საერთო სამუშაო სივრცე - “ტერმინალი” უკვე ხუთი წელია, რაც არსებობს და დღეს უამრავი მომხმარებლისთვის იმ ადგილს წარმოადგენს, სადაც არა კლიენტი, არამედ საინტერესო, მრავალფეროვანი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების წევრი ხარ. “ტერმინალი”, რომელიც 24 საათის განმავლობაში მზადაა წევრების მისაღებად, კომფორტულთან ერთად, ისეთ გარემოს გულისხმობს, სადაც ყველა თანასწორია და პატივისცემა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია. გახსნის დღიდან “ტერმინალის” განსაკუთრებულ გარემოზე ყველა ერთად ზრუნავს. შეგრძნებებზე და ინდივიდუალურ მიდგომებზე დაფუძნებული მეგობრული სერვისი კი “ტერმინალის” შეუცვლელი ღირებულებაა. Hammock Maagazine გთავაზობთ ინტერვიუს "ტერმინალის" საოპერაციო მენეჯერ ანი ბარჯაძესთან, რომელმაც სივრცისა და მისი საქმიანობის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი გაგვიზიარა.
ანი, რას გულისხმობს შენთვის სამუშაო სივრცის იდეა და როგორი უნდა იყოს ის?
ჩემთვის სამუშაო სივრცე სიმშვიდესთან, შთაგონებასთან და იმ ურთიერთობებთან ასოცირდება, რომლებიც ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული. სამუშაო სივრცე და იქ არსებული გარემო უნდა იყოს ისეთი, რომ სახლის კომფორტს არჩიო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისეთი განწყობის შექმნა, რომელიც მოტივაციას, პროდუქტიულობასა და სამუშაო ინსპირაციას შეგიქმნის.
სტაფი, როგორც მეგობარი - ასე შეფასდა თქვენი კვლევების მიხედვით “ტერმინალის” თანამშრომლები. როგორ იქმნება მსგავსი მეგობრული გარემო?
საერთო სამუშაო სივრცეში დილიდან საღამომდე სწორედ იქ მყოფი თანამშრომლები ქმნიან განსაკუთრებულ გარემოს. შემოსვლის წამიდან თანამშრომლებზეა დამოკიდებული, თუ რა განწყობით დაიწყებს “ტერმინალის” ნებისმიერი წევრი მუშაობას, რადგან ემოციური მდგომარეობა გადამდებია. ამ სივრცის სიყვარულიც დადებითი განწყობის გაზიარებით ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაგეზაროს თითოეული თანამშრომლისთვის ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთო სამუშაო სივრცის იდეა და სამსახურებრივი მეგობრობა. ახალი თანამშრომლის აყვანისას მის გამოცდილებას ნაკლებ ყურადღებას ვანიჭებ, მთავარი უფრო ემოციური განწყობაა. ყველაზე მეტად სწორედ ეს ანთებულ თვალებში იგრძნობა. მთავარია სიამოვნებას განიჭებდეს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დღის განწყობაზე ზრუნვა, რადგან არ არსებობს რაიმე, რაც არ ისწავლება. მეგობრული სერვისიც ზუსტად იმ ღირებულებებით იქმნება, რომელიც შეგრძნებებს, ინდივიდუალიზმსა და თანასწორ გარემოს ანიჭებს უპირატესობას.
რა გამოწვევების და წინააღმდეგობების წინაშე იდექი დასაწყისში?
დასაწყისში ყველაზე დიდი გამოწვევა საერთო სამუშაო სივრცის კონცეფციის გაგებას უკავშირდებოდა. საჭირო იყო ადამიანებისთვის აგვეხსნა და ინფორმაცია მიგვეწოდებინა, თუ რას ნიშნავს იმუშაო საერთო სამუშაო სივრცეში სხვა, უცხო ადამიანების გვერდით, რატომ არ უნდა იხმაურო და არ შეაწუხო შენ გვერდით მჯდომი. ამ ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას დრო დასჭირდა, რადგან 5 წლის წინ საქართველოში მსგავსი სივრცეები არ არსებობდა და ინფორმაციულობაც ამ მხრივ ნაკლები იყო. დღეს, როდესაც ქალაქს ბევრი co-working სივრცე შეემატა, ცნობიერებაც ამაღლდა.
ვინ არის “ტერმინალის” მომხმარებელი?
პირველ რიგში, გეტყვით, რომ “ტერმინალს” არ ჰყავს მომხმარებლები ან კლიენტები, ზღურბლს გადმობიჯებული ნებისმიერი ადამიანი ხდება ამ სივრცის წევრი. ჩვენთან არ არსებობს რაიმე სახის კატეგორია. “ტერმინალის” წევრი არის ყველა, განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა თუ სხვა ნებისმიერი მახასიათებლისა. “ტერმინალის” ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულება სწორედ თანასწორობაა, რომელიც აქ არსებულ გარემოშიც იგრძნობა.
როგორ ფიქრობ, ანგრევს თუ არა “ტერმინალი” მომსახურების სფეროში არსებულ სტერეოტიპებს?
ზოგადად, სერვისი პუნქტებად და წესებად გაწერილი სფეროა. მე ამ მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებს არ მივდევ. ვფიქრობ, რომ ეს სფერო უფრო მეტად შეგრძნებებზე დგას. რაც შეეხება, სტერეოტიპების დანგრევას, ჩვენთან ვერ შეხვდებიან უნიფორმიან ადამიანებს და არც სტანდარტული კლიენტი - თანამშრომლის კომუნიკაცია ყალიბდება. დასაწყისიდან დღემდე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ ინდივიდუალიზმს გულისხმობს. ადმინისტრატორით დაწყებული, ბარმენით დამთავრებული - ამის შესაძლებლობას ყველას ვაძლევთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ სივრცეში საკუთარი ხედვა და შეგრძნებები საბოლოო ჯამში მეგობრულ და საინტერესო გარემოს ქმნის. ნასწავლი სერვისი ყველას ეტყობა და ვეღარ იქნები გულწრფელი. დამსაქმებლებმა და თანამშრომლებმა ერთად უნდა იმუშაონ და გამოასწორონ ის მოცემულობა, რომ თითქოს ამ სფეროში რაიმე დამამცირებელია. პირიქით, უნდა იამაყო, რომ ერთი გაღიმებით ადამიანების განწყობის შეცვლა და მათი პროდუქტიულობის გაზრდა შეგიძლია.
კლიენტი ყოველთვის მართალია?
არა, თუმცა უნდა აგრძნობინო, რომ მართალია. მომსახურების სფეროში მნიშვნელოვანია კრიტიკის მოსმენა და მისი გააზრება. შესაბამისად, ჩვენ გუნდში ამაზე ბევრს ვმუშაობთ. ნებისმიერი უარყოფითი შეფასება დადებითზე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგში უფრო უკეთესი გარემო შეიქმნას. უარყოფით კომენტარს გაბრაზებით არ უნდა შეხვდე, პირიქით, უნდა მოისმინო, მიაწოდო ინფორმაცია და რაც ყველაზე მთავარია, კითხვებზე პასუხები გასცე. 5-წლიანი არსებობის მანძილზე არასდროს შეგვიქმნია ისეთი კრიტიკული მომენტი, რომ ჩვენი რომელიმე წევრი უკმაყოფილო დარჩენილიყო. “ტერმინალში” მყოფი ნებისმიერი ადამიანი, წევრი იქნება ეს თუ თანამშრომელი, ყველა ერთად ზრუნავს ამ გარემოზე და მათ გარეშე ვერ შევძლებდით, რომ ეს სივრცე ასეთი ყოფილიყო.
შენი დაკვირვებით, რას ცვლის “ტერმინალი” ქართულ საზოგადოებაში?
ეს სივრცე საინტერესოა ამ კუთხითაც. ნებისმიერ წევრზე დაკვირვებით ვხვდები, როგორ შეიცვალა ის აქ ყოფნის განმავლობაში. მათი შეფასებებიდან გამომდინარეც შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მრავალფეროვანები, ხალისიანები და ინტერესიანები ხდებიან. ვფიქრობ, საზოგადოებაც იზრდება. უფრო სხვანაირად უყურებენ მომსახურების სფეროს. აკეთებენ ახალ აღმოჩენებს, რომ ბუღალტერია საერთოდაც არ არის მოსაწყენი სამსახური და ვებდეველოპერი თუ სხვა ტექნიკური სფეროს წარმომადგენელი ისევე შეიძლება იყოს ქალი, როგორც კაცი. ეს ინფორმაცია კი გადის გარეთ და ნელ-ნელა შეხედულებებიც იცვლება. ამასთან, ბევრი უცხოელი წევრი გვყავს, რომლებიც სხვანაირ საქართველოს ხედავენ, პროფესიონალი, საინტერესო და მრავალფეროვანი ადამიანებით სავსეს.
როგორ ფიქრობ, დღეს რითაა გამორჩეული “ტერმინალი” სხვა საერთო სამუშაო სივრცეებისგან?
ჩემი აზრით, “ტერმინალი” გამორჩეულია სწორედ ამ განსაკუთრებული ურთიერთობებით, ინდივიდუალური და თანასწორული მიდგომით. დღეს, როდესაც ვირტუალური სამყაროთი ვართ მოცულები, რთულია შეძლო ჯანსაღი კომუნიკაცია ადამიანებთან. მთავარი მიღწევა სწორედ ეს გარემოა, რასაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ამჩნევს.
რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდი მათ, ვინც ახლა იწყებს ამ სფეროში მუშაობას?
ამ მიმართულებით რისი გაზიარებაც ყოველთვის ყველაზე მეტად მინდა, როგორც მომხმარებელს და როგორც სერვისის მიმწოდებელს, არის ის, რომ გულწრფელობა უმნიშვნელოვანესია. ტყუილს ნებისმიერი მომხმარებელი გრძნობს. მთავარია, რომ გულწრფელად შენც განიჭებდეს სიამოვნებას სხვა ადამიანს ერთი ჩვეულებრივი დღე განსაკუთრებულად უქციო და არ დაგეზაროს, ამისთვის გააკეთო ყველაფერი. დამამცირებელი ამაში არაფერი არაა, პირიქით, საამაყოა.
როგორია თქვენი და "ტერმინალის" სამომავლო გეგმები?
იქიდან გამომდინარე, რომ დიდია მოთხოვნა და “ტერმინალის” 5 ფილიალიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, გადავწყვიტეთ გაფართოება. ამ ეტაპზე გვინდა, რომ თბილისს გავცდეთ და შემდეგ ლოკაციად ზღვისპირა ქალაქი, ბათუმი შევარჩიეთ. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი საინტერესო იქნება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხითაც. ეს ჩვენთვისაც ახალი გამოწვევაა, რომელსაც სიამოვნებით გავუმკლავდებით.
დაწერე კომენტარი