იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ და მისმა გუნდმა - AMDL CIRCLE-მა გამომცემლობა Salani-სთან თანამშრომლობით ჰარი პოტერის ახალი, 2021 წლის იტალიური გამოცემის გარეკანის დიზაინზე იმუშავეს, რომლის შთაგონება მათ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განხორციელებულ პროექტებიდან, მათ შორის Earth Stations-ის პროექტიდანაც მიიღეს. საინტერესოა, რომ ყველა ეს შენობა, შემოქმედებითი გუნდის თვალთახედვით, ჰარი პოტერში ნახსენებ სხვადასხვა ადგილთან სიმბოლურად არის დაკავშირებული.
ჯოან როულინგის მიერ შექმნილი ამ ჯადოსნური სამყაროს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ადგილები მიკელე დე ლუკის გუნდმა თავის პერსონალურ შემოქმედებით გამოცდილებას დაუკავშირა, ჰარი პოტერის წარმოსახვითი სამყარო კი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ თანამედროვე არქიტექტურულ ფორმებში გადმოთარგმნა და რეალურისა და წარმოსახვითის ამ იდეალური ნაზავით, მკითხველისთვის სრულიად ახალი სამყარო შექმნა, ისეთი როგორიც "ჰარი პოტერის" გარეკანზე აქამდე არავის უნახავს.
საინტერესოა, რომ "ჰარი პოტერის" სერიის ორი ტომის გარეკანზე მიკელე დე ლუკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები - თბილისის "მშვიდობის ხიდი" და ბათუმში მდებარე სასტუმრო "რადისონიც" მოხვდა. "მშვიდობის ხიდის" პროექტი AMDL CIRCLE-ის გუნდმა სიმბოლურად მეშვიდე ტომს - "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრებს" დაუკავშირა, სადაც მოთხრობილი სიუჟეტის მიხედვით ჰოგვორტსის ბრძოლის დროს ხის ხიდი მთლიანად ნადგურდება. სასტუმრო "რადისონი" კი მესამე ტომის - "ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეს" გარეკანზე მოხვდა. ზოგადად, წიგნში აზკაბანის ციხე აღწერილი არ არის, მის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ჩრდილოეთის ზღვასთან, ყინულოვან კუნძულზე მდებარეობს. სწორედ ამ შინაარსისს გამო AMDL CIRCLE-მა წიგნი იმ მითოლოგიურ კონსტრუქციას დაუკავშირა, რომელსაც თავისი ვიზუალითა და კონცეფციით ბათუმში მდებარე "რადისონისფ" შენობა მოგვაგონებს.
რაც შეეხება დანარჩენ ტომებს, ჰარი პოტერის სერიის პირველ წიგნში - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" AMDL CIRCLE-მა ჰოგვორტსის სკოლის ვიზუალურად გამოსახატად თავისი სააბატოების კონცეპტუალური პროექტი აიღო. ეს არის ძლიერი კონსტრუქციები, რომლებიც მიწასთან მყარადაა დაკავშირებული, თუმცა აღმართულია ცისკენ და მეტაფორულად მომავალთან კავშირს გულისხმობს. ამ ნამუშევრების რეალური შთაგონება არქიტექტორს ტოსკანისა და ცენტრალური იტალიის გოთიკური მონასტრებისგან გაუჩნდა.
"ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის" გარეკანზე ცნობილი "ბუნაგის" იდეა HayStacks სერიის შთაგონებით შეიქმნა. ბუნაგი, რომელიც ჰარი პოტერში სახლისა და ოჯახის იდეას გამოხატავს, ძალიან ახლოს არის მიკელე დე ლუკის ამ არქიტექტურულ პროექტებთან, რომლებშიც ასევე დაცვის, ზრუნვის და ორგანიზების კონცეფცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
"ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის" გარეკანზე კი, რა თქმა უნდა, ქვიდიჩის სათამაშო მოედანი მოხვდა, რომელიც გარეკანის დიზაინის ავტორებმა ერთგვარ მოძრავ მოედნად წარმოიდგინეს და ის მათ მიერ შექმნილ ინსტალაცია - Expo Icon-თან დააკავშირეს.
"ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენისთვის" მიკელე დე ლუკის მიერ განხორციელებული პროექტებიდან Hystack სერია შეარჩიეს, სწორედ ეს ნამუშევარი შეესაბამება ყველაზე უკეთ პროფესორ რუბეუს ჰაგრიდის ქოხს, რომელსაც გარშემო ულამაზესი ბუნება აკრავს.
"ჰარი პოტერი და ნახევარპრინცის" გარეკანზე გამოსახული ჰოგვორტსის ასტრონომიის კოშკის შთაგონება კი რეალურად მილანის ტრიენალესთვის მიკელე დე ლუკის მიერ 2016 წელს შექმნილი საჰაერო კოშკი გახდა.
მიკელე დე ლუკის მიერ შექმნილი თითოეული ამ ნამუშევრის გამოფენა ცოტა ხნის წინ AMDL CIRCLE-ის სტუდიაშიც შედგა, სადაც წიგნებთან ერთად მათ გარეკნზე გამოსახული ყოველი ნამუშევარი არქიტექტორმა ხის მასალაში, ობიექტების სახითაც წარმოადგინა.
ილუტრატორი: Andreas Rocha ფონტის დიზაინი : Dinamo
ფოტო: AMDL CIRCLE
დაწერე კომენტარი