მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მისული სტუმარი თავისი საქმიანობისთვის შთაგონებას მის ნებისმიერ კუთხეში იპოვის, თუმცა ყველაზე მეტად  ალბათ კონცეპტის მრგვალ დარბაზში მოწყობილ ბიბლიოთეკაში, იქ, სადაც  კულტურის, ხელოვნების, ბიზნესისა თუ ინოვაციების შესახებ გამოცემულ ყველაზე საინტერესო და იშვიათ წიგნებს იხილავს. სულ მალე მომხმარებელს ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანის საშუალებაც ექნება, მანამდე კი ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს ფიზიკურ ეგზემპლარებს და ბიბლიოთეკის ციფრულ რესურსებს იქვე, მრგვალი დარბაზის მყუდრო ატმოსფეროში გაეცნოს.



ეს მშვიდი და კითხვისთვის შესაფერისი გარემო, რომელიც ისტორიული სიძველისა და თანამედროვე დიზაინის იდეალურ ბალანსს წარმოადგენს, თავის კედლებში უამრავი ადამიანის შემოქმედებას თუ  ნააზრევს ინახავს, რომელთაგან მკითხველი აუცილებლად იპოვის მისთვის ყველაზე საინტერესოს და შთამაგონებელს. თუმცა სანამ თავად ესტუმრებით თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკას და გაიზიარებთ აქ სტუმრობის საინტერესო გამოცდილებას, მანამდე იმ რამდენიმე წიგნის შესახებ გიამბობთ, რომელთა გაცნობასაც ამ სივრცეში შეძლებთ. სულ მალე თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკა ავტორების კითხვის საღამოებს,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბს და ბევრ სხვა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. 


Wim Wenders - Instant Stories





ყველასთვის კარგად ცნობილმა და საყვარელმა რეჟისორმა ვიმ ვენდერსმა 2017 წელს ფოტოალბომი - Instant Stories გამოსცა, რომელიც რეჟისორის მიერ 1970-80-იან წლებში გადაღებულ 406 პოლაროიდს და მათ შესახებ 36 საინტერესო ისტორიას აერთიანებს. მასში მკითხველი ვიმ ვენდერსის მეგობრების, ცნობილი მსახიობების, ადრეულ პერიოდში გადაღებული ფილმების და უბრალო შემთხვევითი ადამიანებისა და ადგილების ამსახველ კადრებს შეხვდება.

Francois Truffaut At Work



ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის,  ფრანსუა ტრიუფოს შემოქმედებითი ცხოვრება ქეროლ ლე ბერმა ერთ წიგნში გააერთიანა. პირადი წერილები, ფოტოსურათები, ფილმის სცენარები და რეჟისორის გადაღებების შესახებ ჩანაწერები ამ წიგნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, იმდენად, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელწერის მქონე რეჟისორის კადრს მიღმა საქმიანობის დეტალებს დაწვრილებით გაეცნოს.

Alvar Aalto


ფინელი არქიტექტორის, ალვარ აალტოს ცხოვრებასა და შემოქმედებას  კი გამომცემლობა Tachen-ის მიერ გამოცემულ წიგნში გაეცნობით. წიგნი მოდერნიზმის ამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის შესახებ, რომლის ნამუშევრებსაც რბილი, ტალღოვანი ფორმები ახასიათებს, ნაწილია საკულტო არქიტექტორების, მხატვრების და სახელოვნებო მიმდინარეობების შესახებ გამოცემული სერიისა - Basic Art Series. თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში ამ სერიიდან აალტოს გარდა, მონეს, ფრიდა კალოს, რენუარის, მატისის, სანდრო ბოტიჩელის და სხვა უამრავი ხელოვანის შესახებ გამოცემულ წიგნებსაც შეხვდებით.

Eduard Hopper




Tachen-ის მიერ გამოცემული Basic Art Series-იდან ჩვენს მკითხველს ვურჩევთ თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში ედუარდ ჰოპერის შემოქმედებასაც გაეცნოს, რადგან გასული საუკუნის ამერიკაში ჰოპერის მიერ ტილოზე გამოსახულ დაცარიელებულ ქალაქებს და  მარტოსულ ადამიანებს იმაზე მეტი აქვთ საერთო ჩვენს რეალობასთან, ვიდრე ოდესმე. ჰოპერის უნიკალური კინემატოგრაფიული სტილის შესახებ, რომელიც მხატვრის შემოქმედებაში მკვეთრი ფერებით, შუქჩრდილებით და დიაგონალური ხაზებით მიიღწევა, უფრო მეტს ამ ძალიან საინტერესო წიგნიდან შეიტყობთ.

Bauhaus 1919-1933



ბერლინში დაარსებულმა ხელოვნებისა და დიზაინის სკოლამ, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მოდერნიზმის სახე, გამომცემლობა Tachen-ისა და ბაუჰაუსის არქივთან კოლაბორაციით მკითხველს უნიკალური საარქივო მასალები გაუზიარა. წიგნში გაერთიანებული ხუთასზე მეტი ფოტო და ტექსტური მასალა  ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობების არქიტექტურულ გეგმებს და ბაუჰაუსის სკოლის წარმომადგენელი საკულტო ფიგურების: უოლტერ გროპიუსის, პოლ კლეეს, მის ვან დერ როეს და სხვების ცხოვრებისა და შემოქმედების ყველაზე საინტერესო დეტალებს მოგვითხრობს.