“საკრალური გეომეტრია” სახელწოდებაა სერიისა, რომელიც ხელოვან შოთიკო აფციაურისა და Rooms Studio-ს მიერ შეიქმნა და ოთხ ფუნქციურ საკოლექციო ობიექტს - სანთლისგან ჩამოსხმულ და გამოთლილ შანდალს, ორ სკამსა და მაგიდას აერთიანებს. ეს სერია თავისი შინაარსობრივი და იდეური დატვირთვით, ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელი წარმომავლობის შიშის ანარეკლია და შინაგანი კონფლიქტის გამოვლინება, მცდელობაა - არამყარ და დნობად მასალას უკვდავება ახალი ფორმითა და შინაგანი სტრუქტურის ცვლილებით მიენიჭოს.
მიუხედავად იმისა, რომ შოთიკო აფციაურსა და Rooms Studio-ს ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ, ამ ობიექტების სერია აღმოჩნდა ის, რაზეც განსაკუთრებულად დაინტერესდნენ.
“გვინდოდა ერთად გვემუშავა სერიაზე, რომელსაც ჩემი ინდივიდუალური ხასიათიც ექნებოდა, rooms studio-სიც და ამავდროულად, გამაერთიანებელი წერტილი იქნებოდა ჩვენთვის. გამაერთიანებელი წერტილი, რომელიც როგორც მუშაობის პროცესში მივხვდით, უნდა ყოფილიყო ბუნებრივთან რაც შეიძლება ახლოს მყოფი ფორმები, რომლებიც თითქოს გაფილტრულია სილამაზისგან, უხეშია და მძლავრი”. - ამბობს შოთიკო აფციაური.
ერთობლივი მუშაობის პროცესი ცოცხალი და ორმხრივად საინტერესო იყო. “მეც და Rooms Studio-ც მზად ვიყავით ამ პროცესში დათმობებზე წასვლისათვის, იმიტომ რომ თანამშრომლობა ცალკე მუშაობისაგან განსხვავდება, და იმისათვის, რომ ის შედგეს, საჭიროა მხარეებს ერთმანეთის მიმართ პროფესიული ნდობა ჰქონდეთ, რაც სამუშაო პროცესსაც აბალანსებს და ამავდროულად, მას ძალიან საინტერესოს ხდის. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ის ჩანახატების შექმნით დაიწყო, შემდეგ მათ შორის ყველაზე მისაღები ვარიანტი შეირჩა და ხელოსანსაც მალევე შევუთანხმდით. ამ პროცესშიც აქტიურად ვიყავით ჩართულები, ვესწრებოდით და ვაკვირდებოდით, თუ როგორ მუშაობდა ის და შემდეგ, როცა ხელოსანმა თითქმის დაასრულა მუშაობა, მეც და Rooms Studio-ც საბოლოო დეტალებს ჩვენით ვქმნიდით, მასალაშიც შეგვქონდა ცვლილებები, სულ ვსაუბრობდით და ვითვალისწინებდით ერთმანეთის იდეებს და ბოლოს, თავად ამ ცოცხალი მუშაობის პროცესიდან გამომდინარე, მივედით „საკრალური გეომეტრიის“ კონცეფციამდე. მივხვდით, რომ თვითონ მუშაობის პროცესმა გვიკარნახა სერიის სახელწოდებაც და შინაარსიც”.
სამუშაო მასალაზე ფიქრისას ორივე მხარე შეჯერდა, რომ ის სანთელი უნდა ყოფილიყო და მუშაობა დაიწყო ამ მასალის ისე გამყარებაზე, რომ შექმნილი ობიექტები ფუნქციონირებისას არ დაზიანებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკოლექციოა, შოთიკოსაც და Rooms Studio-საც სურდათ, რომ ფუნქციურიც ყოფილიყო და ამის გამო მასალის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, რათა ის უფრო მყარი და რეზისტენტული გამხდარიყო.
რაც შეეხება სერიის სახელწოდებას, “საკრალური გეომეტრია” - ავტორების აზრით, ყოველი ნივთი, რომელიც პირადია, გარკვეულწილად საკრალურია ადამიანებისათვის და როცა ამას დაემატა მათი მასალა და ფორმებიც, რომლებიც ბუნებრივია და წმინდა, ეს ობიექტებიც საკრალურთან გაიგივდა. გასათვალისწინებელია, რომ ისინი სანთლისგანაა შექმნილი, სანთლისგან, რომელიც როგორც მასალა, უკვე საკრალური მნიშვნელობის მატარებელი იყო ავტორებისათვის თავისი დატვირთვით და სათაურშიც ნახსენები საკრალურობაც სწორად მასთან მოდიოდა თანხვედრაში. ხოლო რაც შეეხება გეომეტრიას, მას შემდეგ, რაც უკვე ამ ობიექტების ფუნქციონალურობაზე, გეომეტრიულ ფორმებსა თუ ქიმიურ სტრუქტურაზე დაიწყეს ფიქრი, გადაწყდა, რომ შერჩეულიყო ისეთი ცნება, რომელიც თავის თავში საკრალურობასაც დაიტევდა და ფუნქციურიც იქნებოდა, ვინაიდან მრავალი შრე აქვს, ობიექტების ფორმასაც უკავშირდება და საბოლოოდ ეს სიტყვათშეთანხმებაც გაჩნდა.
საინტერესოა, რომ სერიის კონცეფცია და მასში შემავალი ობიექტების იდეური დატვირთვა ბუნებრივად, მუშაობის პროცესში დაიბადა და ამის შემდეგ ადამიანებისათვის დამახასიათებელ ეგზისტენციალურ, შინაგან კონფლიქტს დაუკავშირდა. “მაშინ როცა სერიის შინაარსზე ვფიქრობდით, მასალად სანთლის არჩევისას მივხვდით, რომ ის დნობადია, არამყარია და ჩვენ მაინცდამაინც მასზე მუშაობა გადავწყვიტეთ, მაშინ როცა უამრავი სხვა მასალა არსებობს, რომლებზე მუშაობაც მეტად მყარ ფორმებს მიგვაღებინებდა. გვინდოდა, რომ ჩვენ მიერ შექმნილი ეს ობიექტები ბუნებრივიც ყოფილიყო და ამავდროულად, დიდხანს გაეძლო, მარტივად არ დაზიანებულიყო და მყარი, ბაზისური ფორმების მისაღებად პარადოქსულად ავარჩიეთ სანთელი - ქრობადი და დნობადი მასალა, რომელსაც თვითონ პროცესშიც ვამაგრებდით, ვამყარებდით და როცა ამ წინააღმდეგობაზე დავფიქრდით, მივხვდით, რომ ეს მასალა შეიძლება გარდაიქმნას და მოექცეს ისეთ ფორმაში, რომელიც რეზისტენტულია და რომელსაც შეუძლია გაუძლოს დროს”.
სერიის ავტორები მიხვდნენ, რომ ეს პროცესი - მცდელობა დნობადის გამყარებისა, თანხვედრაში მოდიოდა ეგზისტენციალურ კონფლიქტთან და იყო ვიზუალური და შინაარსობრივი გამოვლინება იმისა, რაც ძალიან ბუნებრივია ადამიანებისათვის.
“ჩვენ ვბერდებით, ვიცით, რომ სიკვდილი გარდაუვალია, თუმცა მაინც ვცდილობთ მის თავიდან არიდებას. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის შესახებ ცოტა რამ ვიცით და ძალიან გვაინტერესებს, რა ხდება მის მიღმა, სულ ვცდილობთ, რომ ჩვენი თავი თითქოს დროში გავამყაროთ, დროში დავაფიქსიროთ. მთელი ცხოვრება ბრძოლაა იმის წინააღმდეგ, რის შესახებაც ყველაზე ნაკლები იცი, წინააღმდეგობაში ხარ მასთან და თან საკუთარი თავის ფიქსაციას ცდილობ”.
აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ შინაგანი კონფლიქტის გამოვლინება იყო საკრალური გეომეტრიის მთლიანი პროცესიც და შედეგიც. შოთიკო აფციაურისა და Rooms Studio-ს მიერ შექმნილმა საკოლექციო ობიექტებმა დროს უნდა გაუძლონ და ახალ, უკვდავ ფორმად ჩამოყალიბდნენ.
სერიის პრეზენტაცია ძალიან მალე სოფელ ბაზალეთში იგეგმება, ხოლო რაც შეეხება შოთიკო აფციაურისა და Rooms studio-ს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გეგმებს, დიდი ალბათობით, მათი კოლაბორაცია კიდევ შედგება, ვინაიდან ორივე მხარე ყოველთვის ღიაა, როცა პროფესიული ნდობა, ინტერესი და ახლა უკვე, ერთი საერთო და საინტერესო გამოცდილება არსებობს.
დაწერე კომენტარი