ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც უფრო მეტად იცნობენ, როგორც მარინა აბრამოვიჩის პარტნიორს. სრულიად ობიექტურად, რადგან თითოეულმა პერფორმანსმა, რომელიც მარინასთან ერთად განუხორციელებია, მის შემოქმედებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და პერფორმანსის ხელოვნების განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა. თუმცა, ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ულაი კარიერის ადრეული წლებიდანვე თავად, როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი, პოლაროიდის მედიუმში მუშაობდა და ფაქტობრივად პირველი იყო, ვინც პოლაროიდის კამერა და ფოტოგრაფიის ეს მიმართულება თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა.






პოლაროიდების გადაღება 1970-იან წლებში დაიწყო და ძირითადად იმ პერიოდის სექსუალური უმცირესობების ამსახველ კადრებსა და ავტოპორტრეტებს ასახავდა. ავტოპორტრეტები მის ფოტოგრაფიულ არქივში მრავლად მოიძებნება, როგორც თავად ამბობდა, ეს საკუთარ თავთან დიალოგის საუკეთესო მედიუმია და გარდა ფოტოებისა, არსებობს ვიდეოჩანაწერებიც, სადაც კამერის  წინ მდგარი ულაი საკუთარ თავს ეკითხება - ვინ არის, რა უნდა და მომავალში რის გაკეთებას აპირებს. ამ ეგზისტენციალური ძიების გარდა, პოლაროიდების სხვადასხვა სერიებში ულაი საკუთარი სახისა და სხეულის ცალკეულ ნაწილებს ახლო ხედით იღებდა და ხშირ შემთხვევაში ამ ფოტოებით გენდერული ნორმების დამსხვრევას ცდილობდა.





მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, ყოველთვის ამბობდა, რომ ის, რასაც მაშინ აკეთებდა, სინამდვილეში ხელოვნებისთვის არ იქმნებოდა, თუმცა 1975 წელს, მაშინ როცა ულაის პირველ გამოფენაზე ხუთ წელიწადში გადაღებული 220 პოლაროიდის ფოტო გამოიფინა, ხელოვანისთვის  რთული აღმოჩნდა ამ ფოტოებით მოხიბლულ და გაოცებულ დამთვალიერებელს არ დასთანმებოდა, რომ პოლაროიდები მისი შემოქმედების განმსაზღვრელი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც იყო.





ის, რამაც ულაის, როგორც პერფორმანს-არტისტის სახელი განსაზღვრა, 1976 წელს მარინა აბრამოვიჩთან შეხვედრით დაიწყო. მათი პირადი ურთიერთობის დასაწყისი ამავდროულად ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევრის დასაწყისიც აღმოჩნდა, რომელიც საბოლოოდ ისევ და ისევ პერფორმანსის ფორმით ჩინეთის დიდ კედელთან დასრულდა. თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე იყო თორმეტწლიანი საერთო შემოქმედება, რომელიც ძირითადად ხელოვანის ეგოსა და იდენტობის საკითხს იკვლევდა. მათ შექმნეს ე.წ. Relation სერიის პერფორმანსები, რომლებიც მოძრაობის, დროისა და სივრცის ცვლილებით ხასიათდებოდა, საინტერესოა ისიც, რომ ულაიმ და მარინამ გამოიგონეს კოლექტიური "სხვა" - მათი ორთავიანი სხეული, რომელიც სინამდვილეში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ამ მთლიანობის მისაღწევად კი ისინი, ტყუპების მსგავსად, ერთნაირად იმოსებოდნენ ან იქცეოდნენ, რითაც ნამუშევრებში ხელოვანის იდენტობის გაქრობას და ურთიერთობის აბსოლუტურ ინსტინქტურ ნდობაზე დამყარებას ცდილობდნენ.


"ჩვენს ურთიერთობაში მთავარი პრობლემა ის იყო, თუ რა უნდა მოგვეხერხებინა ორი ხელოვანის ეგოსთვის, ორივეს უნდა გვეპოვა გზა იმისა, რომ ჩვენი ეგო დაგვეძლია და შეგვექმნა არსებობის ჰერმაფროდიტული მდგომარეობა, დაახლოებით  ისეთი, როგორიც არის თავისთავად სიკვდილი", - ამბობს მარინა აბრამოვიჩი ულაისთან შემოქმედებითი ურთიერთობის შესახებ.




პირველი სერია, რომელშიც ხელოვანები ამ ეგოს დაძლევას ცდილობდნენ,  Relation in Space, Relation in Movement და Relation in Time იყო. პირველ შემთხვევაში  შიშვლები ერთმანეთის მიმართულებით სწრაფად მიძრაობდნენ და ზოგჯერ ეჯახებოდნენ კიდეც, რითაც ქალისა და მამაკაცის ენერგიის საშუალებით მესამე, თავისთავად კომპონენტს ქმნიდნენ. მეორე ნამუშევარში მანქანა, რომელსაც მართავდნენ, იატაკზე 365 რკალს ტოვებდა, რაც მათთვის ერთი წლის ასოციაციას და ახალ ათასწლეულში გადასვლის სიმბოლოს წარმოადგენდა, Relation In Time-ში კი ერთმანეთის თმით გადაბმული ხელოვანები 16 საათის განმავლობაში დამთვალიერებლის თანდასწრებით გაუნძრევლად ისხდნენ.  


მათი საერთო ნამუშევრები რომ ზოგჯერ ხელოვანებისთვის სახიფათოც კი იყო, ამას Breathin in Breathing out პერფორმანსი ყველაზე უკეთ ადასტურებს. 17 წუთის შემდეგ ხელოვანები იატაკზე უსულოდ დაეცნენ, ამ დროის განმავლობაში კი ერთმანეთის პირით ერთმანეთის ჰაერს სუნთქავდნენ. ეს აქტი სწორედ იქამდე გაგრძელდა, სანამ არტისტებს ორგანიზმში ჟანგბადის მარაგი ამოეწურებოდათ და ფილტვები ნახშირორჟანგით გაევსებოდათ.




მორიგი პერფორმანსი მარინამ და ულაიმ 1977 წელს განახორციელეს, კარში ჩამდგარი ორი შიშველი ხელოვანი აუდიტორიას აიძულებდა მათ შორის გაევლოთ, თუმცა  ამას ვისი სახის მიმართულებით გააკეთებდნენ, შეეძლოთ თავად გადაეწყვიტათ. მომდევნო პერფორმანსი სახელწოდებით - AAA-AAA კვლავ ერთმანეთის პირისპირ ყოფნას და ყვირილის მსგავსი ბგერების გამოცემას გულისხმობდა და საერთო ინტერესებს და მის ამტანუნარიანობას გარკვეულ დროით კატეგორიაში ცდიდა.




კიდევ ერთი პერფორმანსი, რომელიც მარინას და ულაის 12-წლიან ურთიერთობაში ერთიანდება,  Rest Energy იყო, რომელიც ხელოვანებმა დუბლინის ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში განახორციელეს. მარინასკენ მიმართულ მშვილდ-ისარს, რომელიც ულაის ხელთ იყო, თითის ერთი მოძრაობით შეეძლო ხელოვანის გულში მოხვედრა და მარინას მოკვლა. ამ პერფორმანსით მათ მამაკაცის, როგორც ქალზე დომინანტის როლს გაუსვეს ხაზი. ამ ნამუშევრის შემდეგ, 1981-87 წლებში, შეიძლება ითქვას,  რომ ხელოვანებმა Nightsea Crossing-ის სახელით ცნობილი ოცდაორი პერფორმანსი განახორცილეს, პირისპირ შვიდი საათის განმავლობაში ჩუმად ჯდომის მერე, ეს ძალიან საინტერესო შემოქმედებითი და პირადი ურთიერთობა, 90-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, ჩინეთის დიდ კედელთან, ერთ წერტილში შეხვედრით დასრულდა. 


 

თუმცა, ეს  მათი ბოლო შეხვედრა  ნამდვილად არ ყოფილა. მარინა აბრამოვიჩმა  2010 წელს ხელოვნების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერფორმანსი – The Artist is present დაიწყო, რომელიც ჯამში 736 საათი გრძელდებოდა. 2010 წელს Moma-ში დაწყებული ეს პერფორმანსი დღეში დაახლოებით 8-საათის განმავლობაში ათასობით უცნობ ადამიანთან პირისპირ ჯდომას და მათთვის  თვალებში ყურებას გულისხმობდა. ეს ემოციური პერფორმანსი კიდევ უფრო ემოციური გახდა, როცა უამრავ უცხო ადამიანთან ერთად, მარინას მისთვის კარგად ცნობილი ცხოვრებისეული პარტნიორი ულაიც ესტუმრა. მარინასთან განშორების შემდეგ ხელოვანი კვლავ ფოტოგრაფიას დაუბრუნდა და კვლავ დამოუკიდებელი ნამუშევრების შექმნა დაიწყო, თუმცა ბოლო წლებში ულაი ძალიან მძიმე დაავადებას ებრძოდა. იგი ქალაქ ლუბლიანაში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.