83 წლის ენტონი ჰოპკინსმა კიდევ ერთი შესანიშნავი როლით, ფილმში ‘’მამა’’, ოსკარების 93-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო დაიმსახურა და კრისტოფერ პლამელს, რომელმაც ჯილდო 82 წლის ასაკში აიღო, ტიტული ჩამოართვა, რითაც კინემატოგრაფიის ისტორიაში თავად დაიკავა უხუცესი ოსკარის მფლობელის ტიტული.



2021 წლის ოსკარების 6 ნომინაციის, მათ შორის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, და 2 ჯილდოს მფლობელი ფილმი “მამა’’  41 წლის ფრანგი ნოველისტისა და რეჟისორის, ფლორიან ზელერის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც მისივე ნოველას - “Le Père’’ ეფუძნება.




სიუჟეტი მოგვითხრობს ისტორიას ალცჰაიმერით დაავადებულ  მოხუც მამაზე და ამ დაავადებისგან შექმნილ კომპლექსურ ურთიერთობაზე მის ქალიშვილთან, რომლის როლსაც შესანიშნავი ოლივია კოლმანი ასრულებს, რომელიც ასევე იყო ნომინირებული ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაზე. ალცჰაიმერის დაავადება მეხსიერების დაქვეითებას, დროის პერიოდების ხშირ არევას, სხვადასხვა რეალობაში  მოგზაურობას და მწვავე სტადიებზე ყველაზე ახლობელი ადამიანების დავიწყებასაც კი იწვევს. ამ ვერაგი დაავადების მქონე ადამიანების და მათთან თანაცხოვრების სირთულეს ფრანგი ნოველისტი საკმაოდ რეალურად აღწერს. მამა - ენტონი, რომელსაც ფილმშიც ეს სახელი ჰქვია, ძალიან ხშირად ვერ ცნობს საკუთარ ქალიშვილს და მას სხვადასხვა ადამიანების სახით ხედავს. ოლივია ასრულებს ძალიან ძლიერი ქალის როლს, რომელსაც დედა და და გარდაცვლილი ჰყავს და, მამის მიმართ უდიდესი სიყვარულით სავსე, სრულიად მარტოა ამ ბრძოლაში ჩართული. ფილმში ნათლადაა ასახული  ენტონის ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც  უმცროსი ქალიშვილის ავტოავარიაში დაღუპვით არის გამოწვეული და ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის პერსონაჟის ბრძოლას ამ დაავადების წინააღმდეგ. ენტონი შესანიშნავად გადმოსცემს ამ ურთულეს პროცესებს - ის ხან ბუზღუნა მოხუცია, ხან ახალგაზრდა მოცეკვავე, ხან პატარა ბავშვი, რომელსაც დედასთან უნდა და ხანაც სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი, რომელსაც არავის დახმარება არ სჭირდება...  და ეს როლები ფილმში ძალიან ხშირად იცვლება. საყურადღებოა ასევე ოლივიას პერსონაჟი. ქალიშვილი, რომელიც დაუღალავი ბრძოლის შემდეგ, ნელ-ნელა იღებს ამ რეალობას და ხვდება, რომ პრობლემა ვერასოდეს გამოსწორდება, მამას ვერ დაიხსნის ამ ტანჯვისგან, რადგან ეს მის ძალებს აღემატება.



ზელერი მაყურებელს ამ ურთულეს სიუჟეტში უიმედოდ ითრევს და რაც დრო გადის, მაყურებელიც უფრო და უფრო მეტად უიმედო ხდება. რეჟისორი გვაძლევს ყველანაირ მინიშნებას, რომ არაფერი კარგი წინ არ გველოდება და რომ ბოლოს საღ აზრზე მოსულ მამას ქალიშვილთან ჩახუტებულს ვერ ვნახავთ. ეს არის ურთულესი ცხოვრებისეული გამოცდილება როგორც დაავადებულის, ასევე მისი ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც არანაკლებ სირთულეებს გადიან ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში ან უბრალოდ მასთან ერთად თანაცხოვრებაში, რადგან ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს და რაც უფრო ადრე გაიაზრებს ამას ყველა ადამიანი, მით უფრო შეუმსუბუქდება ეს პროცესი. ამას ენტონის ქალიშვილი საკმაოდ გვიან აკეთებს და მამა კლინიკაში წლების განმავლობაში არ მიჰყავს, მას სწირავს საკუთარ პირად ცხოვრებას და თავს უძღვნის მამას, თუმცა ფილმის ბოლოს ატირებულ ენტონის ვხედავთ მედდასთან ერთად ჩახუტებულს და არა მის ქალიშვილთან, რითაც რეჟისორი მიგვანიშნებს, რომ საბოლოოდ, ანა დანებდა, საკუთარ ცხოვრებას მიჰყვა და მამა ჩააბარა იმ ადამიანებს, რომლებიც მას მოუვლიან, სანამ ეს შესაძლებელი იქნება, თუმცა ის არანაირად არ წარმოგვიდგება როგორც ცუდი ქალიშვილი, რომელმაც მამა მიატოვა, პირიქით, რეჟისორი გვიდასტურებს ფაქტს, რომ ის ენტონიზე მუდმივად ზრუნავს და მას მარტო არ ტოვებს, ხშირად ნახულობს, მაგრამ ის რაციონალურად საკუთარ ცხოვრებას აგრძელებს.



თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზელერის დებიუტი კინემატოგრაფიაში შედგა. მან შეძლო და ჩვენი პენსიაზე გასული ჰანიბალ ლექტერი ეკრანებს ასე ხმაურიანად დაუბრუნა, ამ შედევრით კი ენტონის საკულტო “კრავთა დუმილის’’ შემდეგ კიდევ ერთი ჯილდო მოაპოვებინა საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში.

 

ფოტო:
1. Latimes.com
2. Theguardian.com