წარმოშობით მაროკოელი, ებრაელი დიზაინერი ალბერ ელბაზი 59 წლის ასაკში Covid-19-ით გარდაიცვალა. ელბაზმა მოდის სამყაროს თავისი ტოლერანტული, მოსიყვარულე ბუნებით, ქალებზე მორგებული ფერადი ტანსაცმლითა და მორცხვი, თუმცა მაინც ხმაურიანი ტემპერამენტით დაამახსოვრა თავი. ემოცია, როგორც მისი შემოქმედების განმსაზღვრელი ელემენტი, მის მიერ შექმნილ თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა.
ალბერ ელბაზის „მანიფესტი“, მისი ფილოსოფია მოდის შესახებ, არამხოლოდ საინტერესო და იშვიათი, არამედ ალტრუისტული და მშვენიერია. 2007 წელს The Guardian-ის ინტერვიუში ნათქვამი ფრაზა, შეიძლება, მის დამოკიდებულებას საუკეთესოდაც ასახავდეს: „...დიზაინერი რომ არ ვიყო, ექიმი ვიქნებოდი. ეს არის ჩემი ფანტაზია, ჩემი ოცნება. თუ თავი გტკივა, ექიმი წამალს მოგცემს, მე კი - კაბას, და ჩვენ ორივენი კარგად გაგხდით“. ელბაზს უყვარდა საინტერესო, უჩვეულო ფერების გამოყენება და მისი სტილი საპირისპირო იყო იმისა, რასაც მინიმალიზმს ეძახიან. ასიმეტრიული საყელოები, ელვა-შესაკრავები, ბუფებიანი მკლავები მის მიერ შექმნილ ტანსაცმელს არამხოლოდ სილამაზეს, არამედ სიცოცხლეს ანიჭებდა; თითოეული მისი ნამუშევარი პერსონაჟია, რომელსაც მოდელს არგებს. ელბაზის მიდგომაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სწორედ ის არის, რომ მისთვის ტანსაცმელი არ არსებობს მოდელის გარეშე - მეტიც, იგი პრაგმატულად უდგებოდა ტანსაცმლის შექმნის პროცესსაც: „ყოველთვის ვცდილობ, რომ შუალედი ვიპოვო ფანტაზიასა და რეალობას შორის, რადგან თუ მისი ჭამა არ შეგიძლია, ის საჭმელი არ არის; თუ მისი ჩაცმა არ შეგიძლია - ის არ არის მოდა“.
ელბაზი ნიუ-იორკში 1980-იანებში გადავიდა, რათა მოდის სფეროში ემუშავა. ამ პერიოდში იგი ჯოფრი ბინის ასისტენტი გახდა, სადაც ელბაზმა რვა წელი დაყო. ამერიკელმა დიზაინერმა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა ასისტენტის ხედვაზე და, როგორც თავად ელბაზი ამბობდა, მისგან ბევრი ისეთი რამ ისწავლა, რაც შემდეგ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში გაჰყვა.
1996 წელს ალბერ ელბაზი Guy Laroche-ს კრეატიული დირექტორი გახდა, თუმცა ეს მისი კარიერის მხოლოდ მცირე პერიოდს მოიცავს - იგი მალევე Yves Saint Laurent-ის კრეატიულ დირექტორად მოგვევლინა. საბოლოოდ, დიზაინერმა თავისი უნიკალური ხედვა Lanvin-თან მუშაობისას გამოამჟღავნა. ლეგენდარული ფრანგული ბრენდის კრეატიული დირექტორი იგი 14 წლის განმავლობაში, 2001 წლიდან 2015 წლამდე იყო. მისი მუშაობის პერიოდი ერთგვარად რევოლუციურიც აღმოჩნდა Lanvin-ისთვის - ელბაზმა ბრენდის რაკურსი კაცების ტანსაცმლიდან ქალების ტანსაცმლისკენ მიმართა. სწორედ ამ პერიოდში მან საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მიდგომა მოდის მიმართ, რომლის ღერძსაც ერთადერთი კითხვა წარმოადგენს: „რა შემიძლია გავაკეთო ქალებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად?“ - მის მიერ შექმნილი სამოსი ამ კითხვაზე პასუხს იძლევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ის არა მხოლოდ ელეგანტური, დახვეწილი და რომანტიკული, არამედ პრაქტიკული და მარტივად ჩასაცმელია.
რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, 2021 წელს, ელბაზი მოდას დაუბრუნდა და საკუთარი ბრენდი, სახელწოდებით AZ Factory დააფუძნა. ელბაზის ბრენდი მოდის ტრადიციულ სტანდარტებს არ ცნობს და ყველა ფორმისა თუ ზომის მოდელს მასპინძლობს. AZ Factory-ს შესახებ იგი ამბობდა: „მე არ მინდა, შევქმნა ისეთი სამოსი, რომელიც ქალებს უფრო მეტ სტრესს მოუტანს. მინდა, რომ ჩემი კაბები ჩახუტებას ჰგავდეს“.
ფოტოები:
1. theguardian.com
2. vogue.com
დაწერე კომენტარი