The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის, ბაქ სთალისა და მისი მეუღლის, კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმა პიერ კოენიგმა რეალობად აქცია. წყვილმა ახალგაზრდა არქიტექტორთან, პიერ კოენიგთან თანამშრომლობით შექმნა საკულტო სახლი, რომელიც დღეს ლოს-ანჯელესის ღირსშესანიშნაობების ნაწილია.



The Stahl House ჰოლივუდის უბანში მდებარეობს და იქედან ლოს-ანჯელესზე თვალისმომჭრელი ხედი იშლება. სახლი გადაღებულია უამრავ ფილმში, სატელევიზიო შოუში, მუსიკალურ ვიდეოსა თუ სარეკლამო რგოლში, მოხვედრილია 1200-ზე მეტ წიგნსა თუ გამოცემაში, რის გამოც The Stahl House-ს ხშირად ჰოლივუდის ვარსკვლავადაც მოიხსენიებენ.



1954 წელს, როდესაც ბაქ სთალმა, 135 000 აშშ დოლარად სახლისათვის მიწის ნაკვეთი შეიძინა, იგი ოცნებობდა მოდერნისტულ სახლზე, რომლიდანაც ქალაქზე პანორამული ხედი გადაიშლებოდა. თავდაპირველად მან თავად შეითავსა არქიტექტორისა და კონსტრუქტორის ფუნქციები, რადგან მისი ჩანაფიქრის განხორციელებაზე უარი თქვეს ცნობილმა არქიტექტორებმა. „მამაჩემიც ფიქრობდა, რომ გიჟი ვიყავი,“ – იხსენებდა ბაკი 2001 წელს გამომცემლობა „ტაშენთან“ საუბრისას.



თუმცა 1957 წელს ბაკმა ახალგაზრდა, ამბიციური არქიტექტორი – პიერ კოენიგი დაიქირავა, რომელსაც საგვარეულო სახლის აშენება მიანდო. დამკვეთისა და არქიტექტორის ხედვები ერთმანეთს დაემთხვა – კოენიგის ძირითადი სამუშაო მასალა ბეტონი, შუშა და ფოლადი იყო, და სტალისაც სწორედ ასეთი წარმოედგინა ოცნების სახლი. კოენიგი The Stahl House-ის აშენების პროცესს ასე ახასიათებდა: „პრობლემის გადაჭრის მცდელობა – კლიენტს შამპანური სურს ლუდის ფასად“.

პიერ კოენიგმა The Stahl House-ზე მუშაობა 32 წლის ასაკში დაიწყო და მისი ეს ნამუშევარი არქიტექტორის შედევრად არის აღიარებული. აღსანიშნავია, რომ The Stahl House-მა გავლენა იქონია მის სხვა პროექტებზე და ზოგადად არქიტექტორის ხედვაზეც.



The Stahl House ნათლად წარმოაჩენს არქიტექტორის ნიჭსა და პროფესიონალიზმს ფოლადის, მინისა და ბეტონის მასალებზე მუშაობისას. პროექტი სიმეტრიის, ბალანსისა და წონასწორობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 2 040მ² ფართობის სახლი, დამკვეთის მოთხოვნით, კედლების გარეშე უნდა აეშენებინათ, რათა 270°-იანი პანორამული ხედი შენარჩუნებულიყო. შენობის სამი მხარე მინის ფირფიტებისგან აიგო, რასაც 1950-იან წლებში არქიტექტორები და ინჟინრები სარისკოდ მიიჩნევდნენ.

სახლს L-ის ფორმა აქვს, რაც საერთო მოხმარებისა და პირად სივრცეებს აცალკევებს. შენობაში ღია აუზის გავლით შეიძლება მოხვედრა, ეს კი ხედით ტკბობის მომენტს ახანგრძლივებს. სახლის საცხოვრებელი ნაწილი, სადაც შენობის ერთადერთი მყარი კედელია აშენებული, აუზის უკან არის განთავსებული და ქუჩას უკავშირდება.



კოენიგის მიერ დაპროექტებულ სახლში წაშლილია ზღვარი შიდა და გარე სივრცეებს შორის. ერთდროულად იქმნება თავისუფალი, მსუბუქი, დაცული და მყუდრო ატმოსფეროს განცდა. სივრცის სიმარტივე, ჭარბი ბუნებრივი განათება და ელეგანტური ხაზები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არქიტექტორის ოსტატობას.

სახლიდან ხელის გულზე მოჩანს ქალაქიც და ცის ჰორიზონტიც, ამ პერსპექტივაში ქრება რეალობის განცდაც, ივიწყებ მეზობლების არსებობას და ბაქ სტალის ოცნების თანამონაწილე ხდები, რომელიც პიერ კოენიგთან ერთად The Stahl House-ის უშიშარი თანაავტორია.

ფოტოების წყარო:
1. atlasofplaces.com