ფედერიკო ფელინის “ტკბილ ცხოვრებას” (1960), კინო ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გახსნა აქვს - რომის თავზე, უზარმაზარი, ვერთმფრენზე მიბმული, ქრისტეს ქანდაკება მოფრინავს. ფილმის პროტაგონისტი, მარჩელო (მარჩელო მასტროიანი), მეორე ვერტმფრენს მართავს და გზად, ერთ-ერთი სახლის სახურავთან ჩერდება, სადაც მშვენიერი ქალბატონები ირუჯებიან. მარჩელო ეფლირტავება მათ, თუმცა მისი სიტყვები არავის ესმის. ერთი შეხედვით, სცენა საკმაოდ კომიკურია, თუმცა, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავიხედებით მის სიმბოლიკაში, გავიგებთ ტრაგედიის ტონებს - ლეითმოტივს, რომელიც ფელინის ექზისტენციულად დასჯილ ‘ტკბილ ცხოვრებას’ დასდევს.
ფილმის თითქმის ყველა სცენაში ქრისტეს ცხოვრებასა (როგორც ფილოსოფიის და არა რელიგიური დოგმის) და ჰედონისტურ, მე-20-ე საუკუნის უსულო ცხოვრებას შორის, ანუ მარადისობას და წარმავლობას შორის, მკვეთრ კონტრასტს ვხედავთ. ეს კონფლიქტი პროტაგონისტშიც ხაზგასმულია: მარჩელო მდიდარი და ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც ყველაფერს დათმობდა იმისთვის, რომ მწერალი გახდეს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტიკა, როგორც ყოველდღიუ ფაქტებზე კონცენტრირებული და იდეოლოგიური ნარატივებით გაჟღენთილი დარგი, იმპირიული და მატერიალური, ანუ წარმავალი ყოფის სიმბოლო ხდება. მწერლობა კი შემოქმედებაა, ქმნა იმისა, რაც დროისა და სივრცის კანონზომიერებას სცდება, სივრცე, სადაც ადამიანი ყველაზე მეტად უახლოვდება ღმერთს და მარადისობას, სივრცე, რომელიც ფელინის გაცარიელებულ თანამედროვეობაში მხოლოდ უტოპიურ სურვილად რჩება.
მერჩელოს მუდმივი გახლეჩვა მის მეუღლესა და საყვარლებს შორის, ზემოთხსენებული დუალიზმის კიდევ ერთი რეპრეზენტაციაა. თავის ფსიქიურად დაავადებულ ცოლზე, სიგიჟემდე შეყვარებული მარჩელო ვერ წყვეტს რომანებს სხვა ქალებთან, მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ხედავს თუ რამდენ ტკივილს ანიჭებს ამით ემას და საკუთარ თავს. რომანტიული გადაკვეთები, რომელიც ძირითადად ერთ ღამეზე დიდხანს არ გრძელდება, ართმევენ მარჩელოს უნარს უყვარდეს ემა და იმ ეგზისტენციალურ კატასტროფას, რომელშიც პროტაგონისტი არსებობს, კიდევ უფრო აღრმავენებ და ამღვრევენ. შესაბამისად, აქაც ნათლად ჩანს დიქოტომია უსასრულო სიყვარულსა და წარმავალ ურთიერთობებს შორის და თანამედროვე ადამიანის ტრაგედია, რომელიც უკანასკნელთან, მხოლოდ, როგორც მიუღწეველ ოცნებასთან იკვეთება.
ფილმის მანძილზე, მარჩელო 60იანების რომის სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში მოგზაურობს. იქნება ეს დედაქალაქის გარეუბანში, როსკიპის სახლი, ამერიკელ მსახიობთან ტრევის ფანტანში გათენებული ღამე, თუ რომაელი ელიტის აღვირახსნილი წვეულება, ერთი რამ ცხადია: 60იანი წლების რომი სულისგან და ადამიანობისგან დაცლილი სამყაროა, სადაც ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას. სცენაში, სადაც მარჩელო ბატონ სტეინერს პირველად სტუმრობს, შინაარსისგან დაცლილი რეალობა, რამდენიმე წუთით ბადებს იმედს როგორც მარჩელოში, ასევე მაყურებელში. ატონი სტეინერი ფილოსოფოსია, რომელიც ულამაზეს ცოლთან და ორ მშვენიერ შვილთან ერთად, დიდ, თეთრ და ნათელ სახლში ცხოვრობს. ის თავდავიწყებით ეძიება ჭეშმარიტებას და არ კარგავს რწმენას, რომ ორ მსოფლიო ომ გამოვლილ სამყაროში, ადამიანის რაციონალიზმი ღმერთის ფუნქციას ითვისებს და ალაგებს მას. და ზუსტად მაშინ, როცა ჩნდება იმედი, რომ სულიერ უდაბნოში გადარჩენას ცივი ლოგიკა დაეხმარება, მარჩელო იგებს, რომ ბატონმა სტეინერმა, საკუთარი ოჯახის ყველა წევრო გამოასალმა წუთისოფელს და თავიც მოიკლა.
ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც ‘ტკბილი ცხოვრების’ უმნიშვნელო სამყაროში სიმშვიდე და სინათლე შემოაქვს, პაოლაა- გოგონა, რომელიც მარჩელოს ზღვისპირა კაფეში ემსახურება. ხანმოკლე დიალოგის შემდეგ, სადაც გოგონა მელანქოლიურად ყვება თავის მონატრებულ სოფლის სახლზე და იქაურ დღისწესრიგზე, მარჩელო მას “ეკლესიის კედლებზე დახატულ ანგელოზებს” ადარებს და მუსიკის ჩართვას სთხოვს. პროტაგონისტის გარდატეხა, თუნდაც ძალიან ხანმოკლე, თვალსაჩინო ხდება. თუ კაფეში შემოსვლისას, გოგონასთან საუბრამდე, მარჩელომ საკმაოდ მკაცრად სთხოვა მას, რომ შეწყვიტოს სიმღერა, ახლა ის პაოლას მუსიკის ჩართვას სთხოვს- ესმის ის, რისი გაგების უნარი აქამდე არ ჰქონდა. სწორედ აქ, პირველად ფილმის მანძილზე, მარჩელოც და მაყურებელიც სიმშვიდეს ჰპოვებენ.
ფილმის უკანასკნელი სცენა, სიმბოლოების ქარიშხალს აქრობს და ყველაფერს თავის ადგილას ალაგებს. გიჟური და დემონური ორგიის შემდეგ, რომელსაც რომის ელიტა მართავს და რომელშიც მარჩელოც მონაწილეობს, გაცხოველებული ადამიანები ზღვისპირას გამოდიან და ხედავენ როგორ ათრევენ წყლიდან, უზარმაზარ მკვდარ თევზს. თევზი, იხთიოსი (ΙΧΘΥΣ ბერძნული: იესო ქრისტე ძე ღვთისა მაცხოვარი) მეორე საუკუნეში, დევნილმა ქრისტიანებმა, ქრისტეს სიმბოლოდ აირჩიეს და რელიგიის გავრცელებისა და დაცვის მიზნით, რომის კატაკომბებში და ქუჩებში ხატავდნენ მას. ფილმის ბოლო სცენა პირდაპირი პარალელია პირველი სცენისა, სადაც ქრისტეს ვერტმფრენით მოათრევდნენ. გარდა ამისა, ბოტიჩელის ვენერასავით, ზღვის პირას პაოლაც ჩნდება და ცდილობს მარჩელოს დაელაპარაკოს, თუმცა როგორც ქალებს, რომელებიც პირველ სცენაში სახურავზე ირუჯებოდნენ და არ ესმოდათ მარჩელოსი, მარჩელოსაც არ ესმის მისი სიტყვები.
გამოდის, რომ სამყაროში სადაც ღმერთი მხოლოდ წყალში მოტივტივი თევზის ლეშად იქცა, გაჩუმდა ვენერაც- სიყვარულის ხმა. ცხოვრება, ყოფიერება გახდა, გამოცლილი გრძნობებისგან, ფასეულობებისგან, შემოქმედებისგან - ყველა იმ თვისებისგან, რაც ადამიანს სასრული და წარმავალი ცხოველისგან ანსხვავებს და მარადიულ და უსასრულო, “სიკვდილის დამმარცხებელ” ფენომენად ქმნის. შესაბამისად გასაგები ხდება ჰედონიზმით, მატერიალურ ნივთებზე და სიამოვნებებზე მიჯაჭვით და უმნიშვნელობით დაავადებული სამყაროს აუტანლად ტკბილი ცხოვრება.
დაწერე კომენტარი