ჟაკ ბერმონ ვებსტერი, სასცენო სახელით ტრევის სკოტი, თანამედროვე რეპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ჰიუსტონში, ტეხასში, დაბადებულმა არტისტმა მუსიკის შექმნა ჯერ კიდევ თინეიჯერობისას დაიწყო და როგორც თავად ამბობს, ამ პროცესით გამოწვეული შეგრძნებების ჩანაცვლება მისთვის ვერც ერთმა სხვა გატაცებამ ვერ შეძლო.
დრამზე დაკვრა მამამისმა ასწავლა, რომელიც თავადაც მუსიკოსი იყო და უმეტესად სოულის ჟანრში მუშაობდა. სკოტი მუსიკალური ოჯახიდან მოდის - ბაბუამისი კომპოზიტორი იყო. სახელის - ტრევის სკოტი - შთაგონების წყარო მისთვის მნიშვნელოვანი ორი ადამიანისგან მოდის: ტრევისი ბიძამისის სახელია, ხოლო სკოტი ამერიკელი რეპერის, Kid Cudi-ს პატივსაცემად დაირქვა, რომლის ნამდვილი სახელიც სკოტ მესკადია. Kid Cudi-მ დიდი როლი ითამაშა სკოტის რეპით დაინტერესებაში. ინტერვიუში მის შესახებ ამბობს: „ხანდახან შეიძლება ისეთ არტისტთან იგრძნო კავშირი, რომელიც თავისი მუსიკით რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარება. ასეთი იყო Kid Cudi ჩემთვის“
სკოტი თავის მენტორად ქანიე ვესტს ასახელებს, რომელსაც „შემოქმედებით გენიოსს“ უწოდებს და რომელთანაც პირველად ურთიერთობა 2012 წელს, პირველი ალბომის გამოშვებამდე ჰქონდა. ვესტის მუსიკისა და სტილის გავლენა იგრძნობა მის შემოქმედებაშიც: ორივე არტისტი Autotune-ს სხვადასხვა შეგრძნების გამოსახატად იყენებს, სკოტი ამით ფსიქოდელიური ატმოსფეროს შექმნას ცდილობს.
რეჟისორ რობერტ როდრიგესთან ინტერვიუში სკოტი ამბობს, რომ ახალი ხმის შექმნა სურს, მოსწონს, როცა რჩევებს აძლევენ ან უბიძგებენ, რომ სხვადასხვა საკითხს განსხვავებული რაკურსიდან შეხედოს. რეპერის ამ დამოკიდებულებას მისი მრავალი კოლაბორაციული ნამუშევარიც ადასტურებს. უმუშავია კენდრიკ ლამართან, Young Thug-თან და სხვ. მის სადებიუტო სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით „Rodeo“, სტუმრის სტატუსით ჩნდებიან ქანიე ვესტი, The Weeknd, ჯასტინ ბიბერი, Schoolboy Q და სხვები.
სკოტის შემოქმედების უდიდეს პროექტად 2018 წელს გამოსული ალბომი, სახელწოდებით „Astroworld“, ითვლება - ნოსტალგიური, ატმოსფერული, ფუტურისტული განწყობებით სავსე, რომელშიც მთავარ თემებს დეპრესია და ჰედონიზმი წარმოადგენს. არტისტის თქმით, თითოეული ალბომი საგის ნაწილია, ამბის გაგრძელებაა. „Astroworld“-ში შესულმა სიმღერამ, სახელწოდებით „Sicko Mode“, გრემის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა და სკოტს მუსიკალური ინდუსტრიის მეინსტრიმში გაუკვალა გზა. „მინდა ხალხმა დაინახოს, რომ მე ჩემს ფანებს გამოცდილებას ვუზიარებ. უბრალოდ, ვცდილობ, შევქმნა ისეთი მუსიკა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს“, - ამბობს მუსიკოსი.
ტრევის სკოტისთვის შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყარო სხვა არტისტები, მათი სტილი და სამყაროებია. უსმენს ბიორკს, ჯეიმს ბლეიკს, Aphex Twin-ს, Röyksopp-ს… თავის ინსპირაციად ასევე ასახელებს კინემატოგრაფს, კონკრეტულად კი, რობერტ როდრიგესის ფილმებს.
2019 წელს White Trash Tyler-მა და აიზეკ იუმენმა ტრევის სკოტის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, სახელწოდებით „ტრევის სკოტი: შეხედე, დედა, ფრენა შემიძლია“, რომელიც უმეტესად „Astroworld“-ზე და მასზე მუშაობის პროცესზეა ორიენტირებული.
ფოტოების წყარო:
1. vogue.com
2. harpersbazaar.com
დაწერე კომენტარი