მირზაანში მდებარე   ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის ახალი მუდმივი ექსპოზიციისთვის დიზაინის პროექტს Studio gypsandconcrete ქმნის, რომლის დამფუძნებელი ახალგაზრდა არქიტექტორი და დიზაინერი ლადო ლომიტაშვილია. სტუდია სივრცითი დიზაინის პროექტებსა და ავეჯის დიზაინზეა ორიენტირებული. 



Studio gypsandconcrete-ის მიერ შექმნილი გრაფიკული დიზაინის პოსტერების სერია იმ ავეჯის აქსონომეტრიულ ნახაზებს მოიცავს, რომლებიც სწორედ ფიროსმანის მუზეუმისთვის შეიქმნება. ყველა მასალა, როგორც ექსპოზიციის დიზაინში, ასევე ავეჯშიც, აღებულია ფიროსმანის ნახატებიდან. წნელი, ტყავი, ხე და მეტალი ის ოთხი მასალაა, რომლებსაც ამ კონკრეტული ავეჯის სერიისთვის Studio gypsandconcrete გამოიყენებს.



ნიკო ფიროსმანის სურვილი იყო, მრგვალი მაგიდის ირგვლივ სხვადასხვა შემოქმედი ადამიანის შემოკრებისა და მათთან ხელოვნებაზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, ხელოვანმა ლადო ლომიტაშვილმა ფიროსმანის ეს სურვილი მუდმივი ექსპოზიციის ნაწილად აქცია.



ეს კი Studio gypsandconcrete-ის ინსტაგრამ გვერდის ბმულია, სადაც როგორც ამ უკანასკნელის, ასევე მრავალი სხვა საინტერესო ნამუშევრის დათვალიერებაა შესაძლებელი.