„თიმლაბი“ ტოშიუკი ინოკომ და მისმა მეგობრებმა 2001 წელს დააფუძნეს. მათ ე.წ. გუნდური ლაბორატორია შექმნეს და ხელოვნებაზე ექსპერიმენტების მეშვეობით სურდათ გაეგოთ, თუ რას ნიშნავს სამყარო ადამიანებისთვის და მათი აღქმის საზღვრებს გასცდენოდნენ. თიმლაბელები თავიანთ თავს საერთაშორისო კოლექტივს უწოდებენ, რომლის წევრებიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისე დაემთხვა, რომ ჯგუფის წევრთა უმეტესობა პროფესიით პროგრამისტები და დიზაინერები იყვნენ. ისინი დიდი ხანია ხელოვნების ინსტალაციებს ქმნიდნენ, მაგრამ მათი არც ფართოდ წარდგენის საშუალება და არც ეკონომიკური შესაძლებლობები არ ჰქონდათ. მათ უბრალოდ უყვარდათ ის საქმე, რასაც აკეთებდნენ, და ციფრული ტექნოლოგიების ძალისა და შემოქმედებითი ნიჭის სჯეროდათ: „ციფრულ ხელოვნებას ჩვენ ჯერ კიდევ 2001 წლიდან ვქმნიდით იმ მიზნით, რომ ხალხის ღირებულებები შეგვეცვალა და სოციალური პროგრესისთვის ხელი შეგვეწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან წარმოდგენაც არ გვქონდა, სად უნდა გვეჩვენებინა ჩვენი ნამუშევრები ან როგორ უნდა გავმკლავებოდით ფინანსურ საკითხებს, მაინც მტკიცედ გვჯეროდა და გულწრფელად დაინტერესებულები ვიყავით ციფრული ტექნოლოგიებითა და კრეატივით. გვინდოდა ახალი ნამუშევრების შექმნა გაგვეგრძელებინა, მიუხედავად ჟანრის შეზღუდვებისა და ეს გამოგვივიდა კიდეც“. პროექტების შექმნის პროცესში მათი გუნდი გაიზარდა, დაემატა მხატვრები, ანიმატორები, არქიტექტორები, მათემატიკოსები, გრაფიკოსები.
დღეს მათი მიზანია ხელოვნების, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და სამყაროს გზების გადაკვეთა. ისინი ქმნიან კონტენტს, ტექნიკას, დიზაინს და პროგრამას. თუმცა ის, რაც „თიმლაბს“ განსაკუთრებულს ხდის, სულაც არ არის ტექნოლოგიური მიღწევები. მათი ვირტუოზულობა იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იდეებს ვიზუალურად გარდაქმნიან, რომლის წარმოდგენაც და განხორციელებაც მანამდე ყველასთვის წარმოუდგენელი იყო: „ჩვენი ინტერესი მხოლოდ ტექნოლოგია არ არის, არამედ ის, თუ როგორ შეუძლია ციფრულ კონცეფციას ხელოვნება შეცვალოს და გააფართოოს. ჩვენ ამ პროცესში გვინდა ვუპასუხოთ კითხვებს: რა არის ადამიანი? რა არის სამყარო ადამიანისთვის? როგორი იქნება თანამედროვე საზოგადოება და მათი ახალი გზები“.
მთავარი, რაც მათ არტისტების უმრავლესობისგან გამოარჩევს, არის ის, რომ „თიმლაბი“ ხელოვნებისა და მაყურებლის ურთიერთქმედებას აკვირდება და მაყურებელს აქტიურად რთავს ხელოვნებაში. მაგალითად, მაყურებლის გამოფენაზე ყოფნამ შეიძლება განზრახ თუ უნებლიეთ გამოფენის დინამიკა გარდაქმნას და შეცვალოს, ნამუშევარზე გავლენა მოახდინოს და ხელოვნებასა და მაყურებელს შორის ზღვარი წაშალოს. სხვანაირად რომ ითქვას, „თიმლაბის“ ინსტალაციები როგორც გუნდის შემოქმედებითი უნარის, ასევე მნახველების დამსახურებით იქმნება. ვირტუალური რეალობის გარდა, ისინი ფოკუსს აკეთებენ ნამდვილი, უზარმაზარი, ფიზიკური სივრცეების შექმნაზე, რომელსაც მაყურებელი შეიგრძნობს, მასში მონაწილეობს და სხვებთან ერთად იზიარებს. დამთვალიერებლის მოძრაობისა და სიარულის მიხედვით მოძრაობაში მოდის ეფექტებით გამოსახული სამყარო, ყვავილები იშლებიან, ჩანჩქერები სიმაღლეებიდან ეშვებიან, ვარსკვლავები იწყებენ ციმციმს და სხვა. მაყურებლის ქცევა ინსტალაციაზე ახდენს გავლენას და ის ამით მნიშვნელოვანი ხდება, ნამუშევარში წვლილი შეაქვს. მეტიც, მნახველსა და ნამუშევარს შორის ამ ინტერაქციული ურთიერთქმედების მეშვეობით, მნახველები ხდებიან იმ ნამუშევრის არსებითი ნაწილი. ეს ინტერაქციული ინსტალაციები, სადაც ყურადღება დამთვალიერებლების მოძრაობასა და ქმედებაზეა გამახვილებული, ტრადიციული გამოფენებისგან სრულიად განსხვავებულია. „თიმლაბი“ დარწმუნებულია, რომ ციფრულ სფეროს ხელოვნების შესაძლებლობების გაფართოება, ციფრულ ხელოვნებას კი ადამიანებს შორის ახალი სახის ურთიერთობების ჩამოყალიბება შეუძლია: „ჩვენ ჩვენს ნამუშევრებს ინტერაქციულ ციფრულ ხელოვნებას ვუწოდებთ, სადაც მნახველებს და გარემოს უდიდესი როლი აქვს ინტერაქციული ნამუშევრების განსაზღვრასა და შეცვლაში. მნახველი აქტიური მონაწილეა და შესაბამისად, ნამუშევრის ნაწილი გამოდის. საზღვარი ნამუშევარსა და მნახველს შორის გაურკვეველი ხდება, იმ მნახველების შეგრძნებებისგან განსხვავებით, რომლებიც ტრადიციული ნახატის პირისპირ დგანან“.
ვიდრე ადამიანები ციფრულ ტექნოლოგიებს აითვისებდნენ, ინფორმაციისა და ხელოვნების გამოხატულებას სხვანაირი სახე ჰქონდა. ხელოვნების ნიმუშს ფიზიკური, უძრავი ფორმა ჰქონდა, რომლის გადმოსაცემად ხშირად ფიზიკური ნივთები, ტილო, ზეთის საღებავები გამოიყენებოდა. მოწინავე ციფრულმა ტექნოლოგიებმა ხელოვნება ფიზიკური ჩარჩოებისგან გაათავისუფლა და მისი გადმოცემა უფრო მრავალფეროვანი გახადა. „თიმლაბი“ ტრადიციული ხელოვნების საზღვრებს არღვევს, რეპრეზენტაციისთვის ფიზიკურ ბარიერებს შლის, გამოფენაზე მოსული ადამიანები კი პარალელურ სამყაროში გადაჰყავს. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა სენსორები, ქსელები, განათება, ხმა, შესაძლებელია ბუნების გარდაქმნა ცოცხალ ხელოვნებად, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ციფრული ბუნება თვითონ ხდება ხელოვნება.
„თიმლაბის“ აზრით, ჩვენსა და სამყაროს შორის უსაზღვრო, მუდმივად განგრძობადი ურთიერთობაა. სწორედ ამიტომაც შექმნეს ციფრული სამყარო, სხვადასხვანაირი კონცეფციით, სადაც მნახველებს თავისუფლად სიარული, დათვალიერება, აღქმა, აღმოჩენა შეუძლიათ, ისინი სამყაროს შეიცნობენ. ციფრული ტექნოლოგიები ადამიანების და ხელოვნების შერწყმის საშუალებას იძლევა. ციფრულ ბუნებაში მოხვედრისას ადამიანს ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ბუნებასა და სხვა ადამიანებთან უწყვეტ, უსაზღვრო კავშირშია. ამიტომაც, „თიმლაბი“ ინსტალაციებს ხშირად წარადგენს უზარმაზარ, ვრცელ, ლაბირინთისმაგვარ სივრცეებში, რათა ადამიანები მასში ჩაიკარგონ და გამოფენამ და ხელოვნურად შექმნილმა ბუნებამ შთანთქას ისინი. ციფრული ტექნოლოგიებით გადმოცემულ ხელოვნებას, რომელმაც უფრო მეტი სივრცეც დაიპყრო, მანიპულაციების უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვს, ხოლო მნახველებს შეუძლიათ უშუალოდ შეიგრძნონ და განიცადონ ხელოვნების ნამუშევრები. ისინი ურთიერთქმედებენ გამოფენის გარემოსთან და თავისი არსებობით შეუძლიათ ცვლილებებიც გამოიწვიონ ამ გარემოში - სამყაროს მსგავსად, რომელიც ჩვენი არსებობით იცვლება.
ფოტოების წყარო:
დაწერე კომენტარი