კომპანია WonderGlass, რომელიც 2013 წელს კრისტიან და მაურისიო მუსატებმა დააფუძნეს, მას შემდეგ მინისგან ძალიან საინტერესო დიზაინობიექტებს ქმნის. კომპანია სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა თანამედროვე ხელოვანებთან - ზაჰა ჰადიდთან, ნაო ტამურასთან, მარსელ ვანდერთან და სხვებთან.
დღეიდან ყოველთვე Hammock Magazine Window Project-თან ერთად წარმოგიდგენთ ინტერვიუების სერიას მსოფლიოს ცნობილ პროდუქტის დიზაინერებთან, არქიტეტორებთან და არტისტებთან.
დიდი ხანია, რაც ცალ-ცალკე მოღვაწეობთ დიზაინისა და ფინანსურ სფეროებში, როგორ მოხდა თქვენი ერთ კომპანიაში გაერთიანება? მოგვიყევით - როგორ შეიქმნა Wonderglass?
იმ დროისთვის, როცა Wonderglass დავაარსეთ, მაურისიოს დიზაინის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება ჰქონდა, შესაბამისად, იდეა, რომ ასეთი კომპანია დაგვეარსებინა, სწორედ მისგან წამოვიდა. ჩემთვის ეს უფრო ფესვებთან დაბრუნებას ჰგავს - ვენეციაში დავიბადე და ხელოვნებითა და დიზაინით ყოველთვის გარემოცული ვიყავი, ჩემთვის ეს არ ყოფილა რაღაც განსხვავებული ცვლილება, პირიქით - თავს თითქოს სახლში ვგრძნობდი. ადამიანები მეკითხებოდნენ ხოლმე, როგორ გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების ასე შეცვლა, ის ნამდვილად რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ყველაფერი თავისთავად მოხდა, ბუნებრივად.
WonderGlass-ის იდეა ქალაქ კორტინაში მოგვივიდა, სადაც, როგორც წესი, შობას ვატარებთ ხოლმე. 2013 წლის დასაწყისში, სანამ საშობაოდ დასასვენებლად წავიდოდით, ამ იდეაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, სულ ცოტა ხანში კი კომპანიაც დავაარსეთ. თავდაპირველად ჩვენი საქმიანობა ერთგვარ ტესტს ჰგავდა, გვინდოდა გაგვეგო, რამდენად მზად იყო აუდიტორია, ის ხედვები მიეღო, რაც ჩვენ გვქონდა.
რა არის თქვენი ბრენდის ფილოსოფია?
ჩვენ გვინდა, რომ... მაგალითად, ადამიანები მაშინაც მოიხიბლონ ჭაღით, როცა ის გამორთულია და თავის ფუნქციას არ ასრულებს. გვინდა, რომ ობიექტი თავისთავად ლამაზი იყოს და არ არის აუცილებელი ამისთვის მაინცდამაინც სინათლე ენთოს. ჩვენთვის მინა მთავარი ელემენტია, ეს არის მასალა, რომელიც გვიყვარს და რომელიც ზუსტად იმ ემოციას და გრძნობას გვიტოვებს, რომელშიც ჩვენი თავი წარმოგვიდგენია. ჩვენი პირველი კოლექცია უფრო მეტად სინათლეზე იყო ორიენტირებული, მაგრამ, ამავდროულად, ვცდილობდით გაგვეფართოებინა და დაგვეხვეწა მინით მუშაობის ტექნიკაც. მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ შემოქმედებით ადამიანებთანაც - არ აქვს მნიშვნელობა პროდუქტის დიზაინერები იქნებიან ისინი, არქიტექტორები თუ სხვა ხელოვანები.
Wonderglass თანამედროვე დიზაინის მისაღწევად ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, როგორ ახერხებთ თქვენს ნამუშევრებში თანამედროვესა და ტრადიციულის თანხვედრას?
ვფიქრობთ, რომ ტრადიციული ოსტატობა და თანამედროვე დიზაინი ერთად ძალიან მაგარია. მივხვდით, რომ ადამიანები საკმარისად არ აფასებდნენ მინის დიზაინს და არსებობდა აზრი, რომ, მაგალითად, დიდი ჭაღის ადგილი მხოლოდ ულამაზეს სასახლეებში იყო. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი შეხედულება და გადავწყვიტეთ, რომ ტრადიციული ფორმები თანამედროვე დიზაინისთვის შეგვეხამებინა. ახალი არაფერი გამოგვიგონებია, უბრალოდ უკვე არსებული ჩვენი ხედვით და ინტერპრეტაციით წარმოვადგინეთ.
ისეთ ხელოვანებთან გითანამშრომლიათ, როგორებიც არიან - ზაჰა ჰადიდი, მარსელ ვანდერსი, ოკი სატო, ჯეიმი ჰეიონი და ბევრი სხვა. არსებობს რაიმე კრიტერიუმები, რომლითაც ამ ხელოვანებს არჩევთ?
ძალიან ბევრ ასეთ ხელოვანთან თანამშრომლობა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ცნობილ და უკვე ჩამოყალიბებულ დიზაინერებს ვანიჭებთ უპირატესობას. პირიქით - სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ, ჩვენ არაერთ ნაკლებად ცნობილ ხელოვანთანაც გვქონია საქმიანი ურთიერთობა. რამდენადაც შესაძლებელია ვცდილობთ, რომ პრეტენზიულები არ ვიყოთ, თუმცა მათთან თანამშრომლობის მიღმა ბევრი ისეთი დეტალია, რაზეც საზოგადოებამ არაფერი იცის. არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც წარმატებული არ ყოფილა, ისეთებიც, რომლებიც ჯერ არც დაწყებულა, მაგრამ ვიმედოვნებთ, უახლეს მომავალში განხორციელდება. მთავარი მაინც ის არის, რომ ადეკვატური იყო იმ გარემოს, მოვლენების და დროის მიმართ, რომელიც შენ გარშემოა, ბევრი ასეთი ასპექტია გასათვალისწინებელი.
თქვენი ჭაღი, რომელიც ნაო ტამურას დიზაინით შეიქმნა, გალერეა Window Project-ში ვიხილეთ, გვესაუბრეთ ამ თანამშრომლობის შესახებ...
ნაო ტამურა მამაჩემს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა და ამის შემდეგ დავუკავშირდით ერთმანეთს. ტამურა სწორედ ერთ-ერთი ის ადამიანია, ვინც დასაწყისიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. როცა WonderGlass-ს ვაარსებდით, ზუსტად მაშინ აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ერთად უნდოდა მასალის მშვენიერება ეკვლია, ვენეციაში ჩამოვიდა და ასე შეიქმნა Flow(T)-ს კონცეფცია. ძალიან მოგვეწონა ეს იდეა, დიზაინი და ვთქვით, რომ რატომაც არა, გავაკეთოთ.
როგორ ფიქრობთ, დროთა განმავლობაში შეიცვალა რაიმე თქვენს საქმიანობაში?
მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე შეიცვალა, თუმცა ვინმე სხვას რომ ჰკითხოთ, ალბათ გეტყვით, რომ დრამატულად შევიცვალეთ. ჩვენი ხედვა თავიდანვე ძალიან ნათელი იყო, გვინდოდა, რომ გამოგვეწვია საკუთარი თავი და შუშა სხვადასხვა მასალასთან ინტერაქციაში გამოგვეყენებინა, ამასთანავე გვინდოდა, ორმხრივად სასიკეთო კოლაბორაციაში ჩავრთულიყავით მოდასთან და დიზაინთან. ძალიან საინტერესო არქიტექტურულ კომპანიებთან, დიზაინერებთან და ხელოვანებთან ვთანამშრომლობთ. გარდა ამისა, ლონდონში დავაარსეთ გალერეაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რასაც ვაკეთებთ.
თანამედროვე დიზაინი ხშირად იყენებს ახალ მასალებსა და ტექნოლოგიებს, რამდენად გადამწყვეტია თქვენს შემთხვევაში ეს ტექნოლოგიები, მაშინ როცა შუშის მასალა თქვენი დიზაინის მთავარი ელემენტია? არსებობს ამ მიმართულებით რაიმე წინააღმდეგობა ან გამოწვევა?
ვფიქრობთ, რომ ახალი მასალები და ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ წინ ვიყუროთ, მაგრამ, ამავდროულად, გვინდა, რომ ჩვენი კოლექციები მარტივი და სადა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე კარგის შესაქმნელად მაინცდამაინც ახალი ტექნოლოგიები აუცილებელი არ არის, ჩვენ ღია ვართ მათ მიმართ. როცა სიახლეებს ვიგებთ, ძალიან გვიხარია, მაგრამ მინის ახალი ტექნოლოგიით ჩანაცლება ადვილი საქმე არ არის, თუმცა, როგორც ამბობენ ხოლმე, "არასოდეს თქვა არასოდეს".
თქვენი ერთ-ერთი კოლაბორაცია ცნობილ იაპონურ სტუდია Nendo-სთან, რომელიც 2019 წლის აპრილში Salone Del Mobile-ზე იყო წარმოდგენილი, გარკვეულწილად, ობიექტებიდან ავეჯის დიზაინზე გადასვლას გვიჩვენებს. ხომ არ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას, არის რაიმე, რისი განხორციელებაც Wonderglass-ს ძალიან სურს?
Nendo-სთან კოლაბორაცია ჩვენთვის ბევრი ასპექტის გამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს არ არის ავეჯზე გადასვლა, ეს კოლექცია ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, რადგან Wonderglass-ს ავეჯის მწარმოებელ კომპანიად არ მივიჩნევთ. ჩვენ შუშის ექსპერტები ვართ და ძალიან გვიყვარს შუშა, რომელიც ბევრ მასალასთან შეიძლება ინტეგრირდეს. მომავალშიც ვაპირებთ ისეთ კოლაბორაციებს, სადაც ავეჯს კვლავ ექნება გარკვეული ადგილი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს გადასვლაა, ალბათ უფრო ევოლუციას დავარქმევდი.
რა არის ის სამი ელემენტი, რომელიც WoderGlass-ის სტილს განსაზღვრავს?
პირველი ელემენტი არის შუშა, მეორე მგრძნობელობა ან ემოცია, მესამე სინათლე. სინათლე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, მაშინაც როცა, ბუნებრივი განათება შუშაში გაივლის, ის თავისთავად უნიკალურ დეტალებს ქმნის. ჩემთვის მინა შეიძლება იყოს ფერადი, გამჭვირვალე და საერთოდ ყველანაირი, ისეთი, როგორიც საოცნებო გარემოს შესაქმნელადაა საჭირო.
რა გიტოვებთ თქვენს საქმიანობაში კმაყოფილების განცდას?
არ გვიყვარს წარმატებაზე აქცენტის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას მიაღწიე უკვე, ჩვენ კი გვგონია, რომ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, უბრალოდ ჩვენს არჩეულ გზას ვაგრძელებთ. აქამდე არასდროს მქონია შანსი, რომ რაიმე შემექმნა, ახლა როცა ვხედავთ, რომ ჩვენს შექმნილს ადამიანები აფასებენ და მოსწონთ, ეს ნიშნავს, რომ კარგად გავართვით თავი იმას, რაც გვინდოდა და შესაბამისად, სწორედ ეს განსაზღვრავს კმაყოფილებას.
რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე, როგორ პოულობთ ბალანსს ფუნქციასა და ესთეტიკას შორის?
ვფიქრობთ, რომ ყველაფერი, რასაც ვქმნით, ფუნქციურია. გვიყვარს ყველაფერი მშვენიერი, სათანადოდ ესთეტიკური და გვჯერა, რომ ნებისმიერი სკულპტურული ობიექტი თავისთავად შეიძლება ლამაზი იყოს. როცა დიზაინერთან ერთად ვმუშაობთ, ძირითადად, კონცეფციას და იმ იდეას ვეყრდნობით, რისი გამოხატვაც ხელოვანს სურს და ამასთან, აუცილებელია, რომ ობიექტი თავისთავად ლამაზი იყოს. აქ უფრო ისაა მნიშვნელოვანი, რა ამბავი და კონცეფციაა იმ ნამუშევრის მიღმა, რომელიც გვინდა, რომ ადამიანებამდე მივიტანოთ.
დაწერე კომენტარი