო. ვერა ფაღავას პირველი გამოფენა პარიზში, ჟან ბიუშეს ნობილ გალერეაში გაიმართა, სადაც მისი ნახატები პაბლო პიკასოს ცოლისა და მუზის, დორა მაარის ნამუშევრების გვერდით გამოიფინა. ფაღავას ადრეული ნამუშევრები შედარებით ფიგურალური იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მისი შემოქმედება უფრო გამბედავ აბსტრაქტულ შინაარსს იძენს. “ადამიანი უნდა ჩასწვდეს საგნების არსს, ჩააღწიოს საფუძვლამდე”, - ამბობდა ის. მისი შემოქმედებითი კრედო ნათლად იკვეთებოდა მის ჰარმონიულ სამყაროში, სადაც ნათელი ფერების, შუქჩრდილებისა და ფორმათმონაცვლეობის გეომეტრიული წესრიგი სუფევს.


ცხადია, 1920-იანი წლების საფრანგეთში ემიგრანტი ქალისთვის თვითრეალიზება მარტივი პროცესი არ იყო, თუმცა ფაღავა პირველი ქართველი ხელოვანი ქალია, რომელმაც დასავლეთში დიდ წარმატებას მიაღწია და 1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალზე მისი ნამუშევრებისთვის ცალკე პავილიონიც კი იყო გამოყოფილი. მის შემოქმედებაში გარდა განსხვავებული აბსტრაქტული სიუჟეტებისა, ფერის სენსუალური მგრძნობელობისა და ერთგვარი საიდუმლოებებისა, მძაფრად იგრძნობა ქალური შტრიხები. ვერა ფაღავა, რომელმაც საკუთარი უნიკალური, ღრმა მხატვრული სტილი განავითარა, ქართულ ხელოვნებაში ფემინისტური ხაზის დასაწყისად როგორც მისი შემოქმედების, ასევე მისი ცხოვრებისეული ისტორიის საფუძველზეც ითვლება. 

 

თამარ კვესიტაძე


ხელოვან თამარ კვესიტაძის შემოქმედება მრავალ მედიუმსა და ფორმას აერთიანებს, რომლებშიც ფერწერა, სკულპტურები და კინეტიკური თოჯინები ერთიანდება. მისი გასაოცარი ტექნიკის წყალობით მნახველი მის სიურეალისტურ, მაგრამ ელეგანტურ სამყაროში ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა შრეების გავლის შემდეგ ამოყოფს თავს. ხელოვანი, რომელიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც მოღვაწეობს, პროფესიით არქიტექტორია, რამაც მისი ადრეული საავტორო თოჯინების ნამუშევრების შექმნაზე საგრძნობლად იმოქმედა. იგი საუბრობს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიყვარული, ნოსტალგია, თავისუფლება, მლიქვნელობა, სიმართლე. ტექსტურებით გაჯერებული ფერწერული და სკულპტურული ნამუშევრები სავსეა სიურპრიზებითა და აღმოჩენებით, რომლებიც ხელოვანის “მანიპულატორული” ენის ნაწილია. იგი პირველი თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრები Google-მა თავის პლატფორმა Google Art & Culture-ზე ჩატვირთა, სადაც 70 ქვეყანასა და 1200 მუზეუმს შორის თამარ კვესიტაძის შემოქმედების დათვალიერება მთელ მსოფლიოს შეუძლია. 


არტისტი, რომლის თითოეული ნამუშევარი არასდროს მეორდება, ყოველთვის დაინტერესებული იყო ქალის სხეულითა და მისი რეპრეზენტაციის ხერხებით. თითქმის ყველა მის ქანდაკებაში, რომელიც ქალის სხეულის რეპრეზენტაციას ემსახურება, ქალთა გამოცდილებებისა და მისი დამანგრეველი ეფექტის გამოხატვის ტენდენცია იკვეთება. 2013 წლის ნამუშევარი “წითელი” ერთ-ერთი ასეთი სკულპტურაა, რომელიც მნახველისგან აქტიურ გონებრივ ჩართულობასა და აღქმას მოითხოვს. “წითელი” მისი შემოქმედების ექსტრემალური ნამუშევარია, რომელიც სინაზისა და ძალადობის, სექსისა და სიკვდილის, გრძნობითობისა და ტრაგედიის ზღვარზეა. 


მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ასევე ფერწერული ნამუშევარი “სიმპოზიუმი”, რომელშიც მაგიდაზე მწოლიარე შიშველი ქალი 8 კაცის გარემოცვაშია მოქცეული. თვითონ სახელწოდება, რომელიც ნადიმის მნიშვნელობას ატარებს, ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც ქალს, მის სხეულს, პიროვნულ თავისებურებებსა და ხასიათს სოციუმის, კერძოდ, მამაკაცების დაკვირვებისა და განსჯის ობიექტად აქცევს. ამ შემთხვევაში უზარმაზარი ქალი და მისი მშვიდი, ფიქრიანი და თითქოს გაუჩინარებული ფიგურა ერთსა და იმავე დროს მსხვერპლისა და ქალღმერთის, სისასტიკის ღვთაებისა და მსხვერპლშეწირული უმანკო ცხვრის ასოციაციას იწვევს.  

თეა გვეტაძე

რიგაში დაბადებული ქართველი მხატვრის, თეა გვეტაძის შემოქმედება მისი ჰეტეროგენული ხასიათითა და შემოთავაზებების ფართო სპექტრით გამოირჩევა, რაც დამთვალიერებელში ისეთ შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ნამუშევარი რამდენიმე ხელოვანის მიერ არის შექმნილი. ხელოვანის შემოქმედებაში ალტერნატიული ფემინური ნარატივი არაპირდაპირად შეფარულია და ინტუიციური ექსპერიმენტის მეშვეობით ვლინდება მთლიან ფერწერულ კომპოზიციაში. 


Malanchamala - ასე ეწოდება თეა გვეტაძის ერთ-ერთ ნამუშევარს, რომლის მთავარი პერსონაჟიც იდეალური ცოლის პროტოტიპი, 12 წლის გოგონაა, რომელიც ჩვილ პრინცზე ქორწინდება. შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი პირადი შეგრძნებითა და ინტერპრეტაციით ასახავს ინდური ზღაპრის მისტიკურ ასპექტებს, შეუცნობელ ფიგურებს, ბუნების ზეიმსა და თავგანწირვის ამბავს, რომელიც შუა საუკუნეების ინდოეთის ფოლკლორულ ზეპირსიტყვიერ თქმულებებში განვითარდა. ნამუშევარში არა ამბის სიუჟეტი, არამედ სიღრმე და შიდა განწყობა - მისტიკური სიყვარული და თავგანწირვა იკითხება, სადაც შენიღბული სახეები სიმბოლური დეტალებია. Malanchamala-ს მხატვრულ სახეში, რომელიც 2018 წლის ელენე აბაშიძის კურატორობით გამართული გამოფენის “დაიკარგა 12 ქალის” ნაწილი იყო, მთლიანად დაძლეულია ფალოცენტრული გაგება ქალის, ამ შემთხვევაში ფემინური ძალის დომინაციით. 

თეა გვეტაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანია ასევე მისი ნამუშევარი, რომელიც დონ ჟუანის მექალთანე, ქალთა გულების მპყრობელი, კომიკურ-ტრაგიკული პერსონაჟის თემატიკას ეხმიანება. აქ თითქოს ყოველგვარი გენდერული როლი წაშლილია და ნამუშევარი ცხადი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, თუმცა ერთგვარი მინიშნებით მაინც შეიძლება შავად მოსილ მომლოდინე სახეში ქალურობის ამოკითხვა. თეთრი ფერის მკრთალი ტონალობით შეფერილი დონ ჟუანი მის ქრობად ბუნებაზეც მიგვანიშნებს, მაშინ როდესაც ქალის ხასიათი შავი ფერით კიდევ უფრო მძაფრდება. 

 

მაია ნავერიანი


მაია ნავერიანის აქტიური პროფესიული კარიერა Vordemberger Gildewart Foundation-ის საერთაშორისო კონკურსზე ფერწერის პირველ პრიზს უკავშირდება, რის შემდეგაც არტისტის შემოქმედების ნიმუშები აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში. ხელოვანის შემოქმედებაში, რომელიც თბილისსა და ლონდონში მოღვაწეობს, ხშირად ფიგურირებს პატრიარქალური სამყაროს კრიტიკა. განსაკუთრებით ფემინური ნამუშევრები, რომლებიც მსუბუქი ნარატივებით იქმნება, სავსეა ტექსტებითა და მინიშნებებით. მრავალშრიან ინტუიციურ შემოქმედებაში გამორჩეულია მაია ნავერიანის სერია “დაიკარგა 12 ქალი”, რომელიც ამავე სახელწოდების გამოფენის ნაწილი იყო. 


ნავერიანის ამ სერიაში პოპ-არტისთვის ნიშნეული გამარტივებული ფორმები, ფერის სიმკვეთრე და ხაზის შტრიხული სტრუქტურები იკითხება, სადაც ქრობადობის იმპულსი და ფემინურის შეგრძნება ფარული ირონიით, ტკივილითა და თამაშით მოცულ სამყაროსთან ერთიანდება. ნამუშევარი, რომელიც შინაგან ძალას ასხივებს, იმ 12 ქალის შესახებ გვამცნობს, რომლებიც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ღია კარის წითელ შუქში გაუჩინარდნენ. მინიმალური ხერხებით შექმნილი დაძაბულობა, რაც ამ შემთხვევაში “ბუშტებსა” და სივრცის ცენტრში მწოლიარე ქალის ფიგურით იქმნება, სენსუალურ კონტრასტს ქმნის, რომელიც ესთეტიკურ დაპირისპირებაშიც იზრდება. შესაბამისად, ჩნდება ქალის მრავალგვარი აღქმის შესაძლებლობა, მათ შორის - პარალელები ქალის სხეულის კონსუმერულ აღქმასთან, პროტესტსა დაა ძალადობრივი აქტის რეფლექსიასთან. 

შეიძლება ითქვას, რომ ნავერიანის შემოქმედებაში ყველაზე ღიადაა გამოხატული ფემინისტური გზავნილები, რომელიც თამაშის ელემენტებს, თავისუფლების შეგრძნებასა და აღქმის სენსუალურ დინამიკას მოიცავს.

ქეთი კაპანაძე 


საბჭოთა პერიოდის პირველი ქართველი კონცეპტუალური  არტისტი ქალი ქეთი კაპანაძე არაერთგზის იკვლევს საკუთარ პიროვნებასა და როლს, როგორც ქალი და მხატვარი. მისი ინტერესის საგანი დეპერსონალიზებულ საზოგადოებაში იდენტობის ძიებაა, სადაც პლურალისტული მოდელი ბატონობს. ამერიკელი არტკრიტიკოსი ჰარი შოულბი 90-იანების დასააწყისში ქეთიზე წერდა: “თანამედროვე მიწისქვეშა ხელოვნების ცენტრმა რუსეთიდან საქართველოში გადაინაცვლა და მისი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი, რომელიც ამ სცენაზე გამოჩნდა, ქეთი კაპანაძეა - პირველი ქართველი მხატვარი, რომელიც ფემინისტურ თემებზე მუშაობს”. 


ამჟამად ქეთი კაპანაძის ნამუშევრები ინსტალაციას, აქციის ხელოვნებას, ფოტოს, ვიდეოს, ფერწერულ ობიექტებს აერთიანებს. მისი შემოქმედება სიმპტომურად ვიბრირებს სხვადასხვა მედიაში, მუდმივი ექსპერიმენტების მეშვეობით კი განაზოგადებს კონტექსტს. 


ჯერ კიდევ 2002-2003 წელს ქეთი ქმნის ფოტოების სერიას - სტიგმატები და გადანაცვლებები, სადაც იგი რეკლამის ფოტოებით, მისი ნახატებით და ზედ დატანილი საკუთარი თუ სხვა ადამიანების გამოსახულებებით პროეცირებს. ერთმანეთზე დადებული გამოსახულება მრავლდება, რომელიც ერთგვარ ჰიბრიდებს, გენდერულ “ფაზლებს” ქმნის, სადაც ჰერმოფროდიტი არსებები ჩნდებიან. ზოგიერთი კაცის სახეს იღებს, ზოგი ვარსკვლავად იქცევა, ნაწილი კი ძალადობის მსხვერპლს ემსგავსება. 




წელს NADA Miami 2019 წლის ბაზრობაზე ქეთი კაპანაძე მხატვარ თამო ჯუღელთან ერთად Project ArtBeat-ის დახმარებით იყო წარმოდგენილი, სადაც ორი მხატვარი ქალის ინტერაქცია დიალოგის სახით მიმდინარეობდა. გამოფენის მიზანი იყო გაემიჯნა ფემინურობა-ქალის ცნებები, რომლის ფაარგლებშიც ლოგიკურად იბადებოდა კითხვა - რომელია უფრო
რეაქტიული იარაღი - ფემინიზმი თუ ფემინურობა? ქეთი კაპანაძის კონცეპტუალური თხრობის სტილი, რომელიც აგრესიულ, ირონიულ modus operandi-ს ემყარება, ახალ სიბრტყეზე იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე, რომელიც რენესანსის მსგავს სიმულაციას ქმნიდა, მადონას ხატის, კომპოზიციის სიმეტრიული ღერძი ჩანაცვლებული იყო ფოლადის ობიექტებით, სადაც ქეთის ფალიური მადონას პერსონაჟი არატრადიციულ, გეომეტრიულ ჩარჩოებში იყო მოცემული.