დღევანდელ სამყაროში იდენტობის საკითხები უფრო რთული და პრობლემურია, თუმცა მისი ფუნდამენტური ხასიათიდან გამომდინარე, მზარდი მნიშვნელობა შეიძინა. ამ მხრივ თანამედროვე ხელოვნება არის მიკროკოსმოსი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს. თანამედროვე ხელოვნებაში არტისტი ქალების მომრავლებასთან ერთად, ყურადღების ცენტრში სულ უფრო მეტად ექცევა იდენტობის, გენდერული როლებისა და ფემინურობა-მასკულინობის ცნებები.
ფემინისტური ხელოვნება ხაზს უსვამს იმ სოციალურ და პოლიტიკურ განსხვავებებს, რომელსაც ქალები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში განიცდიან. ამ ფორმის ხელოვნებაში, რომელიც ჯერ კიდევ ინოვაციურ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, მნიშვნელოვანია მეინსტრიმში თანასწორობისა და თავისუფლების მიღწევა, ახალი პერსპექტივების ჩვენება და სტერეოტიპებისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნა.
დღეს უამრავი არტისტი ქალი მრავალფეროვანი მედიუმის საშუალებით გამოხატავს თავის იდენტობას, სექსუალურ ორიენტაციას, გენდერული სტერეოტიპებისა და ტრადიციული ბინალური როლების უარყოფით მხარეებს.
ლუიზ ბურჟუა
ობობის უზარმაზარი სკულპტურით სახელგანთქმული არტისტის, ლუიზ ბურჟუას შემოქმედების კვლევის არეალი ყოველთვის მოიცავდა პატრიარქალური სისტემის, ხელოვნებაში ქალის სუბიექტური და ობიექტური როლისა და დედობის თემებს. კარიერის განმავლობაში მას სხვა უამრავი ნამუშევარი შეუქმნია ობობის თემატიკაზე, რომელიც, მისი თქმით, დედობის ინსტინქტებს, მებრძოლ ხასიათსა და დამცველობით ფუნქციებს უკავშირდება. ბურჟუას შემოქმედებას მკაფიოდ ახასიათებს ფემინისტური ფოკუსი, ქალის სხეულის მიმართ ინტერესი, რაზე საუბარიც მაშინდელ სხვა არტისტებს თითქოს რცხვენოდათ კიდეც.
მისი 1946-47 წლებში შექმნილი Femme Maison-ით დაწყებული, სადაც შიშველი ქალის სხეული ოთხ კედელშია მომწყვდეული და 1968 წლის სექსუალიზებული სკულპტურა Janus Fleuri-ით გაგრძელებული, შეგვიძლია ვისაუბროთ მისი ნამუშევრების ინკლუზიურ ხასიათზე, რომელშიც კაცისა და ქალის გენიტალიები, ფემინურობა და გენდერული როლები თითქოს ერთმანეთს ემსგავსება. ბურჟუა, შეიძლება ითქვას, ერთმანეთს უთავსებდა მამაკაცისა და ქალის ფორმებს, რითაც ახალ ჰიბრიდულ სხეულს აგრესიული ფალიური და იონური საწყისების შეერთებით ქმნიდა. ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის შემოქმედება ხშირად მარტოობას, ფრუსტრაციასა და დაუცველობას გამოხატავდა, მისი Femme Maison სერიაც ქალის, როგორც მსხვერპლის იდენტობას გულისხმობს.
შიში და ტკივილი, ბრაზი და აგრესია, სექსუალობა და ობსესია ხშირად გამოიხატებდა მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ სხეულის ფორმებში. მისი ვიზუალური სიმტკიცისა და დაუმორჩილებელი ხასიათის მეშვეობით ბურჟუა ფემინისტური ხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და არა იმიტომ, რომ ის ქალია, არამედ იმიტომ, რომ მან აიძულა საკუთარი თავი გასცდენოდა საზღვრებს.
ჯუდი ჩიკაგო
ჯუდი ჩიკაგო არტისტი მამაკაცების მიერ დომინირებულ სახელოვნებო სცენას 1970-იანი წლებიდან შეეჭიდა. მის ფერად შემოქმედებაში ფერწერა, სკულპტურა, გობელენი და შერეული მედიით შექმნილი ინსტალაციებიც ერთიანდება, რომელიც ქალთა თემატიკას ეხმიანება. მის მოღვაწეობაში ფუნდამენტურია ისეთ თემებზე ყურადღების გამახვილება და სახელოვნებო სცენაში ინტეგრირება, როგორებიცაა ქალთა ისტორია, მშობიარობა და მენსტრუაცია.
მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია The Dinner Party, ერთგვარი სანადიმო მაგიდა, რომელშიც 39 ღირსშესანიშნავი ქალის ისტორია და მითოლოგია ერთიანდება. ვულვით შთაგონებული მაგიდის დიზაინში ვაგინისა და ქალურობის, დედაბუნების რეპრეზენტაციული ხატებია გამოსახული, რომელიც ფემინურობის სხვაგვარ რაკურსს გვთავაზობს. გარდა იმ 39 ქალისა, მაგიდის ქვემოთ კიდევ 999 ქალის სახელია ამოტვიფრული. The Dinner Party ქალის დაკარგული როლის ძიებას, თავიდან აღმოჩენას და ისტორიის გადააზრებას ემსახურება, სადაც მხოლოდ კაცის ხმა ისმოდა. “იმედი მაქვს იმდენ ხანს ვიცხოვრებ, რომ The Dinner Party-ის ჩრდილის ქვეშ აღარ ვიქნები”, - განმარტავს ჯუდი.
ჩიკაგოს შემოქმედებამ მტრულ გარემო პირობებში სოციალურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი და მის მიერ წამოჭრილი თემები დღევანდელ მსოფლიოშიც, მაშინ როდესაც საუბრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ქალთა უფლებების შესახებ მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, საკმაოდ რელევანტურია.
სარა ლუკასი
გვიანი 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ბრიტანელი არტისტი სარა ლუკასი თავის შემოქმედებაში კრიტიკული იუმორითა და სატირით სვამს კითხვებს ყოველდღიური ცხოვრების აბსურდულობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალის სხეულის შესახებ. მისი ორი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი - Two Fried Eggs და Kebab - ქალის ტრადიციული როლის ერთგვარი პაროდიაა, რომლითაც იგი ფემინურობისა და მასკულინობის დეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. არტისტი ხშირად სწორედ მასკულინური კონსტრუქციებით თამაშობს, რითაც ის მათ ბუნებას უპირისპირდება და ერთგვარი იერიშიც კი მიაქვს. მისი მასკულინური სიმბოლოები - ფალიური ბანანი ან “შემწვარი კვერცხები”, რომლებიც ხშირად ჩნდება არტისტის შემოქმედებაში, ერთ-ერთი გზაა გასცდეს “ფემინური შემოქმედების” ჩარჩოებს და პატრიარქალურ ძალას დაუპირისპირდეს.
Au Naturel მისი შემოქმედების საკულტო ნამუშევარია, რომელიც შემთხვევით ნაპოვნი ობიექტებით - მატრასით, რამდენიმე წყვილი ფორთოხლითა და ნესვით არის შექმნილი. იუმორისტული მიდგომით არტისტი ნამუშევარში ქალისა და მამაკაცის ფორმების მკაფიო და შეულამაზებელი გამოხატვით სექსისა და მისი ზოგადად გავრცელებული აღქმის შესახებ აფიქრებს დამთვალიერებელს. მისი შემოქმედება, რომელიც არა მხოლოდ აკადემიური წრისთვის და ელიტარული ხელოვნების წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი, მუდმივ გამოწვევაშია გენდერის, ძალაუფლებისა და სხეულის ცნებებთან. “მე არ ვცდილობ გადავჭრა რაიმე პრობლემა, არამედ ვიკვლევ მორალურ დილემას მასში ჩართვით”.
ტრეისი ემინი
ტრეისი ემინი - Bad Girl of British Art-ის თანამედროვე არტისტი და ბრიტანული ხელოვანების ჯგუფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომელიც საკმაოდ ემოციურ ნამუშევრებს მისი გამოცდილებებისა და შეგრძნებების შთაგონებით ქმნის. მისი შემოქმედება ფოკუსირებულია ბრიტანულ სოციალურ ნორმებსა და ფემინურობის აღქმაზე, რომლითაც იგი ზრდილობიანი ინგლისელი ქალის როლს უარყოფს და სააშკარაოზე მისი ბინძური საცვლები გამოაქვს.
Everyone I Have Ever Slept With მისი 1963-95 წლების ნამუშევარია, სადაც მან ფართო აუდიტორიას იმ ადამიანთა სია წარუდგინა, ვისთანაც მას ამ კონკრეტულ წლებში სექსუალური ურთიერთობა ჰქონია. თუმცა მისი უფრო მეტად განთქმული და ინტიმური ნამუშევარია My Bed, რომელიც მნიშვნელოვნად განასხვავებს რეპრეზენტაციისა და პრეზენტაციის ცნებებს. არეული, მენსტრუალური სისხლით დასვრილი საწოლი, მიმოფანტული სიგარეტებით, ფულით, პრეზერვატივებითა და კონტრაცეფციული აბებით სირცხვილის, სექსუალობის, სხეულის და სხვა უამრავ ტაბუს არღვევს.
არტისტისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობის ის სახე, სადაც ქალებიც და კაცებით ერთნაირად განიხილებიან ალკოჰოლიზმის, გენდერული როლების, სექსისა და სექსიზმის ცნებების მიმართ. დღეს არტისტი ნეონის ინსტალაციებს მისი ინტიმური ცხოვრების ისტორიებს სიყვარულის, უარყოფისა და სურვილების შესახებ ქმნის.
იაიოი კუსამა
90-წლის იაპონელი არტისტის, იაიოი კუსამას შემოქმედება საერთაშორისოდ აღიარებული და გაზიარებულია. მისი სინათლის ინსტალაციები, სკულპტურები, კოპლებიანი ნახატები და პერფორმანსული ხელოვნება მუდამ ყურადღების ცენტრშია. მისმა შემოქმედებამ შეძლო გაერღვია ტრადიციული ტრანსცენდენტური საზღვრები, რომლის მეშვეობითაც იგი საუბრობს სოციო-პოლიტიკურ, ფემინისტურ იდეოლოგიაზე, მის პირად გამოცდილებაზე, იდენტობაზე, მენტალურ დაავადებაზე, სექსუალობაზე, სექსიზმსა და სულიერებაზე.
მისი კაერიერის განმავლობაში, მაშინ როდესაც სახელოვნებო სცენაზე მამაკაცები დომინირებდნენ და აზიურ კულტურაში ხელოვანი ქალის ცნებაც კი მიუღებელი იყო, რთული ჩანდა გზის გაკვლევა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება. Accumulation მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია, სადაც კუსამას შიშველი სხეული მისი ხელწერისთვის დამახასიათებელი კოპლებით არის დაფარული. მისი ეს ნამუშევარი მჭიდროდაა დაკავშირებული იაპონური კულტურის სექსის მიმართ დამოკიდებულებასთან, რადგანაც სექსის, როგორც ქალებისთვის ტაბუ დადებული, ბინძური თემის განხილვა საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალული იყო. მას შემდეგ, რაც კუსამა დასავლეთის მენტალობასა და კულტურას გაეცნო, მის ნამუშევრებში იკვეთება იაპონური ტრადიციებისადმი დაპირისპირების ტენდენცია, მამაკაცის ბატონობის უარყოფა და ქალთა ძალაუფლების აღიარება. თავისი კარიერის განმავლობაში კუსამამ ავანგარდული ფემინიზმი მის პერსონალურ, ფერად ხელწერაში გააერთიანა, რისი მეშვეობითაც იგი ურთიერთობას მსოფლიოს უამრავ ქალთან ამყარებდა.
დაწერე კომენტარი