გვითხარით, როგორ შეიქმნა მედიუმი, რა არის თქვენი დიზაინის ფილოსოფია?

ჩვენ ვართ ოთხი არქიტექტორი, რომლებიც ვთანამშრომლობთ კოპენჰაგენში, დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში პოლიტიკური არქიტექტურის შესწავლის შემდეგ. ჩვენ დავიწყეთ ერთად მუშაობა, რადგან გვქონდა საერთო ინტერესი პოლიტიკის, საზოგადოების, ნაშენი ფორმის შერწყმისა და მათი ურთიერთქმედების გზების მიმართ. ეს ინტერსები ოთხივეს ჩამოგვიყალიბდა თბილისში განხორციელებული კვლევით და დიზაინის პროექტებზე მუშაობისას და ასევე მას შემდეგ, რაც ვიყავით “სხვა არქიტექტურის” კურატორები; ეს იყო გამოფენა და სიმპოზიუმი, რომელიც ჩატარდა არტარეაში. ჩვენ დავაპროექტეთ და ავაწყვეთ ინსტალაციები სეულში, არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის მსოფლიო კონგრესზე და ინდივიდუალურად გვიმუშავია პროექტებზე კუბაში, იაპონიაში, დანიასა და გაერთიანებულ სამეფოში.



როგორ აუწერდით თქვენს ნამუშევარს მას, ვისაც ის არასდროს უნახავს?

ჩვენი დიზაინი ეფუძნება სოციალურ პრაქტიკას და ნაშენ ფორმებზე საგულდაგულო დაკვირვებას. მაგალითად, გლდანში არსებული თვითნაშენი მეტალის გარაჟების არაფორმალურმა პრაქტიკამ შთაგვაგონა ადგილობრივებთან ერთად გამოგვეკვლია, თუ როგორ აგვემაღლებინა მეტალი და შედუღაბება, ძალიან პრაქტიკული მასალა და მშენებლობის ტექნიკა, ლამაზ და გამოცოცხლებულ სტრუქტურამდე. 8-23-VI აქცენტს აკეთებს კოლექტივზე და მიზნად ისახავს სივრცის შექმნას ისეთი მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა მეზობლების ყოველდღიური შეხვედრები და ორგანიზებული შეკრებები.



როგორ დაიწყო თქვენი კავშირი საქართველოსთან?

2017 წელს ჩვენ ერთი თვე გავატარეთ თბილისში და ვიკვლევდით ადგილებს ჩვენი არქიტექტურის კურსისთვის. ეს კვლევა მოიცავდა საცხოვრებლის, არაფორმალური, დემოკრატიული ურბანიზმისა და ტრანსფორმაციის თემებს, და მოგვიანებით შევიმუშავეთ არქიტექტურული პროექტები სხვადასხვა ადგილებისთვის თბილისის მასშტაბით.



შეგიძლიათ გვესაუბროთ არტარეას პროექტზე, როგორ შეიქმნა ის?

არტარეაში გამართული გამოფენა და სიმპოზიუმი – “სხვა არქიტექტურა” იყო თბილისში ერთწლიანი კვლევისა და პროექტირების კულმინაცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა თავი მოგვეყარა სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც განიხილავდნენ ქალაქის ურბანულ პრობლემებს და მის სხვადასხვა შესაძლო მომავალს.



როგორია თქვენი კვლევის პროცესი ახალი პროექტის დაწყებისას? როგორ ირჩევთ თემას?

ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს კონკრეტული სოციო-პოლიტიკური კონტექსტები და როგორ გამოიხატება ისინი არქიტექტურაში. თბილისზე ჩვენმა საერთო ცოდნამ მოგვცა ბაზისი ამ პროექტისთვის, თუმცა ამჯერად გვინდოდა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის რაიმე სახის კავშირის დადგენა. ამ პროექტისთვის ორ ქალაქში დავფუძნდით: ორი ჩვენგანი ადრეული პილოტური ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა მასალებისა და ფაბრიკატორების მოსაძიებლად და გლდანის მცხოვრებლებთან სასაუბროდ. ჩვენი ნამუშევარი ხორციელდება ორი მიმართულებით: განმეორებითი პროექტირება და პროტოტიპობა, და ორივე ქალაქის საერთო თემებისა და არქიტექტურის ანალიზი, წერა და ხაზვა.



თქვენ იკვლევდით საბინაო თემას კოპენგაგენსა და თბილისში. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი დასკვნები? რა მსგავსება აღმოაჩინეთ კოპენჰაგენსა და თბილისს შორის?

ეს პროექტი დაიწყო იმაზე დაკვირვებით, რომ გლდანსა და კოპენჰაგენის გარკვეულ უბნებში ბინები აშენდა ერთ დროში და ერთნაირი იდეოლოგიებით, რომლებიც გულისხმობდა მცდელობას უზრუნველეყოთ მასები ხელმისაწვდომი საცხოვრებლითა და თანაბარი პირობებით. ამან წარმოქმნა მსგავსება არქიტექტურულ სტრუქტურებში, თუმცა განსხვავებები სოციალურ პრაქტიკებსა და ეკონომიკურ პირობებში დროთა განმავლობაში გამოიხატა, რის შედეგადაც სახეზე გვაქვს მკვეთრი სხვაობა. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებდა საერთო სივრცის ტრანსფორმაციისა და შენარჩუნების საკითხი თბილისსა და კოპენჰაგენში და ამ კვლევის წარმოსადგენად მალე გამოვაქვეყნებთ პატარა პუბლიკაციას.



თქვენი კვლევის კულმინაცია იქნება ინსტალაცია სახელწოდებით – 8-23-VI, გლდანის მერვე მიკრორაიონში. შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ ნამუშევრის შესახებ? როგორ შეარჩიეთ სივრცე?

8-23-VI ქმნის დიალოგს 23-VI ბლოკის ნახევრად კერძო სივრცესა და მის მიმდებარე საჯარო ექსტერიერს შორის უკვე არსებული ბარიერის გაფართოებისა და გააქტიურების გზით. ინსტალაცია არის სივრცე მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის, როგორებიცაა მეზობლების ყოველდღიური შეხვედრები და ორგანიზებული შეკრებები, სადაც შესაძლებელია საერთო წუხილის განხილვა და მოქმედება. შევარჩიეთ ადგილმდებარეობა, რომელიც უკავშირდებოდა ერთ-ერთ ნახევრად კერძო სივრცეს, და გავაკეთეთ მინიშნება მთავარი კიბის სიმაღლესა და სიგანეზე. ასევე გვინდოდა, რომ ადგილი დაკავშირებოდა უკვე არსებულ საჯარო სივრცეს. აქ საყრდენი ბოძი ეხმიანება 23-ე ბლოკის გასწვრივ არსებულ მრავალდონიან გზას.

ჩვენ გადავწყვიტეთ გვეპოვა აქტიური ქუჩის მონაკვეთი, რათა შეგვძლებოდა მუდმივად გვესაუბრა ადგილობრივ მცხოვრებლებთან შენებისა და პროექტის განვითარების პროცესში. პროექტი ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი წარმოადგენს მეორის პროტოტიპს და ის გამოყენებული და განხილული იქნება ბიენალეზე. მეორე ნაწილი მუდმივ პავილიონად მოიაზრება და განხორციელდება მომდევნო თვეებში.



რა მნიშვნელობის მატარებელი იქნება ეს თემისთვის, როცა 8-23-VI გარდაიქმნება მუდმივ ინსტალაციად?

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველი ნაწილის მშენებლობამ რეზიდენტებს შორის გააღვივა დისკუსიები დიზაინთან, მის მდებარეობასა და ინსტალაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამან მუდმივი ინსტალაციის მკაფიოდ ვიზუალიზაციის საშუალება მისცა საზოგადოებას ასაშენებელი ობიექტის გრაფიკული გამოსახულების მიღმა. ყოველდღიურად ადგილზე ჩვენმა ყოფნამ ადგილობრივებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ მათი შეხედულებები ერთმანეთთან და ასევე ჩვენთან. პირველმა ეტაპმა რეზიდენტებს შეუქმნა ბაზისი თავიანთ საერთო სივრცეში პირდაპირი ჩარევისა და მისი გაუმჯობესებისთვის, ინსტალაციის ვერსიაშიც – წითელი ფერი და მისი მნიშვნელობა ცხარე განხილვის საგანი იყო! მუდმივი ინსტალაცია, მისი არქიტექტურული ფორმიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს მოსახლეობის შეკრებას. და ამ ჩართულობის პროცესებმა შექმნა საკუთრების შეგრძნებაც.

კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ ინსტალაციის შესახებ 2018 წლის თბილისის ბიენალესთვის?

გვიხარია, რომ ჩვენი ინსტალაცია გააგრძელებს ცხოვრებას ბიენალეს კვირეულის შემდეგაც. ის გახდება მუდმივი და დაცული პავილიონი მეექვსე შესასვლელის მკვიდრთათვის. მისი ზედაპირი, მოძრავი ჟალუზებით, შეძლებს პავილიონის გარდაქმნას უფრო დახურული ინტერიერიდან – რაც ბინის შიდა ტერიტორიის ერთგვარ გაგრძელებას ჰგავს – მეტად ღია სივრცედ, რომელიც საზოგადოებრივი ყოფის ნაწილია. პავილიონის ჟალუზებიანი ზედაპირი ამ ორ განსხვავებულ მდგომარეობას შორის იშუამავლებს და ამით წარმოაჩენს მის ბუნდოვანებასა და ცვალებადობას.



თქვენს ინსტაგრამზე გლდანის გარაჟების ფოტოები გააზიარეთ. ასეთ გარაჟებს თბილისის თითქმის ნებისმიერ ეზოში წააწყდებით და ისინი ქალაქში ცხოვრების განუყოფელი ნაწილია… რატომ გახდა ისინი თქვენთვის საინტერესო?

ამ გარაჟებმა მოგვხიბლა როგორც საჯარო სივრცის კერძი მისაკუთრების ფორმამ, მაგრამ ასევე როგორც ინდივიდუალიზმისა და შემოქმედებითობის არქიტექტურულმა გამოხატულებამ, რადგან აქ გამოყენებულია ყველაფერი, რადიატორებიდან მანქანის ნაწილებამდე. ისინი სრულიად გარდაქმნიან გლდანის ქუჩის პეიზაჟს და თავიანთი მრავალფეროვანი მატერიალურობითა და ფორმალური გამოხატულებით შთაგვაგონეს ჩვენი ინსტალაციის დიზაინი. ჩვენი ინსტალაცია მიუყვება ამ მისაკუთრების ლოგიკას, მაგრამ ხელახლა განსაზღვრავს მას, როგორც კოლექტიურ პრაქტიკას.

გაგვიზიარეთ თბილისზე თქვენი სხვა დაკვირვებები

თბილისი კოპენჰაგენისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ შთამბეჭდავი იყო ამ ორ ქალაქს შორის მსგავსების შესწავლის პროცესი. არაფორმალურობა თბილისში საჭიროებიდან და სივრცობრივი რეგულაციების არარსებობიდან გამომდინარე წარმოიშვა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს კერძო მითვისების გამოხატულებაა, მასში ასევე ვხედავთ პოტენციურ შესაძლებლობას – შექმნას და იმოქმედოს საერთო პრობლემებზე პირდაპირი და თანამშრომლობის გზით. ეს საკმაოდ სასიამოვნოა უფრო მკაცრად რეგულირებულ ადგილებთან, მაგალითად, კოპენჰაგენთან შედარებით, სადაც სივრცის მიკერძოება სხვა ფორმებით გამოიხატება. ჩვენ ველით ამ კვლევების გაგრძელებას ორივე ქალაქში და თბილისში დაბრუნებას 8-23-VI-ის
მეორე ნაწილისთვის.

ფოტოების წყარო:

1. medium.works