საბჭოთა რეალობა, წარმოება, გადასახლება, გარდამავალი პერიოდები და პირადი ისტორიები - ეს ის თემებია, რომლებიც ხელოვან ნინო ქვრივიშვილის ნაქსოვ ამბებში ჩნდება. ქსოვილი მისი შემოქმედების გამომსახველობითი ენის სპეციფიკას განსაზღვრავს და ურთიერთქმედების იმ შრეებს ხსნის, რომელიც ბევრ სხვადასხვა საინტერესო ცოდნას, უცნობ თუ ნაცნობ, წარსულის თუ აწმყოს თანამდევ ტრანსფორმაციის პროცესებს გულისხმობს. რისკიანი გადაწყვეტილებები იმ მიდგომას გულისხმობს, რომელიც ხელოვანის შემოქმედებითი კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქსოვილით მოყოლილი ისტორიები კი ხელოვანის ცხოვრებაში სხვა, პარალელურ სამყაროს ქმნის, რომელიც უამრავი კითხვით, ფიქრითა და გარემოებების კვლევითაა სავსე.

 



ნინო, მოგვიყევი როდის და როგორ აღმოაჩინე საკუთარი თავი ხელოვნებაში?

 

კონკრეტული დრო, ასაკი ან გარემოება არ მახსოვს, თუმცა მგონია, რომ ზუსტად მაშინ აღმოვჩნდი ხელოვნებაში, როდესაც რაღაც პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე. იმ მომენტში, როდესაც ისე დავიწყე ცხოვრება, როგორც ვმუშაობ. ეს შეგრძნება ყველაზე მძაფრი იყო.

 




შენი პირველი ნამუშევარი თუ გახსოვს?


მახსოვს, სკოლის ასაკში ყვავილები დავხატე აკვარელით. ეს ნამუშევარი დღემდე არსებობს და რაღაც მხრივ საინტერესოა. ხელოვნების კრიტიკოსი ბორის გროისი ერთ-ერთ საუბარში ამბობს, რომ როდესაც რუსულ ავანგარდს შეუტიეს, სწორედ მაშინ დაიწყეს ხელოვანებმა ნატურმორტების ხატვა. რეალურად ეს თვითდისციპლინასა და შეზღუდვებზე მეტყველებს, რომ ყოველთვის არსებობდა ვიღაც, ვისაც ყვავილების ხატვა უნდოდა, მაგრამ სანამ არ დაუპირისპირდნენ თუნდაც ავანგარდს, მანამდე ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. ჩემს შემთხვევაში რაიმე აკრძალვები არასდროს ყოფილა, თუმცა მას შემდეგ მეც არასდროს დამიხატავს ყვავილები.




როგორ დაახასიათებდი საკუთარ ხელწერას, რა ამბავს ჰყვება შენი ნამუშევრები?

 

თავად რაიმე სახის ანალიზი ნაკლებად გამიკეთებია, თუმცა ვფიქრობ, რომ ხშირად ჩემი ნამუშევრები წარსულის ფაქტებს ეხება. გარდამავალ პერიოდებზე, წარსულიდან აწმყოზე ტრანსფორმაციის პროცესზე საუბრობს.

 



როგორია შენი სამუშაო პროცესი - საიდან იწყებ?

 

ხშირად იდეიდან ვიწყებ მუშაობას, რომელზეც დიდხანს ვფიქრობ. პროცესში კი ეს იდეა უფრო ბევრ მიმართულებაში იშლება, რაც ძალიან მომწონს. პირველი ეტაპი ყოველთვის ჩანახატებთანაა კავშირში, რომლებსაც აუცილებლად აქვს პრეისტორია.

 



ძირითადად ტექსტილზე მუშაობ, რას ნიშნავს შენთვის ქსოვილი, როგორც გამოხატვის ფორმა და რით გამოირჩევა ის, როგორც მედიუმი?

 

ქსოვილი ისტორიულად ერთ-ერთი უძველესი მასალაა და მისი ასაკიდან გამომდინარეც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია და ბევრ შრეს იტევს. ამ შრეებში შეიძლება წარმოვიდგინო ცოდნა, შრომა, რომელიც მის შესაქმნელად ჩაიდო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქსოვილი ფორმით ურთიერთობს.

 



მუშაობ ასევე სხვა მედიუმშიც - ფერწერა, ინსტალაციები, თაბაშირი - როგორ არჩევ შესაფერის მასალას?

 

პერიოდებსაც გააჩნია. ბოლო თვეებია სულ ფერწერულ ჩანახატებს ვქმნი. თუ მუშაობის პროცესში რაიმე რისკი იგრძნობა, ჩემთვის ეგ ხდება ხოლმე ყველაზე საინტერესო. მხიბლავს ის გარემოება, როდესაც საკუთარ თავს ვიწვევ, რადგან მიძინებულად ვერ მივყვები, ყველაზე მეტად ეგ მღლის.

 




რა არის შენი შემოქმედებითი მუხტის ყველაზე დიდი წყარო?

 

ამ კითხვას ალბათ უამრავი პასუხი აქვს, თუმცა ძალიან გულწრფელად რომ ვთქვა, შემოქმედებითი მუხტისთვის ყველაზე მეტად კარგი გამოფენა მეხმარება. ისეთი არაჟესტური გამოფენა, რომელიც მთელ სამყაროს იტევს. ამის შემდეგ აღარ არის ხოლმე საჭირო არც მზიანი ამინდი და არც სხვა რაიმე გარემოება.

 




ბოლოს რომელი გამოფენა ნახე, რომელმაც  ძალიან მოგხიბლა?

 

ბოლოს აღვფრთოვანდი მორანდის და ალბერსის გამოფენით -  Albers and Morandi: Never Finished, რომელიც დევიდ ზვირნერის გალერეაში ონლაინ ვნახე. მახსოვს, გათენებული არ იყო უკვე მუშაობის დაწყება რომ მინდოდა. საოცარი გამოფენაა და ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად ნახოს.

 



სხვადასხვა რეზიდენციაში გიმუშავია, როგორ ფიქრობ, რა ტიპის გამოცდილებაა და რამდენად შეუძლია ამ პრაქტიკას თანამედროვე ხელოვანზე პოზიტიური გავლენა  მოახდინოს?

 

 თითოეულმა რეზიდენციამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ეს არის მდგომარეობა, როცა სხვა ადამიანების, გარემოს და კულტურის გარემოცვაში ხარ. სულ სხვა სურათი იშლება გარშემო. აკადემიის დასრულების შემდეგ, სანამ კლაიპედაში, ჩემს პირველ რეზიდენციაში წავიდოდი, ვმუშაობდი მაღალმთიან აჭარაში, ცივილიზაციისგან მოწყვეტილ, საოცარ გარემოში. თუმცა პირველი ემოცია, რაც კლაიპედაში ჩასულს გამიჩნდა, იყო ის, რომ მე არ მომწონდა ჩემი თავი და მინდოდა, ვყოფილიყავი უკეთესი. ეს მომენტი დღესაც მძაფრად მახსოვს და მგონია, რომ ნებისმიერი რეზიდენცია ამ ცვლილების წინაპირობა და ერთგვარი გამოწვევაა საკუთარი თავისთვის.

 



”ნაკვალევზე” - შენი  ერთ-ერთი პერსონალური ნამუშევარია, რომელიც ყოველდღიური ნივთებისგან შემდგარ ვიტრინას წარმოადგენს. რა არის ამ ნამუშევრის კონცეფცია და საიდან გაგიჩნდა შთაგონება, რომ ის შეგექმნა?

 

ამ ნამუშევარზე ფიქრი უკვე კლაიპედაში მქონდა დაწყებული, სადაც გადასახლების თემაზე ვმუშაობდი და იმ ადამიანების ისტორიებს ვიკვლევდი, რომლებიც წარმოებაში მუშაობდნენ და შემდეგ ზოგს ქვეყნიდან იძულებით წასვლა მოუწია, ზოგიც ციმბირში გადაასახლეს. თბილისში დაბრუნებულს ათმაგი ემოცია მქონდა, საკუთარი თავიც სხვანაირად დავინახე და ინსტინქტურად მივედი ოჯახის ისტორიამდე. ბებიაჩემი 50-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც მის ქალაქში, კალინინში, არეულობა დაიწყო. ამ ნამუშევარში წარმოდგენილ ყოველდღიურ ნივთებს შორისაა სწორედ ის პერსონალური ობიექტები, რომლებსაც ბებიაჩემი ინახავდა. აღმოჩნდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით ყოფილა ადამიანი, რომელსაც ის ისტორია აქვს, რასაც მე კლაიპედაში ვეძებდი. ვიტრინაში წარმოდგენილი ყველა ნივთი პირადია და თითოეული იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც 50-იან წლებში საქართველოში ჩამოვიდა, წარმოებაში დაიწყო მუშაობა და 90-იანებში, არეულობისას, ისევ გადასახლება მოუწია. ეს ნივთები სწორედ ბებიაჩემის სახლში აღმოვაჩინე - მისი მეგობრების პირად ჭურჭელსა თუ სხვა ობიექტებს ყუთებში ინახავდა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დამელაგებინა ეს თემები და რაღაც მიმართულებით წამეყვანა. შემდეგ საჩუქრად მივიღე წიგნი, რომელიც იაპონური პატარა ქანდაკებების, ნეცკეს მეშვეობით ოჯახურ ისტორიას ჰყვებოდა. ალბათ ეს იყო საბოლოო მომენტი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეს ყოველდღიური, პირადი ნივთები შემეკრიბა და ამ სახით მომეყოლა წარმოების სფეროში მომუშავე გადასახლებული ადამიანების პორტრეტებისა და ისტორიების შესახებ.

 


შენი ნამუშევრები ხშირად სხვადასხვა სოციალურ თემებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა ციმბირში გადასახლებისა თუ ინდუსტრიული რევოლუციის დროს ქარხნებში მომუშავე ქალების ისტორიები. როგორ ფიქრობ, რამდენად არის, ან უნდა იყოს, ხელოვნება სოციალური თუ პოლიტიკური გამოწვევების განმცხადებელი?

 

მე მგონია, რომ ხელოვნება ყველა მისიას იტევს, თუმცა თავიდანვე გამიზნულად რაიმე ცვლილებებისთვის შექმნილი ნამუშევრები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. ჩემს მეგობართან საუბრისას მან  ახსენა, რომ ჯორჯო მორანდი მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში ცხოვრობდა, ერთი და იგივე აკადემიაში ასწავლიდა და ერთ გარემოში მუშაობდა. სწორედ ამ ფაქტმა  დამაფიქრა და მივხვდი, რომ ჩემთვის მსგავსი კონტექსტები უფრო ძლიერია, როგორც პოლიტიკური და სოციალური გზავნილი და არა პირდაპირ ნათქვამი.

 




Story as a Woven Carpet - ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ბერლინში, 68 Projects-ში გალერეა Galeriekornfeld-მა გამართა და მასში  შენც მონაწილეობდი. რა იდეა იმალება ამ ნამუშევრების მიღმა?


2018-ში ერთ-ერთი თუში მეცხვარისგან ძველი  ფარდაგი ვიყიდე, მეცხვარე ამ ფარდაგს იმიტომ  ყიდდა, რომ  თავისთვის ნაბადი ეყიდა და ცხვარში წასულიყო. ამ ისტორიამ თავისთავად მომხიბლა. ნაქსოვი ამბის ერთგვარი წრე იქმნებოდა და მაშინვე  მთელი ეს სურათი წარმომიდგა თვალწინ. იმ მომენტიდან დავიწყე ესკიზებზე მუშაობა და ამ ისტორიის ერთგვარ გადათარგმნას ცდილობდი. ტრადიციულად, როგორც ფარდაგებში აწერდნენ შესრულების დროს და სახელს, მეც გადავწყვიტე, ჩემს ფარდაგს ასე მოეყოლა ამბავი. Story as a Woven Carpet აერთიანებს ასევე თექისგან შესრულებულ ნაბადს, რომელიც იმ თუში მეცხვარის პორტრეტთანაა ახლოს და მის პერსონალურ ისტორიას ჰყვება. ამიტომაც დაერქვა ამ ნამუშევრებს ნაქსოვი ამბავი.

 


 

არსებობს თუ არა რაიმე თემები ან სიმბოლური ხატები, რასაც განზრახ თუ ინტუიციურად ხშირად უბრუნდები და მეორდება შენს ნამუშევრებში, როგორც  მუდმივი კვლევის არეალი?

 

თითქმის ყოველთვის ვიკვეთები საბჭოთა ქსოვილისა და წარმოების თემატიკასთან, კოლექტიურ მეხსიერებასთან. აკადემიაში ტექსტილის დიზაინის მიმართულებით ვსწავლობდი და მას შემდეგ რამდენჯერმე მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ინდუსტრიული ტექსტილის მიმართულებით გამეგრძელებინა მუშაობა. თუმცა წარმოებაში ვერასდროს აღმოვჩნდი, მაგრამ ამ თემას ხშირად ვუტრიალებ, თითქოს გარედან მაყურებლის როლში ვარ.

 



2019 წელს Kunsthalle Tbilisi-ის ფარგლებში შენ და გერმანელმა ხელოვანმა ალისია კვადემ ერთობლივი გამოფენა - Reflected Positions წარმოადგინეთ, რომლისთვისაც ინსტალაცია - Do you want to live in Paradise? შექმენი. მოგვიყევი ამ გამოფენის შესახებ  უფრო ვრცლად…

 

ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და რისკიანი პროცესი აღმოჩნდა, რადგან გადავწყვიტე, შედარებით უცხო მედიუმით მეთქვა ჩემი სათქმელი. Reflected Positions - განსხვავებული პოზიციები ერთგვარ კონტრასტსაც აჩვენებდა ჩემსა და ალისია კვადეს შორის და ვფიქრობ, ამ კუთხითაც საკმაოდ საინტერესო გამოფენა იყო. Do you want to live in Paradise? - გინდა იცხოვრო სამოთხეში? ამ ნამუშევრის საყრდენი სწორედ ის ვიტრინა გახდა და ვეცადე უფრო ფართოდ გამეშალა ეს თემა. სათაურიც თითქოს რიტორიკული კითხვაა, ერთგვარ ირონიას გამოხატავს და კითხვას სვამს  იმ რეალობაზე, რომელშიც ცოტა ხნის წინ ვცხოვრობდით.

 



როგორ ფიქრობ, დღეს როგორ შეიცვალა ქართული თანამედროვე ხელოვნება?

 

ვფიქრობ, ბოლო 10 წელია ყველაფერი აბსოლუტურად შეიცვალა, გაჩნდა ბევრი საინტერესო სივრცე და პლატფორმა. დღეს შეგიძლია უფრო მეტ გამოფენას დაესწრო, სხვადასხვა ხელოვანების სახელოსნოები ნახო. მანამდე შეიძლება მეთქვა, რომ აქ დარჩენა არ მინდოდა, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მირჩევნია აქ ვიყო და აქ ვიმუშაო.

 



რაიმე რიტუალი ხომ არ გაქვს, სანამ მუშაობას დაიწყებ?

 

უნდა შევიქმნა სიმშვიდე და ერთი-ორი კარგი სტატია წავიკითხო.

 

რას ნიშნავს შენთვის შემოქმედებითი თავისუფლება?

 

შემოქმედებითი თავისუფლება არის ისეთი მდგომარეობა, რომელშიც შეგიძლია პარალელური სამყარო შექმნა და ამ სამყაროში იცხოვრო ისე, რომ სრულიად მოწყდე ყველაფერს. ვფიქრობ, ეს არის ამ შემოქმედებითი პროცესების თავიც და ბოლოც.

 



როგორ დაახასიათებდი ადამიანს, ვისაც შენი ნამუშევარი აქვს სახლში?

 

ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ინტერესით უდგება  მოვლენებსა თუ ფაქტებს და მათ ჰორიზონტალურად არ უყურებს. აქვს იმის სითამამე, რომ პროცესი არ დაასრულოს და რაღაცები ღია დატოვოს. ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც მხოლოდ ესთეტიკურ მხარეს არ აქცევს ყურადღებას და უყვარს კითხვების დასმა.

 



რაზე მუშაობ ამჟამად?

 

ამჟამად ისევ წარმოების თემის გარშემო ვტრიალებ. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ჩემი აკადემიის დროინდელი რვეულები და ამ შთაგონებით დავიწყე ახალ ნამუშევრებზე ფიქრი. ისევ იმ თემატიკას ვუბრუნდები, იმ უხილავ ნივთებს, რომლებიც მეხსიერებაში არსებობენ, იმ დიალოგებს, რაც მათ შორის შეიძლება განვითარდეს. ასევე ვემზადები გამოფენისთვის, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გერმანიაში გაიმართება. მანამდე, ვფიქრობ, ძალიან ბევრი მაქვს კიდევ სამუშაო.