როგორ დაიწო გრაფიკულ ნამუშევრებზე მუშაობის პროცესი?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვსწავლობდი ფსიქოლოგიას. მეორე კურსზე მივხვდი, რომ მე ვერასდროს მექნებოდა პროფესიული კავშირი ამ სფეროსთან, შესაბამისად დავიწყე რაიმე ახლის და მიმზიდველის ძიება.ძიების პროცესში გადავეყარე ადამიანებს, რომლებიც დღეს ჩემი ახლო მეგობრები არიან და ამ სფეროში მოღვაწეობენ.ერთად მოგვიწია პროექტზე მუშაობა, კონკრეტულად ბუნებრივი ქვების მწარმოებელი კომპანიის, „კამარას“ რებრენდინგზე ვმუშაობდით. მე ადმინისტრაციულ საქმეებს ვასრულებდი, ისინი კრეატიულ მხარეს უძღვებოდნენ, ჰოდა, ასე შევხვდით პირველად ერთმანეთს მე და ეს სფერო.პროცესმა ძალიან დამაინტერესა, რის შემდეგად დავიწყე სიარული CES-ში, ლადო კობახიძის კურსზე – ABC of Graphic Design. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ამ საქმეში.კურსს მოჰყვა პირველი სამსახური, შემდეგ სხვა სამსახური, მერე გაანალიზება, რომ ამ საქმის კეთება რეალურად მაბედნიერებს, შუალედებში ბევრი გათენებული ღამე და ნანახი “ტუტორიალი”, და ბოლოს Holmes & Watson, რომელიც უზარმაზარი წინსვლა იყო ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში და სადაც მგონია, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდი გრაფიკულ დიზაინერად, რომელსაც კიდევ უამრავი აქვს სასწავლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავარ.
რას ეფუძნება გრაფიკული ნამუშევრის ლოგიკა?
გააჩნია სარეკლამო ნამუშევარზე ვსაუბრობთ თუ საავტოროზე.სარეკლამო გრაფიკული ნამუშევარი აუცილებელია პასუხობდეს ბრიფს. ითვალისწინებდეს ბრენდის იდენტობას, ან, თუ ახალი ბრენდი იქმნება, ამ ბრენდის სტრატეგიას და ხედვებს.ამ შემთხვევაში დიზაინერი უნდა მოერგოს ბრენდს, იდეალურ შემთხვევაში კი – თავად იყოს ჩართული ბრენდის შექმნის პროცესში. ჩემი აზრით, ესთეტიკური მხარის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ფუნქციურად დატვირთულია დიზაინი და აქვს თუ არა მას კონცეპტუალური არსი.
რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი წესი, მაგრამ დიზაინერს შეუძლია ამ წესებით ლავირება და მათი თავის თავზე მორგება.ზოგადად არ მაქვს დიზაინის განხრით პროფესიული განათლება, დიდწილად თვითნასწავლი ვარ და ძირითადი ცოდნა სამუშაო პროცესში მაქვს მიღებული, ამიტომ გამიჭირდება კონკრეტულად საუბარი.ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებ და ეს ინფორმაცია ყოველდღიურადვე ფორმირდება და დეფორმირდება ჩემში.ვფიქრობ, რომ დიზაინერი მუშაობის პროცესში თავად უნდა ქმნიდეს ლოგიკას, რომელსაც ეფუძნება მისი ნამუშევარი, მისი ლოგიკა კი უნდა ეფუძნებოდეს არსებულ წესებს, მაგრამ ამ წესებიდან გადახვევა ხშირად ძალიან საინტერესო პროცესია.საავტორო ნამუშევრების შემთხვევაში, ვფიქრობ, ავტორი ათასი პროცენტით თავისუფალია, მას შეუძლია თავად შექმნას, ან სრულიად არ დაექვემდებაროს რაიმე სახის ლოგიკას.
გაქვს როგორც სარეკლამო, ისე საავტორო დიზაინთან მუშაობის გამოცდილება, სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს?
ჩემი თვითრეალიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე დაბალანსებულად არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში.სარეკლამო დიზაინი ძალიან მიზიდავს, არა მხოლოდ დიზაინი, ზოგადად რეკლამის სფერო, ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვო ამ კუთხით, მომავალში აუცილებლად ვგეგმავ სწავლის გაგრძელებასაც.
ზოგადად საავტორო დიზაინზე აქტიური მუშაობა არცთუ დიდი ხანია, რაც დავიწყე, ისევე როგორც არც ისე დიდი ხანია, რაც გრაფიკული დიზაინერი ვარ, ჯერჯერობით საკუთარი თავის ძიების პროცესში ვარ. ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ვისწავლო. ამიტომ ყველაზე კომფორტულად იქ ვარ, სადაც ვგრძნობ, რომ ვვითარდები.
შენი ბოლოდროინდელი ილუსტრაციები სოციალურ საკითხებზე რეფლექსირებენ, როგორიცაა: ქალთა უფლებები და სექსუალობა, ლგბტ უფლებები, ქალთა ფიზიონომია, რამ განაპირობა ამ “სერიაზე” მუშაობის დაწყება?
ილუსტრაციების ხატვა ძალიან ახალია ჩემთვის. უფრო სწორად, ხატვა არ არის ახალი, მიღებული შედეგით კმაყოფილებაა ახალი.წინასწარ არ ვფიქრობ ხოლმე სიუჟეტზე, პროცესში ვცვლი რაღაცებს, საბოლოოდ კი ის გამოდის, რაც ჩემში ისედაც იყო.
ეს ის საკითხებია, რომლებზეც ალბათ ყველაზე მეტს ვფიქრობ ყოველდღიურად, მეტად მაინტერესებს, მეტად ახლოსაა ჩემთან პიროვნულად, შესაბამისად გამოდის, რაც გამოდის. ამ ნამუშევრებს სერიას ნაკლებად ვუწოდებდი, უფრო ძიების პროცესს დავარქმევდი, რომელმაც ძალიან გამაბედნიერა, და მინდა ვნახო, ეს გზა სადამდე მიმიყვანს.
გიმუშავია არაერთ პროექტზე, შეგიძლია გვიჩვენო პროექტი, რომელსაც შენი ნამუშევრებიდან გამოარჩევდი?
პროექტი, რომელსაც პირველ რიგში გამოვარჩევდი, არის თიბისის 25 წლის იუბილეს სიმბოლო და ვიზუალური სტილი. ჩემთვის ეს იყო პირველი დიდი პროექტი ჰოლმსებში, რომელმაც უდიდესი ბიძგი და მოტივაცია მომცა, რომ მეტი და მეტი მემუშავა.
რეკომენდაციის სახით, გვითხარი, ვის უნდა ვიცნობდეთ დღეს გრაფიკულ დიზაინში
ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და ამავდროულად ცნობადი გრაფიკული დიზაინერი არსებობს და ასევე უამრავი არც ისე ცნობილი ადამიანი, ვინც საოცარ ნამუშევრებს ქმნის.ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა – behance, dribbble, pinterest და instagram, ძალიან კარგ ბაზებს ქმნიან, ნამუშევრების ხშირი და სწრაფი თვალიერება ძალიან მეხმარება ხედვის ჩამოყალიბებაში და საკმაოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
ძალიან ცნობილი გრაფიკული დიზიანერებიდან Michael Bierut-ს გამოვარჩევდი, რადგან ახლა მის წიგნს – How To-ს ვკითხულობ და გატაცებული ვარ.ასევე Paula Scher-ს, Stefan Sagmeister-ს, Jessica Walsh-ს, Wolfgang Weingart-ს, David Carson-ს, Josef Muller Brockmann-ს; არაბუმბერაზებიდან –Lucas Grassmay-ს, Stefan Huerlemann-ს… არ ვიცი, არ მგონია, ჩამონათვალის გაკეთება საინტერესო იყოს. ძიების პროცესში აღმოჩენა უფრო საინტერესო მგონია.
ასევე მგონია, რომ საქართველოში ბევრი ძალიან კარგი გრაფიკული დიზაინერი მოღვაწეობს და უამრავი საინტერესო საავტორო და სარეკლამო დიზაინის ნამუშევარიც იქმნება.
დაწერე კომენტარი