რაიან მაკგინლი ნიუ-იორკში მოღვაწე ამერიკელი ფოტოგრაფია. 25 წლის ასაკში იგი ყველაზე ახალგაზრდა ხელოვანი გახდა, რომლის სოლო-გამოფენაც უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმში მოეწყო. ამ მაშტაბური კარიერული წინსვლის შემდეგ არტისტმა ბევრ სხვა წარმატებასაც მიაღწია და 90-იანი წლების აუტსაიდერი ფოტოგრაფიდან თანამედროვე ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ხელოვანად იქცა.



მაკგინლის შემოქმედება პირველ ეტაპზე სტუდენტური ექსპერიმენტებით შემოიფარგლებოდა და ძირითადად, მისი და მისი მეგობრების ჰედონისტური ცხოვრების აღბეჭდვას ისახავდა მიზნად. როგორც თავად ამბობს, ამ პერიოდში იგი საკუთარი ისტორიების დოკუმენტირებით იყო შეპყრობილი და ასობით სურათს იღებდა ხოლმე. მაკგინლის 90-იანი წლების არქივი მოიცავს სექსუალური სიუჟეტების, წვეულებების, ურბანული სივრცეებისა და ახალგაზრდული გართობების ამსახველ პოლაროიდებს, რომლებიც მის 1999 წელს გამოცემულ წიგნში -
The Kids Were Alright გაერთიანდა. 




ფოტოგრაფმა თავისი წიგნი ბევრ ცნობილ  გალერეასა და კურატორს გაუგზავნა, მათ შორის იყო სილვია ვოლფი, რომელიც სურათებით დაინტერესდა და მაკგინლის სოლო-გამოფენის მოწყობაში დაეხმარა. ფოტოგრაფისთვის გამოფენა არა მხოლოდ კარიერის დაწყების, არამედ “ქამინგ-აუთის” საშუალებაც გახდა: ,,ეს ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელსაც უჭირდა ეღიარებინა, რომ გეია, შვებისმომგვრელი აღმოჩნდა. არ მიწევდა ადამიანებისთვის რაიმეს ახსნა, სანაცვლოდ, მათ ჩემი და ჩემი ბოიფრენდის კოცნისა და სექსის სურათებს ვაჩვენებდი’’, - ამბობს მაკგინლი, როდესაც შემოქმედების ადრეულ ეტაპს იხსენებს.  





სიშიშვლისა და ჰედონიზმის თემები არტისტის სტილის განვითარების კვალდაკვალ უფრო მეტად მოექცა ფოკუსში და ინდუსტრიული ადგილებიდან  ბუნებაში გადაინაცვლა. ამ სტადიაზევე გამოიკვეთა მისი ნიშა- კაშკაშა, ნათელი ფერები და მათი ურთიერთქმედებით მიღებული რადიაციული ჰარმონია. მაკგინლი ადამიანებს ყველაზე მოწყვლად და მგრძნობიარე მდგომარეობებში ასახავს, თუმცა საბოლოო ეფექტი, რომელსაც იგი აღწევს, არა დაუცველობის, არამედ სრული თავისუფლების განცდაა. 









ფოტოგრაფის ეს ტალანტი მის მიერ გადაღებულ ცნობილ ადამიანთა პორტრეტებშიც ჩანს: ტიმოთი შალამე, რამი მალეკი, ლედი გაგა, ჯასტინ ტიმბერლეიკი და სხვა ვარსკვლავები სხვადასხვა დროს მაკგინლის სურათებში განსაკუთრებული გულისხმიერებითა და მზრუნველობით აისახნენ. 2017 წელს პუბლიკის დიდი ყურადღება ბრედ პიტის შესახებ შექმნილი ფოტოების სერიამ მიიპყრო, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ემოციების ფართო სპექტრის ფონზეა წარმოდგენილი. 





მაკგინლის გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ,,სამუდამოდ მეგობრები’’, ,,მშვენიერი მეამბოხეები’’ და ,,ჩვენ სამნი’’.  2008 წელს მან Pringle of Scotland-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის შექმნა სარეკლამო რგოლი ტილდა სუინტონის მონაწილეობით. მაკგინლივე იყო  Sigur Rós-ის Varúð-ისა და The Virgins-ის Prima Materia-ს მუსიკალური ვიდეოების ავტორი.






ფოტოგრაფი კვლავ აგრძელებს შემოქმედებით განვითარებას. მისი ფოტოები რადიკალური პროტესტიდან აბსოლუტური სიმშვიდისა და ბალანსის მდგომარეობაში გადასვლის ილუსტრაციაა, რაც სიახლისადმი სწრაფვის გზით მუდმივად ახალ ძალებს იკრებს. ,,უთხარით თითქმის ყველაფერს “დიახ” და სცადეთ რაიმე ახალი’’, - ეს მაკგინლის კრედოა, რომელსაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უტყუარ ფორმულად უზიარებს ხოლმე დამწყებ არტისტებს.


ფოტო:

1. ryanmcginley.com