მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სასტუმრო „ბარბიზონი“ 1982 წლის მერე ეროვნულ ისტორიულ ადგილად მიიჩნევა. სასტუმრო 1927 წელს აშენდა და 1981 წლამდე მხოლოდ ქალებს ემსახურებოდა მანჰეტენისათვის შეუსაბამოდ დაბალი ქირის საფასურად. 2002 წელს სასტუმრომ სახელი შეიცვალა და 2005 წელს ჩვეულებრივ საცხოვრებელ კომპლექსად გადაკეთდა, თუმცა ამ ნეოგოტიკურ შენობაში გასაოცარი ისტორიები და მოგონებებია შენახული, რომელთა “პერსონაჟები” მეოცე საუკუნის გამორჩეულად ნიჭიერი და ამბიციური ქალები არიან.



დაბალი გადასახადიდან გამომდინარე, „ბარბიზონში“ ყოველწლიურად უამრავი ახალგაზრდა გოგო გადადიოდა საცხოვრებლად. გარდა ამისა, 1940 წლიდან მოყოლებული ჟურნალი „Mademoiselle” ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებულ 20 გოგონას ერთი თვის მანძილზე რედაქტორობას სთავაზობდა; საცხოვრებლად კი სწორედ „ბარბიზონში“ უშვებდა. ერთთვიანი ნიუიორკული ცხოვრება და, შესაბამისად, სასტუმროში გატარებული დღეები, ამერიკელმა პოეტმა სილვია პლათმა თავის ერთადერთ რომანში - „ზარხუფში“ აღწერა. რომანის მიხედვით, სასტუმროში ცხოვრობდნენ მისნაირი - კარიერაზე ორიენტირებული და ამბიციური ახალგაზრდა გოგონები, ისევე როგორც მდიდარი ოჯახის ქალიშვილები, რომლებიც ნიუ-იორკში შესაბამისი სოციალური სტატუსის საქმროს ეძებდნენ. პლათის შემდეგ, ორ წელიწადში, მეოცე საუკუნის სხვა უმნიშვნელოვანესმა მწერალმა ჯოან დიდიონმაც გაიმარჯვა ჟურნალის კონკურში და ერთი თვე „ბარბიზონში“ გაატარა.


როგორც ცნობილია, „ბარბიზონი“ მანამ არ იღებდა გოგონებს, სანამ დიდ და მკაცრ შესარჩევ ეტაპებს არ გაივლიდნენ და არ დაამტკიცებნენ, რომ ნიუ-იორკში ნამდვილად კონკრეტული მიზნების მისაღწევად უნდოდათ ცხოვრება. 1950-იანი წლების დასაწყისში სასტუმროში ცხოვრობდა გრეის კელი, რომელმაც გეზი ნიუ-იორკისკენ სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად აიღო. მიუხედავად იმისა, რომ კელი „ბარბიზონის“ საოცნებო სტუმარი იყო თავისი გლამურული სტილით, დახვეწილი მანერებითა და ამბიციებით, სასტუმროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხეც აღმოჩნდა.


40-იანებიდან 60-იანებამდე „ბარბიზონს“ უამრავი, საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი ქალი ესტუმრა, რომელიც ნიუ-იორკში ახალი ცხოვრების შესაქმნელად იყო ჩასული. მათ რიგებში, გარდა გრეის კელის, სილვია პლათის და ჯოან დიდიონისა, ასევე იყვნენ: ლორენ ბაკალი, ქენდის ბერგენი, ჯოან კროუფორდი, ლაიზა მინელი, ეუდორა უელთი, ჯინ ტირნი და მრავალი სხვა.


მიუხედავად იმისა, რომ კაცებს, როგორც სტუმრებს, 80-იან წლებამდე არ იღებდნენ „ბარბიზონში“ და, მეტიც, მათ მისაღებ დერეფანზე შორს არც უშვებდნენ, სასტუმრო მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა  და ხშირად მათი აღტაცების ობიექტიც ხდებოდა. ცნობილია, რომ კერი გრანტი და და ჯერომ სელინჯერი სასტუმროს კაფეს ხშირი სტუმრები იყვნენ.


თუმცა, „ბარბიზონის“ ისტორია მხოლოდ გლამურით და წარმატებით არ ყოფილა სავსე. 1950-იანი წლების შუიდან სასტუმრო დეპრესიამ, სასოწარკვეთამ და უიმედობამ მოიცვა. ათწლეულისათვის დამახასიათებელი გენდერული როლები მკაცრად ლიმიტირებული იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს, პირველ რიგში, ტრადიციულ ოჯახურ ცხოვრებას უსახავდა მიზნად, მეტ-ნაკლებად პროფესიულ წარმატებასაც სთავაზობდა მათ. ბევრი ახალგაზრდა ქალისათვის მიზნები, რომელთა მისაღწევადაც ნიუ-იორკს მიაშურეს, უფრო და უფრო შეუთავსებელი ხდებოდა ტრადიციულ ფემინურ მისწრაფებებთან; არჩევანის გაკეთება რთულდებოდა, კონკურენცია კი მხოლოდ იზრდებოდა. ამ პერიოდს საკმაოდ ბევრი სტუმარი ვერ გადაურჩა და მალევე ტაბლოიდებმა ტრაგიკული შემთხვევების სკანდალური გაშუქება დაიწყეს, რასაც მალევე ეწოდა „Barbizon Suicides”. საკმაოდ სიმბოლურია ისიც, რომ სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტუმრის, სილვია პლათის დეპრესიაც ზუსტად „ბარბიზონში“ გატარებული ერთი თვის მანძილზე გაუარესდა, რისი კულმინაციაც სახლში დაბრუნების შემდგომ თვითმკვლელობის მცდელობა იყო.


1960-იანი წლებიდან სასტუმროს პოპულარობამ იკლო. წინა ათწლეულის გაფეტიშებული გლამურული ფემინურობა ნელ-ნელა ქრებოდა; ამბოხი და ტრადიციებისაგან გამიჯვნა უფრო და უფრო ტრენდული ხდებოდა. აფიშებზე და რეკლამებში ძნელდებოდა გამოყვანილ კაბებსა და ლამაზ ქუდებში შემოსილი ქალების ხილვა. შესაბამისად, „ბარბიზონისათვის“ დამახასიათებელი იმიჯი წარსულში რჩებოდა და ეს აღარ იყო ადგილი, რომელიც ქალების ამბიციებსა და სურვილებს დროსთან შესაბამისობაში წარმოაჩენდა. 1970-იან წლებში კი მეორე ტალღის ფემინიზმმა  ეჭვქვეშ დააყენა ქალებისათვის ცალკე განკუთვნილი სასტუმროებისა და დაწესებულებების არსებობა.


მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გადმოსახედიდან შეიძლება გაურკვეველი იყოს ისეთი სასტუმროს არსებობა, რომელიც მხოლოდ  სტუმარ ქალებს იღებს, „ბარბიზონს“ ჰქონდა ზუსტად ჩამოყალიბებული კონკრეტული მიზანი - დახმარებოდა ქალებს თავიანთი ოცნებების ასრულებაში. სასტუმროს ყველაზე წარმატებულ წლებში მანჰეტენზე არ არსებობდა სხვა დაწესებულება, რომელიც ოთახებს ისე იაფად აქირავებდა, როგორც „ბარბიზონი“. ქალებისთვის, რომლებიც ჯერ მხოლოდ იწყებდნენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ეს უპრეცედენტო საშუალება იყო ცხოვრება სასურველი  მიმართულებით წაეყვანათ.  ამიტომ, სასტუმრო „ბარბიზონი“ ისტორიას დარჩა, როგორც სასტუმრო, რომელმაც ქალებს თავისუფლება აჩუქა.


ფოტოების წყარო:

1. nytimes.com
2. theguardian.com