როდის და რატომ გადაწყვიტეთ არქიტექტორი გამხდარიყავით?

მარტივი ისტორიაა – ბავშვობა გავატარე მაკეტების, ნახაზებისა და ნახატების გარემოცვაში, სახლში და ლადოს (მამაჩემის) სახელოსნოში. ინტერესიც ბუნებრივად გაღვივდა, პატარაობიდან ჩაბმული ვიყავი შემოქმედებით პროცესებში. ამ პროფესიის ყველა სპეციფიკა და სირთულე მაშინ, რა თქმა უნდა, არ მესმოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ამ გზით ვივლიდი და ჩემს არჩევანს ალტერნატივა არ ჰქონდა. არ ყოფილა კონკრეტული მომენტი, რამაც ეს გადამაწყვეტინა.



რა არის თქვენი, როგორც არქიტექტორის მთავარი გამოწვევა, როდესაც ახალ პროექტზე იწყებთ მუშაობას?

უპირველეს ყოვლისა, სწორი კითხვების დასმა და ამოცანის მკაფიოდ ჩამოყალიბება – იქნება ეს საპროექტო დავალებასთან მიმართებაში თუ ობიექტის გარემოსა და კონტექსტისადმი დამოკიდებულებაში. როდესაც სწორი მიზნებია დასახული, შედეგი გაცილებით ეფექტურია.




თქვენი არქიტექტურული პროექტებიდან ბათუმის მაკდონალდსი საკმაოდ გამორჩეულია.  მას არაერთი საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად, ის ითავსებს როგორც საკვები ობიექტის, ასევე ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციას და ამავდროულად მისი დაგეგმარების მიხედვით ერთი შენობიდან მეორე არ არის ხილვადი, რა არის ამ ნაგებობის მთავარი კონცეფცია?

სწორედ ეგ არის – ორი ერთმანეთისგან  დამოუკიდებელი ფუნქციის ერთ მოცულობაში ისე განთავსება, რომ ერთი მეორეს არ “აწუხებდეს” როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციონალურად. ამავდროულად, ამ ორი ფუნქციის გამყოფი გეომეტრია აყალიბებს შენობის სივრცით-გეგმარებით და ვიზუალურ გადაწყვეტას. ამასთან, ერთ მოცულობაში მჭიდროდ გაერთიანებამ და მცირე სამშენებლო “ლაქით” ნაკლები მიწის გამოყენებამ გარშემო ვრცელი სარეკრეაციო სივრცის შექმნის საშუალება გააჩინა.




პროექტი, რომელსაც თქვენი არქიტექტურული კარიერიდან გამოარჩევდით?

კარიერა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, სულ რამდენიმე წელია, რაც საკმაოდ სერიოზული მოცულობის და ფუნქციონალური ტევადობის ობიექტებს “შევეჭიდე”, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ბათუმის “სოკარის ავტოგასამართისა და მაკდონალდსის” პროექტია, მასში მოგვიწია როგორც ურბანული, ისე არქიტექტურულ-ფუნქციონალური, ესთეტიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც უკვე განხორციელდა და თანაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მისმა პროექტირებამ ბევრი რამ მასწავლა და ახლაც,  ყოველი ახალი პროექტი გარკვეული თავგადასავალი და ახალი ცოდნის მომტანია. სულ მალე ჩვენი კიდევ რამდენიმე მშენებარე პროექტი დასრულდება და ჩემთვის ეს არჩევანიც იმედია გაიზრდება.




თქვენი აზრით, როგორ ვითარდება დღეს თბილისის არქიტექტურა?

ჯერჯერობით დეველოპერები და შესაბამისად, მხოლოდ “სამშენებლო ეკონომიკა” ქმნის ძირითადად დღევანდელ არქიტექტურას თბილისში. სხვაგანაც ასეა, თუმცა იქ ასეთი დოზით არ არის მხოლოდ ამაზე დამოკიდებული, სხვა ფაქტორებსაც აქვს საგრძნობი გავლენა (როგორიცაა: სწორი რეგულაციები, კვალიფიციური შემსრულებლები და კრიტიკოსები და ა.შ). თბილისში, გარკვეული შეზღუდვებისა თუ რეგულაციების მიუხედავად,  მხოლოდ “დამკვეთის” ნება-სურვილზეა დამოკიდებული როგორც მშენებლობის ხარისხის მიმართ ყურადღება, ასევე ხშირად გადაწყვეტილებები ესთეტიკური მიმართულებითაც. თავის მხრივ, მენაშენე ცდილობს უპასუხოს ბაზრის მოთხოვნას, მოთხოვნა კი უმეტესად მხოლოდ “ფართზეა” – ამა თუ იმ ლოკაციაზე. ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგები მოაქვს. არქიტექტურა კი ისეთი სფეროა, რომელიც პირდაპირ არის მიბმული ამ ყველაფერზე, ის არის სარკე და შედეგი დღევანდელი სოციო-ეკონომიკური და მენტალური მდგომარეობის. ეს არის ზოგადი ფონი. მაგრამ, არიან კომპანიები, ჯგუფები და ადამიანები, მათ შორის ისინი, ვისთანაც ვთანამშრომლობ, რომლებიც ხელს უწყობენ ამ სფეროს განვითარებას და აქტიურად მუშაობენ ამისათვის. რაც ძალიან კარგია, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო.




თქვენს პროექტებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სარეკრეაციო ზონების არსებობასა და გამწვანებას, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს “მწვანე არქიტექტურის” არსებობა და ლოკალურ დონეზე მისი განვითარება?

მწვანე არქიტექტურა გაცილებით უფრო ფართო, ტევადი მცნებაა, ვიდრე მხოლოდ გამწვანების შენობებთან და შენობებზე მოწყობა. ის შეიძლება გულისხმობდეს ისეთი მასალების გამოყენებას, რომელთა წარმოება/ტრანსპორტირება ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ისეთი არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავებას ან მასალების გამოყენებას, რომლებიც ნაკლებ ენერგო რესურსს მოიხმარს. თუმცა ჩვენთან ამ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობა საკმაოდ რთულია, ვინაიდან რიგ შემთხვევებში ზოგი გადაწყვეტა პირველადი ინვესტიციების ზრდასთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივ პერიოდში ფინანსურად მომგებიანია.

რაც შეეხება გამწვანებას, მას პროექტებში სხვადასხვა შემთხვევებში სხვადასხვა მიზეზით ვიყენებთ, ზოგან ეს მხოლოდ ვიზუალური დანიშნულებაა, ზოგან როგორც ვიზუალური, ასევე ფუნქციურიც, მაგალითად, “კაფსულოს” პროექტი – სადაც მწვანე გადახურვა შენობის  დათბუნებაა. ზოგ პროექტში ობიექტური მიზეზები მიწის დონეზე სარეკრეაციო სივრცეების გაჩენის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ ვცდილობთ ასეთი სივრცეები გავაჩინოთ გადახურავაზე, რაც ვიზუალურადაც საინტერესო შედეგს გვაძლევს, (მაგალითად, “ალიანს ჰაილაინის” მრავალდონიანი სარეკრეაციო სივრცეების სისტემა). ქალაქში, განსაკუთრებით, სადაც განაშენიანების სიმჭიდროვის გამო შემცირებულია სარეკრეაციო სივრცეები და მწვანე საფარი, ვფიქრობ, პროექტების ფარგლებში გარკვეული კომპენსირებაა საჭირო. ადამიანების თუნდაც მცირე თავშეყრის ადგილები მნიშვნელოვანია ზოგადად ქალაქისთვის, რადგან მასთან იქმნება აქტივობისა და მიზიდულობის წერტილები. ეს რიგ შემთხვევებში თვითონ პროექტისთვისაც კარგია და ამის სწორად წარმოჩენას ვცდილობთ დამკვეთებთან, სადაც ვხედავთ მსგავსი სივრცეების გაჩენის პოტენციალს.




რა მატერიალებით მუშაობას ანიჭებთ უპირატესობას?

ყველა პროექტში განსხვავებული გამოწვევები გვაქვს და ამ მიზნების მისაღწევად სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული მასალების გამოყენება გვიწევს. ზოგადად ვცდილობთ გამოვიყენოთ უფრო “გულწრფელი” მასალები, ვგულისხმობ მასალბს, რომლებიც რაღაცის იმიტაციას არ ცდილობენ – თუ გვინდა ხე, ეს უნდა იყოს ხე და არა სინთეტიკური მასალა ხის იმიტაციით, თუ გვჭირდება კომპოზიტური ან სინთეტიკური მასალა, მაშინ ის უნდა იგრძნობოდეს და ასე შემდეგ.



რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობა არქიტექტურა, რომელსაც ქმნით?

ძირითადი მიდგომებია:

– უარი დეკორაციაზე, კონსტრუქცია და იერსახე ერთი განუყოფელი მთლიანობაა. ეს, მეორე მხრივ, იწვევს კონსტრუქციული ელემენტებისადმი ძალიან კრიტიკულ მიდგომას, ყურადღებას და კონსტრუქტორებთან  მჭიდრო მუშაობასა და უკომპრომისობას გონივრულ ფარგლებში, რა თქმა უნდა;

–  სისადავე, ოღონდ არა პრიმიტიულობა – ვცდილობთ ზედმეტი ფერებითა და ელემენტებით არ იტვირთებოდეს პროექტი;

– პრაგმატულობა შენობის შიდა სივრცეების დაგეგმარებაში – გამოუყენებელ სივრცეებზე უარი;

– ინდივიდუალურობა.

ამისკენ მივისწრაფვით პროექტირებისას, თუმცა ყველა ეს მიდგომა ყოველთვის თანაბარი დოზით არ გამოდის ამა თუ იმ პროექტში, ვინაიდან ხანდახან ზოგიერთი ამ პრინციპებიდან ურთიერთსაწინააღმდეგოსკენ გვიბიძგებს, და ამ ჭიდილში ვცდილობთ ვიპოვოთ ოპტიმალური გადაწყვეტები.




გვესაუბრეთ არქიტექტურულ პროექტებზე  ან არქიტექტორებზე, რომლებმაც გავლენა იქონიეს თქვენეული არქიტექტურის შექმნასა და ჩამოყალიბებაში?

ალბათ უფრო რელევანტური იქნება დავასახელო არქიტექტურული კომპანიები, რომლებიც ხშირად ჩემთვის საინტერესო პროექტებს ქმნიდნენ და ქმნიან. უმეტესად ესენია: Herzog & DeMeuron, Jean Nouvel, Snohetta. მათი მიდგომები ხშირად ახლოა იმასთან, რაც მომწონს, და შეიძლება ითქვას, რომ გემოვნების თუ პროფესიული ჩამოყალიბების პროცესში გარკვეული გავლენა იქონიეს.




რა რჩევას მისცემდით დამწყებ არქიტექტორებს?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია: მოგზაურობა შეძლებისდაგვარად – “არქიტექტურული ტურიზმი”, რეალობაში ნანახი შენობა სულ სხვაა; ცნობისმოყვარეობა – ინფორმირებულობა მიმდინარე სიახლეებში თუ ტექნიკურ საკითხებში; პრინციპულობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიმართ განუწყვეტლად  კითხვების დასმა და კრიტიკულად ყურება. ამავდროულად გააზრებული მოქნილობა, სიახლეების მიღება. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდადება და დაუღალავი შრომა.



დღესდღეობით თბილისის ურბანული განვითარების თვალსაზრისით არაერთი პრობლემა არსებობს, თქვენი აზრით, რა არის ამ პრობლემების მთავარი მიზეზი და როგორ შეიძლება მათი პრევენცია?

ეს იმხელა, მრავალმხრივი და რთული თემაა, რომ ამის ერთი მიზეზი და შესაბამისად, რეცეპტი არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი ალბათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სათანადო განვითარების გეგმის არარსებობა და ქაოსური ურბანიზაცია/განაშენიანებაა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების წარსულში არამართლზომიერი/გაუაზრებლად გასხვისების გამო, როდესაც მხედველობაში არ მიიღებოდა ამ მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების შედეგები, ქალაქს უკვე შეექმნა და დღესაც ექმნება დიდი სირთულეები, რისი გადაჭრის გზებიც  პირდაპირ კავშირშია კერძო საკუთრებასა და მასზე უფლებებთან, შესაბამისად, ეს საკმაოდ რთული საკითხია. ისეთი უბნები განაშენიანდა მჭიდროდ, რომლებშიც საგზაო ინფრასტრუქტურა მეტად ვეღარ განვითარდება, არც ადეკვატური საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის უზრუნველყოფილი, რამაც გამოიწვია ავტომობილისადმი უფრო მეტი მოთხოვნა.

ამას ემატება საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის განუვითარებლობა, რაც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო დატოვებული. ასევე, საზოგადოებრივი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, რაც ისევ და ისევ კერძო გადაადგილების საშუალებების  უფრო მეტ ზრდას იწვევს.

ჯანსაღი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცეებისადმი საკანონმდებლო მოთხოვნების არარსებობა. საპროექტო შენობებში (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ საწარმოო) აუცილებელი, მაგრამ არაადეკვატური  პარკირების მოთხოვნები მის მწვავე უკმარისობას ქმნის – ეს კი ისედაც მცირე საზოგადოებრივი სივრცეების უფრო მეტად შევიწროებას და გაუარესებას უწყობს ხელს. შედეგად გვაქვს ქალაქი, რომლის საზოგადოებრივი სივრცე ადამიანის ნაცვლად ოკუპირებული აქვს ავტომობილს.

მოკლედ რომ ვთქვა, ამ და კიდევ სხვა მრავალ საკითხებზე ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ეს შესაძლებელია. ამის კარგი, ყველასათვის ცნობილი მაგალითები სხვა ქვეყნებში არსებობს.



როგორ გესმით სახლის, საცხოვრისის იდეა, როგორც არქიტექტორს?

არქიტექტორის უზენაესი მიზანია არა მარტო სახლის, როგორც საცხოვრისის, არამედ ნებისმიერი ფუნქციის მატარებელი ობიექტის დაპროექტება  მნიშვნელოვანი პარამეტრების; უპირველესად მდგრადობის, ფუნქციონალურობის, ეკოლოგიურობის, ერგონომიულობის და ესთეტიკურობის მაქსიმალურად ოპტიმალური ხერხებით მიღწევა.



გვესაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე?

რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების, მცირეც და მასშტაბურიც. ვცდილობთ განსხვავებული დანიშნულების პროექტებში ჩავერთოთ და საინტერესო გადაწყვეტები შევიმუშაოთ იქ, სადაც მსგავსი მიდგომები მოულოდნელიც შეიძლება იყოს. ეს მიმდინარე, მრავალმხრივი გამოცდილება გვაძლევს  საშუალებას მომავალ, ახალ გამოწვევებს თავდაჯერებულად შევხვდეთ.

იხილეთ მეტი გიორგი ხმალაძეზე: giorgikhmaladze.com