მსოფლიოში გავრცელებული პანდემია ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის ქართული მოდის ინდუსტრიაც აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ეს სფერო ეკონომიკური წარმატების ისტორიის ნათელი მაგალითი იყო თავისი მუდმივი განვითარებით, წარმატებული შოუებითა და  გლობალური ბაზრის მაღალი მოთხოვნით..  თითოეულმა ამ ასპექტმა ჩამოაყალიბა მისი ძლიერი სახე და ეს 2020 წლის გაყიდვების პროგნოზშიც აისახებოდა, თუმცა COVID-19-ის კრიზისმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა როგორც მსოფლიო, ისე ქართული მოდისა და ხელოვნების ინდუსტრიებს. სწორედ შარშან, მაშინ როცა მათ  ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მხარდაჭერა, Factory Tbilisi-ის ხელმძღვანელობითა და თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულთან კოლაბორაციით გაჩნდა ქართული მოდის ფონდი, რომელიც წელს მოდის ინდუსტრიაში მომუშავე შემოქმედებითი ადამიანებისთვის ყოველწლიურ პრიზს აწესებს.




Georgian Fashion Foundation არის ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ დიზაინერებსა და ამ სფეროში მოღვაწე კრეატიულ ადამიანებს მათი წარმატება გლობალური გახადონ. საჭირო საგანმანათლებლო შესაძლებლობები, პარტნიორობა ამ ინდუსტრიაში უკვე წარმატებულად დაფუძნებულ კომპანიებთან თუ ინდივიდებთან და პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვანებს ხმა მიაწვდინონ მსოფლიოს, ნაწილია იმ შესაძლებლობებისა, რომელსაც  ფონდი მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს სთავაზობს.





ორგანიზაციის მიზანია განავითაროს და განავრცოს ქართული კულტურული და კრეატიული ინდუსტრიების პოტენციალი და გზა გაუხსნას ახალ ინტერაქციულ და დინამიკურ ურთიერთობებს, შესაბამისად  ჩამოაყალიბოს კავშირები მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ქართველ და საერთაშორისო აუდიტორიას შორის. ამ მიზნებისა და ხედვების მისაღწევად დაწესებული ყოველწლიური ფინანსური პრიზი კი, ბუნებრივია, ხელს შეწყობს ბრენდებისა და დიზაინერების სამომავლო განვითარებას.