პირველად როდის დაინტერესდი ფოტოგრაფიით?
ეს გრძელვადიანი ინტუიციური პროცესი არაკონკრეტულ დროში მოხდა, თუმცა რეზონანსულად. ამავე დროს ეს მოხდა იდენტობის გააზრებისას, მის მრავალგვარი და პარალელური გადაკვეთის წერტილების აღქმისას. მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც გარემოსთან მიმართებაში ბევრი კითხვა და ასევე გაურკვეველი სიცარიელის შეგრძნების შევსების მოთხოვნილებაც გამიჩნდა. ამ ყველაფერმა საბოლოოდ ჩემ გარშემო ძალიან სწრაფად ცვლადი გარემოს დოკუმენტალიზაციის ფორმა მიიღო. ეს პროცესი საკუთარი კონტექსტიდან შორს მაგდებს და დასვენების საშუალებას მაძლევს.
შენს ფოტოებში ხშირად ვხვდებით სტრუქტურებს, ზედაპირებსა და მასალებს, უბრალო ობიექტებს, რა არის მათში ყველაზე მიმზიდველი?
გარემოზე ჩემს ვიზუალურ რეაქციებში, რაც საბოლოოდ ფოტოს სახით არის წარმოდგენილი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მათ ზოგად ანონიმურობას, ბალანსს და სიმშვიდის შეგრძნებას. ასევე უფრო კონკრეტულად საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, თუ რა სახის ინტერსექციული ემოციების და კითხვების გამოწვევა შეუძლია ასეთ კადრებს ადამიანებში.
რა როლი ენიჭება შენს ფოტოებში არქიტექტურას?
არქიტექტურა და არქიტექტურული აზროვნება პრეცისიონიზმისა და ბრუტალიზმის ძლიერი გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. რადიკალურად განსხვავებულ სხვადასხვა მეტროპოლიურ სივრცეებში საერთო გეომეტრიული ჰარმონია ჩემთვის საწყისი და გამაერთიანებელი წერტილია. ხოლო ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა კადრი სივრცეში სხვადასხვა შეგრძნებებით აღიქმებოდეს.
გარდა ფოტოებისა, მუშაობ გრაფიკულ დიზანსა და ილუსტრაციაზე რა არის ამ მიმართულებებში შენთვის ყველაზე საინტერესო?
ყველაზე მნიშვნელოვანი ის უსაზღვრო და კომპლექსური უტოპიაა, რომლის შექმნის საშუალებასაც გრაფიკულობა იძლევა.
შენს ფოტოებში ხშირად შემოდის გრაფიკული ელემენტები, რა პრინციპით ჩნდებიან ისინი ნამუშევრებში?
ყველა კადრში თუ სერიაში გრაფიკული ელემენტების/პრინციპების არსებობა ინდივიდუალურია, გამომდინარეობს არსებული კადრის ზოგადი იერსახიდან და კადრის ემოციის გადმოცემის უნარზეა დამოკიდებული. ფოტოს შექმნის პროცესი რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. საბოლოოდ ფოტომასალასთან მიდგომა და მისი გააზრება ხდება როგორც ტიპური გრაფიკული მასალის და ამ სიმბიოზს საბოლოო შედეგამდე მივყავართ.
გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე.
ძალიან დიდი სიამოვნებით, მაგრამ სამწუხაროდ საინტერესო აღარ იქნება.
იხილეთ მეტი გიგა კობიძეზე :
https://www.instagram.com/gigakobidze/
დაწერე კომენტარი