სინათლე ხელოვნების ისტორიისთვის ახალი კონცეპტი როდია. მისი საშუალებით იძენენ ნახატზე გამოსახული ფიგურები რეალურობისა და მოცულობის ეფექტს. და ვინჩიდან მოყოლებული, მანესა და დალის ჩათვლით, სინათლე ყოველთვის თან სდევდა დიდი თუ მცირე ხელოვნების ნიმუშებს და მნიშვნელოვანი გამომსახველობითი დატვირთვა ჰქონდა. თუმცაღა გასული საუკუნის 60-იან წლებში ყოფილმა პილოტმა და ფსიქოლოგიის სტუდენტმა ჯეიმს ტურელმა გადაწყვიტა, რომ შუქი არა დამხმარე ატრიბუტი, არამედ უშუალოდ ასახვის ობიექტი უნდა გამხდარიყო, რის შემდეგაც დღემდე ყველაზე უცნაური და ლეგენდარული ინსტალაციების შექმნას მიჰყო ხელი.
ჯეიმს ტურელი კვაკერების რელიგიური ჯგუფის წიაღში აღიზარდა, სადაც გავრცელებული პრაქტიკაა სპეციალურ დარბაზში ჩუმად ჯდომა და ერთობლივი მედიტაცია. მსგავსად ამ სალოცავი სივრცეებისა, 70-იან წლებში ტურელმა ,,ცის სივრცეების’’ მოწყობა დაიწყო. ჭერამოჭრილ ოთახში ადამიანები რამდენიმე წუთის განმავლობაში უსიტყვოდ ისხდნენ და ბუნებრივ სინათლეს უყურებდნენ. ამგვარ ,,ცის სივრცეებს’’ შორისაა 1992 წელს შექმნილი ,,ირლანდიური ცის ბაღი’’, რომელიც უძველესი კელტური და ეგვიპტური სამლოცველოების სტილშია აგებული; ასევე 2001 წლის კალიფორნიული ,,ცის ოთახი’’, სადაც მნახველმა უნდა შეცუროს და სხვა.
1979 წელს ჯეიმს ტურელმა არიზონაში, ჩამქრალი ვულკანის კრატერში, უჩვეულო ობსერვატორიის შენებას ჩაუყარა საფუძველი. არტისტმა შუქისა და ცის ხედების მანიპულირება სახურავში ამოჭრილი გეომეტრიული ფორმებით მოახერხა, რომელთა შიგნითაც დღის მონაკვეთების მიხედვით იცვლება ფიგურების ფერი და სინათლის ინტენსივობა. ,,როდენის კრატერის’’ ობსერვატორია, რომელიც შეუიარაღებელი თვალისთვისაა გათვლილი, ციური სხეულებისა და ასტრონომიული მოვლენების დაკვირვების საშუალებას იძლევა. იგი გრძელი გვირაბისაგან შედგება, რომელიც თავის მხრივ ტელესკოპსა და სინათლის გამტარს წარმოადგენს. ინსტალაცია ორმოცი წელია შექმნის პროცესშია. დღესდღეობით მისი ნახვა მხოლოდ ხელოვანის მეგობრებს და იღბლიან თაყვანისმცემლებს შეუძლიათ.
დამთვალიერებლები არტისტის ინსტალაციების ხილვას ისე აღწერენ, როგორც არამიწიერ გამოცდილებას. განსხვავებით სხვა მედიუმებისგან, ტურელი თავიდან ბოლომდე ახდენს საგამოფენო სივრცის მოდიფიკაციას და მას პერფექციონისტულ, იდეალური ფორმებისა და ფერების ფსიქოდელიურ განზომილებად აქცევს. ამგვარად, მაყურებელი ნამუშევრის მიღმა კი არ დგას, არამედ რეალურად ხდება ხელოვნების ნიმუშის ნაწილი, რაც ერთგვარად წარმოდგენაში, არაცნობიერში შეცურვის ტოლფასია.
ტურელის შემოქმედებითი გადაწყვეტილებები ღრმა ფილოსოფიურ და სპირიტუალურ დოქტრინებს ეყრდნობა. მათში ასახულია ის უნიკალური ურთიერთმიმართება, რაც შუქსა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის არსებობს. ,,ჩვენ სინათლის ქმნილებები ვართ, - ამბობს ის, - განსაკუთრებით კი გარკვეული ტიპის სინათლის... ჩვენ დაისისთვის ვართ შექმნილნი’’. ტურელის სამყაროში იდეები და ინტელექტუალური ცოდნა მატერიალიზდება და ადამიანებს შეუძლებლის განცდის შესაძლებლობას აძლევს - არაფიზიკური, სულიერი მოგზაურობის გამოცდილება მიწიერ, ხელშესახებ ფორმებში მიიღონ.
ფოტოების წყარო:
1. theguardian.com
დაწერე კომენტარი