ოთხშაბათს, 28 აპრილს E.A Shared Space სალომე დუმბაძის სოლო გამოფენას, Indoor Window-ს უმასპინძლებს. გალერეაში გამოფენილი იქნება როგორც ნახატები, ისე გრაფიკული და ტექსტილის ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა 2020 წლის განმავლობაში შექმნა. 

 

დუმბაძის ხელწერა სათავეს მხატვრობიდან იღებს. მისი ნამუშევრები მკაფიოდ გადმოსცემს ქართული მხატვრობის ტრადიციების ცოდნასა და გავლენას შუა საუკუნების კედლის მხატვრობიდან მე-20 საუკუნის ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობამდე. მის ნახატებში განსაკუთრებით ფერთა არჩევანი და მუშაობის ტექნიკაა ის, რაც შუა საუკუნეების ქართულ მართლმადიდებლურ კულტურას გვახსენებს, როგორიცაა იკონოკლასტური სიმბოლოები ატენის სიონზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აპოკრიფული მხატვრობა და მე-13 საუკუნის ტიმოთესუბნის მონასტრის კანონიკური მოხატულობა. ტრადიციული ზეთის საღებავების გამოყენებისას მხატვარი ცდილობს ხშირად დამახასიათებელ სისქესა და მასკულინურ ძალასთან ასოცირებულ ზეთის ფუნჯს ფემინური მხარე შემატოს, რაც ნამუშევრებს ე.წ.  Paintball-ით შექმნილი ნახატების გაუმჭვირვალე შთაბეჭდილებას სძენს. მხატვარი ექსპერიმენტულად უდგება ჩარჩოებსაც, რომელიც მისი მუშაობის ტექნიკის განუყოფელი ნაწილია. ჩარჩოებისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევისას ის ამ დეკორატიულ ელემენტსაც ზრუნვის  აქტად აქცევს. თემატიკის გარდა, ჩარჩოც კი ფემინიზმის აქტუალურ საკითხებს უსვამს ხაზს. 

 

ნამუშევრების თემატიკა იცვლება რეალური და წარმოსახული სახლის გარემოდან ცხოველების გამოსახულებისკენ. ღია სივრცეები, ფანჯრები და ცარიელი ინტერიერი მნახველს უცნობ სივრცეში ეპატიჟება.