“ამერიკული ოცნება” - ტერმინი, რომელსაც ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებში იდეალური ცხოვრების სინონიმად იყენებენ. ოქსფორდის ლექსიკონის თანახმად, ამერიკული ოცნება განიმარტება, როგორც “რწმენა იმისა, რომ ამერიკაში ყველას აქვს შესაძლებლობა, მძიმე შრომის ფასად, კარგ და წარმატებულ ცხოვრებას მიაღწიოს”. დროთა განმავლობაში ეს ტერმინი მორალურ საფუძვლად გადაიქცა, რომელზეც ადამიანის ოჯახური და პოლიტიკური ცხოვრების ღირებულებებია აგებული. საინტერესოა, რომ “ამერიკული ოცნების” მორალით ჩამოყალიბდა ე.წ. იდეალური ოჯახის ცნება. ის გულისხმობდა მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახს, რომელშიც მამას აქვს კარგი სამსახური, ლამაზი სახლი, დედა კარგი დიასახლისია, ისინი იცავენ ამერიკულ ტრადიციებს, ჰყავთ შვილები, რომლებიც კარგ სკოლაში დადიან. ეს დახასიათება ყველა ოჯახისთვის შაბლონად იქცა, მაგრამ ასახავს თუ არა ის რეალურ ოჯახურ ბედნიერებას? “იდეალურ ოჯახს” ფილმის შეგრძნება მიეცა, ნამდვილი ოჯახის მნიშვნელობის აღწერა კი უფრო რთული გამოდგა.
ცნობილმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ლარი სულტანმა “ამერიკული ოცნების” ვიზუალურად წარმოჩენა საკუთარი ინტერპრეტაციით გადაწყვიტა. მან ყურადღების ცენტრში თავისი ოჯახი მოაქცია, მიაჩნდა, რომ მისი მშობლები და მათი ყოველდღიური ცხოვრება მშვენიერ მაგალითად გამოდგებოდა იმ სტერეოტიპის წარმოსადგენად, რომელიც ამერიკული ოცნების ახდენით მიღებული “იდეალური ოჯახი” იყო.
“80-იან წლებში პოლიტიკამ ოჯახი იდეოლოგიურ იარაღად აქცია, რის გამოც მას შემვიწროებლის როლი მიენიჭა, - ამბობს სულტანი MoMa-სთან ინტერვიუში, - მე კი ვფიქრობდი, რომ ოჯახი ყველაზე რთული ინსტიტუციაა … არავის არ ჰქონდა მთავრობის, ეკლესიის რწმენა, თუმცა ოჯახი რაღაცას მაინც წარმოადგენდა”.
სულტანმა გამოსცა წიგნი “Pictures from Home”, რომლის ფოტოსურათები ფოტოგრაფის მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. მამამისი, ირვინგ სულტანი, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ლარის ცხოვრებასა და ფოტოგრაფიაში. მისი ცხოვრება “ამერიკული ოცნების” თითქოს იდეალური მაგალითი იყო. ირვინგს არ ჰყავდა მშობლები, ის დაბალი კლასის წარმომადგენელი იყო. მიუხედავად ამისა, თავისი კარიერა ისე განავითარა, რომ საკმაო წარმატებას მიაღწია და მაღალ თანამდებობაზეც მუშაობდა. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, სანამ ის კომპანია, რომელშიც მუშაობდა, არ დაიხურა. ამის შემდეგ ის ოჯახური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. სწორედ ამ პერიოდს ასახავს ლარის სურათები. მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ამდენი წელი წარმატების მისაღწევად შრომობდა, იგი ნელ-ნელა ოჯახურ ცხოვრებას ეჩვეოდა.
“Pictures from Home” არა მარტო ლარის მშობლების ცხოვრებას აღწერს, იგი აგრეთვე მათი, როგორც ცოლ-ქმრის ურთიერთობასაც წარმოაჩენს. ასეთებია, მაგალითად, მათი საუბარი სასადილო მაგიდასთან, ან იმ დროს, როდესაც ისინი ერთობლივი ძალისხმევით მტვერსასრუტის შეკეთებას ცდილობენ (“Fixing the Vacuum”).
ზოგიერთი სურათი სპეციალურად დადგმული იყო, რის გამოც ფილმის კადრის შთაბეჭდილებას ტოვებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია “Practicing Golf Swing”, რომელზეც ლარის მამა მწვანე ხალიჩაზე გოლფის თამაშში ვარჯიშობს. ერთი შეხედვით, მაყურებელმა შესაძლოა, მწვანე ხალიჩის ნაცვლად, ნამდვილი ბალახი დაინახოს. თუმცა ეს ილუზია მალევე ქრება, როცა შეამჩნევს, რომ მოქმედება ოთახში ხდება. სწორედ ამის გამო ფოტოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სატირული ხასიათი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ლარის მამა მისი ფოტოგრაფიით გატაცებას მხარს არ უჭერდა, ის საბოლოოდ შვილს თავადვე დაეხმარა და ცოლთან ერთად მთავარი როლიც კი ითამაშა, რათა “Pictures from Home” შექმნილიყო. წიგნში ლარიმ ფოტოსურათებს მოკლე ტექსტებიც კი დაურთო, რომლებშიც მშობლებთან ერთად ცხოვრებას აღწერდა. მისი მთავარი მიზანი ოჯახის, როგორც კომპლექსური და მრავალფეროვანი მოვლენის წარმოჩენა იყო. სულტანი ამბობს, რომ მისი მშობლების ცხოვრების გადაღებით, მან ისინი თავიდან გაიცნო. ამ სურათებით გადმოსცა ოჯახური ცხოვრების რეალური სახეც და დადგმული კადრებიც. თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, სურათები ერთი შეხედვით, იდეალურ ოჯახს წარმოაჩენს, ზუსტად ისეთს, “ამერიკული ოცნების” ღირებულებებს რომ შეეფერება, თუმცა ეს ყველაფერი რეალობას ბოლომდე არ წარმოადგენს. ერთ-ერთ ინტერვიუში სულტანმა თქვა კიდეც, რომ მისი სურათები უფრო სიზმარს მოაგონებენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებას. “Pictures from Home”-ს ნოსტალგიაც ახასიათებს. გარდა მისი გადაღებული ფოტოებისა, სულტანმა სახლში ნაპოვნი ძველი სურათებიც კი დაურთო წიგნს. ამით განისაზღვრება ნამდვილი განსხვავება რეალურსა და სიზმარს შორის. გამოდის, რომ 80-იანი წლების “იდეალური ოჯახის” პორტრეტი არის გამოგონილი, სინამდვილეში კი სულტანის სურვილი იყო, “მის მშობლებს ამ ფოტოსურათების მეშვეობით მუდმივად ეცხოვრათ”.
ფოტოების წყარო:
დაწერე კომენტარი