პიტერ მარინო ელიტური სამყაროს ლეგენდაა თავისი უნაკლო რეზიდენციებით, გასაოცარი არტ გალერეებით და რაც მთავარია ისეთი ბუტიკების დიზაინით, რომლებიც წამყვან მოდის ბრენდებს ეკუთვნით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარინოს მიერ შექმნილ რეზიდენციებს, სავაჭრო სახლებს, სასტუმროებსა და სხვა კულტურული ღონისძიებების ობიექტებს  სხვადასხვა ჯილდოები აქვთ მინიჭებული. არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა საზოგადოებას თავი ბაიკერის მსგავსი უცნაური ჩაცმულობითაც დაამახსოვრა. თავის ქალის გამოსახულებიანი ვერცხლის ბეჭდებით თითებზე, ბაიკერივით თავიდან ბოლომდე ტყავის ტანსაცმელში გამოწყობილი, პოლიციის ტყავის კეპით, მარჯვენა მკლავზე გველის ტატუთი, შავად შეღებილი თმით - ერთი შეხედვით რთულია ამ ვიზუალით პიტერ მარინო ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ არქიტექტორად წარმოიდგინოთ, მითუმეტეს როცა მისი მუდმივი კლიენტების რიცხვში ისეთი ცნობილი მოდის სახლებია, როგორიცაა შანელი, დიორი, ფენდი, ივ სენ ლორანი, ვალენტინო, კალვინ კლეინი, ლუი ვიტონი. 30 წლის მანძილზე მუშაობდა ისეთ გამორჩეულ ადამიანებთან, როგორებიც არიან არმანი, არნო, როტშილდი და სხვები; მარინო წლების მანძილზე მათ კერძო შეკვეთებს ასრულებდა და სახლის დიზაინზე ზრუნავდა. მას ყველაზე მეტი ბუტიკი აქვს შექმნილი, ვიდრე რომელიმე სხვა არქიტექტორს და დიზაინერს. უცნაური ჩაცმულობის და სტილის გამო, მარინო ხშირად ხვდება ხოლმე კომიკურად უხერხულ სიტუაციებში. მაგალითად, 2009 წელს პარიზში ფრანგი ავიამაგნატის, სერჟ დესოს მიერ გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე არ დაუშვეს. არქიტექტორმა სცადა ახსნა, რომ იგი მიწვეულ საპატიო სტუმრებს შორის იყო, თუმცა ამან არ გაჭრა. ამ უხერხული სიტუაციიდან იგი ბერნარ არნოს ოჯახმა იხსნა.  




თავისი მეგობრის ენდი უორჰოლის მსგავსად, მარინო პროვოკაციულ იმიჯს ატარებს. სწორედ ენდი უორჰოლის დამსახურებით გაიკვალა გზა მან მაღალ საზოგადოებაში. უორჰოლს თავისი მეგობარი გოგონას, პეტ ჰაკეტის წყალობით დაუახლოვდა, რომელიც უორჰოლის თანაშემწედ მუშაობდა. ენდი უორჰოლს ახალი ნაყიდი ჰქონდა სახლი ნიუ-იორკში და აბაზანისა და სამზარეულოს დიზაინის შეცვლა უნდოდა. მარინო მასთან ჯედ ჯონსონმა მიიყვანა, რომელიც იმ დროს უორჰოლთან ერთად ცხოვრობდა. სახლი საკმაოდ ძველი იყო; არქიტექტურული ნახაზები მარინომ მოამზადა, ხოლო ჯონსონმა ინტერიერის ნაწილი აიღო საკუთარ თავზე. ახალგაზრდა არქიტექტორისთვის ეს უდიდესი კარიერული ნაბიჯი იყო, თუმცა ამავდროულად, სერიოზული გამოწვევაც: სახლი 1920 წელს იყო აშენებული და უორჰოლს უნდოდა მასში 1920-იანი წლების იერის შენარჩუნება. მან სთხოვა დიზაინერებს ყველაფერი ისე ყოფილიყო, თითქოს მისთვის ხელი არ უხლიათ. უორჰოლის სახლზე მუშაობამ დაახლოებით წელიწად-ნახევარი გასტანა. თუმცა, უორჰოლის სახლის ნამუშევარი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა, რადგან იგი თავის პირად სივრცეს არავის აჩვენებდა. ბევრს ეგონა, რომ უორჰოლის სახლზე მუშაობით, მარინო პირდაპირ წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. უორჰოლის სახლი მისი გარდაცვალების შემდეგ, 1986 წელს გახდა ფართო მასებისთვის ცნობილი. სახლის მოწყობის შემდეგ, უორჰოლმა მარინოს Factory-ს დიზაინი დაუკვეთა, რომელიც ახალ მისამართზე გადაიტანა. ამას მოჰყვა მანჰეტენზე პიერ ბერჟესა და ივ სენ ლორანის სახლების დიზაინის შემუშავება.

 




მარინოსთვის ბრენდინგი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ბრენდის ისტორია. მარინოს აზრით, მისი არქიტექტურა და დიზაინი
ბრენდის რეკლამაა. თავდაპირველად ის ბრენდს და პროდუქტს დეტალურად სწავლობს, რაც მას ძალიან ეხმარება იმ ფიზიკური გარემოს შექმნაში, რომელშიც შემდგომში ბრენდმა უნდა იარსებოს. იყენებს ტექსტურას, სივრცეს, სინათლესა და მასალებს, რომ ინტერიერსა და ექსტერიერს შორის იდილია შექმნას. დიდი სივრცეები და უზარმაზარი შენობები მარინოს კლაუსტროფობიის გამოძახილია. ამიტომაც, მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ბუნებრივი სინათლე და ღია სივრცეები. ამასთან ერთად, ის ახერხებს, რომ არქიტექტურა მოდასა და მხატვრობასაც შეუხამოს.

 




მარინოს ძალიან უყვარს ხელოვნება; მის კერძო სივრცეში შეხვდებით სხვადასხვა ნახატებსა და ფოტოებს დამიენ ჰირსტის, სტივენ მეისელის, ჯულიან ლეტბრიჯის შემოქმედებიდან.
მარინოს მთავარი ინსპირაციაც მხატვრები - როტკო და მონდრიანი არიან. იგი დიზაინს ხშირად ამდიდრებს ახალბედა ხელოვანების ნამუშევრებით და დამატებით ხიბლს სძენს გარემოს; დადის გამოფენებზე, არჩევს ნახატებს ამა თუ იმ ბრენდისთვის. ნახატებს მხატვრებისგან პირდაპირ ყიდულობს ან უკვეთავს, ამით მათ რეალიზაციას და პოპულარობას უწყობს ხელს. მარინო თავისი პროექტების წარმატების საიდუმლოდ იმას მიიჩნევს, რომ დიზაინში აქტიურად რთავს ხელოვნების ნიმუშებს, ნახატებს, ნაკეთობებს, რომლის ყურებაც ხალხს სიამოვნებს. მაგალითად, ასე შეარჩია ჟან-მიშელ ოტონიელის გიგანტური მძივები შანელისთვის. შანელის მთავარი სიმბოლო სწორედ მძივი იყო, რომელიც დიზაინერს რამდენიმე წყებად ჰქონდა ყელზე დახვეული. მარგალიტის მძივის იდეაც ასე დაიბადა, რომელიც ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მაღაზიის სტუმრებზე. მარინოსთვის როგორც ხელოვნების ნიმუშების, ისე მასალების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი კლიენტების მიმართ ბრენდის დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც პატივისცემას უნდა გამოხატავდეს.

 



მიუხედავად ულტრათანამედროვე ხედვისა და იმიჯისა, მარინო ოდნავ ძველმოდურია. მაგალითად, არ მოსწონს კომპიუტერით მუშაობა და მას უსულო საგანს უწოდებს. იგი ვერ იტანს ამ თანამედროვე და აუცილებელ მოწყობილობას, რადგან არასაიმედოდ, ნელი ტემპისა და საოცრად ლიმიტირებული შესაძლებლობების მქონედ მიაჩნია, რომლითაც შეუძლებელია ისევე თავისუფლად ხაზო, ხატო და იფიქრო, როგორც ეს წარმოსახვით, ფურცლისა და ფანქრის მეშვეობით მიიღწევა.

 



2006 წელს პიტერ მარინო ნიუ-იორკის ჟურნალის მიხედვით მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ყველაზე გავლენიან პერსონად დასახელდა. მისი დამსახურებით დიზაინისა და არქიტექტურის კუთხით მოდის ინდუსტრიის გარდატეხაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ მდიდრულ ბუტიკებში ხალხი მხოლოდ საყიდლებზე კი არა, სანახაობისთვისაც დადის. სამოცდაათიან წლებში მაღაზიაში სანახაობის გამო სიარული თითქმის წარმოუდგენელი იყო, მეტიც - არცერთი სერიოზული არქიტექტორი ამ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა. სწორედ მარინო იყო ამ სფეროში პირველი და ეს იყო მისი თავბრუდამხვევი კარიერის დასაწყისიც: „ოცი-ოცდაათი წლის წინ მაღაზიის დანიშნულება მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა იყო. საყიდლებზე იმისთვის დავდიოდით, რომ რაღაც კონკრეტული გვეყიდა. დღეს ბუტიკები ექსპერიმენტულია. მდიდრული მაღაზია ადამიანის ემოციებისა და ესთეტიკური განწყობის ნაზავია, სადაც თავს სასიამოვნოდ გრძნობთ. ეს ყველაფერი შთაგონებით კეთდება. ხელოვნებას მივესალმებით და ბრენდის სათქმელს გადმოვცემთ“. მარინოს სურს, რომ მისმა არქიტექტურამ ეპოქის სული გამოხატოს ან ზოგადი წარმოდგენა შექმნას იმ დროზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მისი აზრით, უკვდავი ხელოვნების ნიმუშები სწორედ ასე იქმნება, და ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობად რჩება.

ფოტოების წყარო:
1. petermarinoarchitect.com